საქართველოს პრეზიდენტი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 დეკემბერი 2018 15:57

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად, კანტის აკადემიის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის 200-მდე დელეგატს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. 
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებული მდებარეობისა და ისტორიის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ნათელი მაგალითი გახდა იმის, თუ როგორ შეუძლია მცირე ზომის ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ვაჭრობაში, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საქმეში. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ასევე აჩვენა მტკიცე ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების კუთხით და ქვეყნის პოზიციებს ცივილიზებული სამყარო სრულად იზიარებს. 
საერათშორისო კონფერენციის მონაწილეების კითხვები რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, საგარეო პოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობებს, საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმას, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ განვითარებას ეხებოდა. მონაწილეებს პრეზიდენტმა ასევე გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

წაკითხულია 202 ჯერ

Related items

  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

    2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

    გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

    აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

    რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

    ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

    აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

    რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

    სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

    მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

    საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

  • საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

    მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

  • პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთანაკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
    საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინისსამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე და გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს“ უკავშირდება.

    ელჩები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით დაინტერესდნენ და შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

  • ​საქართველოს პრეზიდენტმა იორდანიის სენატის პრეზიდენტს უმასპინძლა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს ფეისალ ალ-ფაიეზის შეხვდა.
    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - იორდანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებას.

    დელეგაციებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, ფეისალალ-ფაიეზის საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში გამგზავრება და აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, აღნიშნული სოფლის მონახულების შემდეგ, პირადად დარწმუნდება, თუ რამდენად რთულია, დედაქალაქთან ახლოს და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის არსებობა.

    საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივებსა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების კონსერვაციის მიმართულებით, იორდანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

    ასევე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ ბოდბის მონასტერი მოინახულა, ტურიზმის ამ მიმართულების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას ესწრებოდნენ: იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ალექსიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

  • საქართველოს პრეზიდენტი იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის გახსნას დაესწრო

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეაში მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის ,,ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” გახსნას დაესწრო.

    სალომე ზურაბიშვილმა გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის.
    პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან.
    ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იმართება ევროპული დონის გამოფენები. ეს არის ის დონე, რომელსაც შეხვდებით პარიზში, რომსა და ევროპის დედაქალაქებში. ასეთი ნაბიჯებით ნელ-ნელა ვარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ ვართ კულტურული ევროპის წევრი, ვეკუთვნით მას და ჩვენი ცივილიზაციითა და ჩვენი წარსულით გვაქვს ის კულტურული დონე, რითაც შეგვიძლია არ ჩამოვრჩეთ ევროპას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
    საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, დე კირიტოს შემოქმედების მიზანია, რეალობასა და ოცნებას შორის გადოს ხიდი. ცხენები მამაკაცურ ძალოვნებაზე მიგვანიშნებენ, რომლებიც მითოლოგიაზე არიან გადაჯაჭვულნი, თოჯინები კი, ადამიანის მარტოხელობას ასახავენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური