საფრანგეთი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 16:26

საფრანგეთი დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ახლადარჩეულს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს  ახლადარჩეულ  პრეზიდენტთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეუძლია იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მტკიცე მხარდაჭერის კუთხით“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
 

წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

    მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

  • საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

    ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

  • გიორგი გახარია საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობს

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. საფრანგეთთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო, ერთი წლის წინ, გიორგი გახარიას შეხვედრა ქალაქ პარიზში, ფრანგ კოლეგასთან - ჟერარ კოლომბთან.

    აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    ასევე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე საკითხების განსახილველად, თვეში ერთხელ, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგება.

    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ორივე მხარის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, ერთობლივი ოპერაციების განხორციელების, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლისა და სამუშაო ვიზიტების მეშვეობით.

    ასევე, მინისტრებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

    გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. კრისტოფ კასტანერმა დადებითად შეაფასა ფრონტექსსა და ევროპოლთან არსებული თანამშრომლობა და საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება.

    მხარეებმა ორი ქვეყნის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამომავლო გეგმები დასახეს.

  • საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავას დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
    სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, სასახლეში ჩატარებულ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა ქართველ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოსათვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი პარტნიორია. იგი აქტიურად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.
    ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.
    ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი" და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.
    საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები: ქეთევან თათოშვილი და კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური