იგეგმება “სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 16:43

2018 წლის 28 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილესთან, ციენ ხუნგშანთან. 
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის 2019 წელს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები, “სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული თემები, ასევე განათლებისა და კულტურის სფეროებში კონტაქტების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობები.
აღინიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა, რაც დიდ სტიმულს აძლევს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

წაკითხულია 61 ჯერ

Related items

  • ჩინეთი ფაროსანას შესაწამლ ტექნიკას საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს

    სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო სააგენტოს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას უსასყიდლოდ გადმოსცემს. საუბარია  შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული  სპეციალისტები გაუწევენ. საქართველოში შემოსვლამდე აღნიშნულ ტექნიკას ჩაუტარდება ინსპექტირება, ხარისხისა და სპეციფიკაციების შემოწმება ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს ექნება გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან არსებულ ტექნიკას დაემატება 20 ბორბლებიანი ტრაქტორი შემასხურებლით და 20 სატვირთო პიკაპი.

    კონტრაქტს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის მრჩეველმა ვან ლიენფომ.

    აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე  შემოვა.

  • ჩინეთის ელჩის ვიზიტი სტუ-ში

    21 ნოემბერს, პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი, რომელიც უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

    შეხვედრაზე ელჩმა საქართველოს-ჩინეთის თანამედროვე ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და შეეხო როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამეცნიერო-კვლევით კოლაბორაციას, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ურთიერთობას პეკინის, შანხაის და გუანჯოუს ეკონომიკური და საინჟინრო-ტექნოლოგიური პროფილის ორგანიზაციებთან.

    როგორც რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ჩინეთის მხარეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც ერთობლივი პროექტების შექმნის მიზნით ხორციელდება. მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ბევრი მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი და საინტერესო.

    „ჩინეთი მსოფლიო ბაზარზე, დღეს, მეცნიერებადტევადი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ეს სწორედ ის მოდელია, რამაც შეიძლება საქართველო ეკონომიკურად გააძლიეროს, იმ შემთხვევაში, თუ  სწორ მიმართულებას ავირჩევთ და გავითვალისწინებთ იმ მოცემულობასაც, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაა მისაღები, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

    ტექნიკური უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს აქტიური მონაწილე იმ უმნიშვნელოვანეს პროექტისა, რომელსაც ჰქვია „ერთი სარტყელი - ერთი გზა“. ეს ახალი ინიციატივაა, რომელიც ჩინეთმა მსოფლიოს შესთავაზა. ტექნიკური უნივერსიტეტის როლი ნამდვილად საინტერესოდ იკვეთება ამ სისტემაში. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს მხრიდან პირველები, ვინც  ჩინეთის საინჟინრო აკადემიასთან თანამშრომლობა დაიწყეს, რითაც ამ დიდი პროექტის ინიცირება მოხდა, ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს საინჟინრო აკადემია იყო. ჩვენ დავადგინეთ ის 7 მთავარი მიმართულება, რომლითაც საქართველო აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში და ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. დღეს უკვე ბევრი დელეგაცია ჩამოდის ჩინეთიდან, ბევრი შეთავაზებაა, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე სამრეწველო კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ დავძლევთ პრობლემებს და ვიქნებით დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა, ისეთი, როგორიც ჩინეთია“, განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

    როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრის საშუალება მიეცა.

    „ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოსთვის ბევრი კარგი სპეციალისტი აღზარდა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში. როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი იმყოფებოდა და საფუძველი ჩაეყარა ამ ორი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობას. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ასე წარმატებით თანამშრომლობთ ჩინურ უნივერსიტეტთან და მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდეს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ თანამშრომლობის კვლევით საქმიანობაში და ეს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტად იქცა“, - განაცხადა ძი იენჩიმ.

    ბატონმა ძი იენჩიმ ჩინეთის განათლების სისტემის შესახებაც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ექნებათ.

    შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების თავისებურებების შესწავლის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე ტექნიკური კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს და ჩინურ მხარესთან ერთად, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს. ამას გარდა, ჰონგ-კონგისა და მაკაოს კვლევით ინსტიტუტებთან ერთად, დაწყებულია თანამშრომლობა კონფლიქტების დარეგულირების გზების ძიების მიზნით.

  • „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში განახლებადი ენერგიების პროექტზე მუშაობას იწყებს

    „საპარტნიორო ფონდმა“ შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაციისა (CSIC)  და ამავე ჯგუფის კომპანია „SMDERI“-ის შვილობილ შანხაის საზღვაო დიზელის ძრავების კვლევით ინსტიტუტსა და  Long Ge Investment Consulting Co.-ს შორის ურთიერთგაგების მემორადუმი გააფორმა.

    ოფიციალურ დოკუმენტს ხელი შანხაიში  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Long Ge Investment Consulting Co-ს პრეზიდენტმა ჩუნლონგ ჩაიმ და  კომპანია „SMDERI“-ის ვიცე-პრეზიდენტმა გან ჩენმა მოაწერეს.

    ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს საქართველოში, კერძოდ, საბუეთის მთებში ქარის ელექტროსადგურების პროექტის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახლებადი ენერგიებისა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიმართულებით სხვადასხვა წინადადებას განიხილავენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ მსჯელობენ.

    „მემორანდუმის მიზანია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეფექტური ტექნოლოგიები და თანამედრვე ენერგეტიკის განვითარების ტენდენციები. საქართველოსთვის ეს არის ახალი გამოწვევა და  ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივა. განახლებადი ენერგიების მაქსიმალურად გამოყენება საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

    ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაცია (CSIC) არის ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წამყვანი კომპანია, რომელიც უმსხვილეს გემთმშენებელსა და გემების სარემონტო ბიზნესს წარმოადგენს. ჯგუფში შემავალი კომპანია „SMDERI“-ის სტრატეგიული მიმართულებებია, ასევე, ენერგოსისტემის ინტეგრაცია, ენერგოდაზოგვის, გარემოს დაცვის მოწყობილობები და ენერგეტიკული მომსახურება. მის მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 30 ქვეყნის ბაზარზე რეალიზდება და კომპანია განსაკუთრებულად დაინტერესებულია საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით.

    „საპარტნიორო ფონდის" დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საწარმოო პროცესი ადგილზე დაათვალიერა.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იენჩისთან (Ji Yanchi).
    შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ა.წ. 3-5 დეკემბერს ქ. პეკინში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდის მნიშვნელობას.  საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივებს. 
    აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ა.წ. 4-6 ნოემბრის ქ. შანხაიში ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც მან გამართა ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo). ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შემდეგომ განვითარებას.  
    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი (one-China Principle).
    ძი იენჩიმ ალექსანდრე ხვთისიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

  • მამუკა ბახტაძე - ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი

    ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

    როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

    „სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ექსპორტი და შემცირდეს არსებული მძიმე სავაჭრო დეფიციტი.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური