28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 09:53

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. ცესკოს მედია ცენტრში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

და ბოლოს, შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ დღეს არის უქმე, არასამუშაო დღე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას, რაც ამომრჩევლებს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება.

წაკითხულია 473 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს

    დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

    თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული. 

    მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

    ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება. 

    მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს.

    რაც შეეხება მეორე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ.

  • საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლენიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • საქართველოს პრეზიდენტი - სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც პრეზიდენტის განცხადებით, სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს.

    ,,სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ეს პროცესი არ არის ადამიანების ერთმანეთთან შერიგების პროცესი, რაც მორალური კატეგორიაა.

    ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან საუბრის დაწყებას იმ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია, რის გამოც ვართ დაპირისპირებულნი და გადამტერებულნი. ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავჯდეთ ერთად და განვიხილოთ ის მთავარი საკითხები, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისა და  მისი მომავლისათვის,  ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და მართლმსაჯულების თემები.

    და იმისთვის, რომ ეს ძალა ვიპოვოთ საჭიროა ჩვენ შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება. დღეს ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია, ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი. 

    ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები. იყო მცდელობა თუნდაც ევროკავშირის ხელით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ასეთი საწყისი შეთანხმება შემდგარიყო.  მე მგონი, შეიძლებოდა რომ ეს აღსრულებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ ვაპირებ ამის ჩემი ძალებით გამეორებას და ხელახლა დაწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამის ძალა და რესურსი არ გამაჩნია. 

    წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ჩვენ ყველამ,  ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დაჯდომა. ეს იმას ნიშნავს რომ -  ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს.

    ცხადია კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი  მაქვს ამას გავაგრძელებთ.  ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • საქართველოს პრეზიდენტი - ეროვნული თანხმობის პროცესი იწყება მოსმენით, აზრთა გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა და მათ ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საკუთართი ინიციატივა გააცნო. 

    მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით და ძალიან მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით. 

    ბევრი კითხვა გაისმა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე.  ასეთი ტიპის მიღება პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივია ნებისმიერ, სხვა ქვეყანაში. ამ დღეებში მე ასევე მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რადგან რეგულეციებიდან გამომდინარე, არ გვეძლევა ყველას ერთად მოწვევის საშუალება. ამიტომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგანაც მინდა, რომ მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამას აქვს  თავისი მიზანი - ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ განწყობის ხალხი  ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ცოტათი მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. 

    ეს არის თუნდაც ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა არის პოზიტივი და მე მგონი, პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძლიან მძიმედ განიცდის უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც რეალურად  ჩაძირა და გააჩერა ჩვენი ქვეყანა. პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. 

    ამდენად, ამ პროცესის დაწყება, მე მგონი, რომ არის დროული და გეტყვით რატომ. 

    ერთი მხრივ, იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ზრდასრული სახელმწიფო ვართ და დადგა დრო, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე.

    ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, გამონაკლისი პერიოდების გარდა, სადაც სულ იყო დაპირისპირება, არსებობდა ორი ან მეტი ბანაკი. ეს არის ის რაც გავიარეთ და რაც ალბათ, არავის სურს, რომ განმეორდეს ქვეყანაში. წარსულის ეს ფურცლები, რომლებიც დღემდე არ გაგვიაზრებია, ლოდებად გვაწვება დღეს. საზოგადოება უკვე გადაღლილია. ყველასთვის გაუსაძლის ამ მდგომარეობას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები და, პრაქტიკულად, ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა საით უნდა წავიდეთ, რომ დავმშვიდდეთ და მივხედოთ მთავარ საკითხებს. ეს საკითხებია: განვითარება, სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, ეკლესიაც კი დაყოფილია. იმასაც ვამჩნევთ, რომ გვავიწყდება გარე სამყარო. გარეთ, ჩვენს ირგვლივ, ძალიან ახლოს  რა ხდება, რა საფრთხეები და შესაძლებლობებია, რაღაცნაირად გვავიწყდება.

    დროა ახალგაზრდებისათვის. ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. 

    ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა - მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. 

    დროა ქვეყნისთვის, თუ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენს წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, თუ ჩვენი ფუნქციის მოპოვება ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე – არა, მე ვიცი და შენ არ იცი; არა, შენ ისა ხარ და არა, შენ ესა ხარ, მგონი, ვერსად წავალთ.

    დროა ჩემთვის. 3 წელი გავიდა. ამ პერიოდში, მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე ამ საკითხების ექსპერტებს და მათ ერთი საერთო დასკვნა აქვთ, რომ სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება არა თუ არ ღირს, ყოველთვის ღირს, მაგრამ განკუთვნილია წარუმატებლობისკენ იმიტომ, რომ საჭიროა მიხვიდე ბოლომდე, დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრულიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება პოლიტიკური წრეებისგან და საზოგადოებისგან რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. 

    ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ იმ სამ წელში, რაც დამრჩა ეს პროცესი დავიწყო, ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც  და როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ, დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. 

    დღეს აქ ყველა არ იმყოფება. ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის იმიტომ, რომ არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს;  ეს ჩვეულებრივი ფორმაა. ეს არც შეურაცხყოფა და არც უხერხულობაა. იქნება ბევრი სხვა საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია. 

    მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ როგორ ვხედავ ამ პროცესს - ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მე არ მაქვს რაღაც ჩამოყალიბებული, წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და რომლის პირველი ეტაპიც მოსმენა იქნება. 

    გასაგებია ჩემთვის, რომ კომენტარები მრავალფეროვანი იქნება, იქნება სკეპტიციზმი,  კრიტიკა, უნდობლობა, ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი ყოფის ბუნებრივი ნაწილია, ამიტომ ეს რეაქციები მოსალოდნელიც იყო და ამტკიცებს, იმას რომ მართლაც დროა. ეს აქტუალურია ყველასთვის, შესაძლოა, სხვადასხვა ფორმითა და  სხვადასხვანაირად (ვინ როგორ ხედავს აქედან გამოსვლის ფორმებსა და გზას) მაგრამ უკვე მოცემულობაა საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ წრეებშიც.

    ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს: პირველია ინკლუზიურობა. დღეს ყველაფერი პოლარიზებულია, ყველა სფერო, ყველა დარგი და ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს, რომელიც დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ პროცესის რომელიმე მომენტში არ იქნება ჩართული, შეძლოს გაეცნოს შედეგებს და გაიგოს კონსულტაციების შინაარსი. ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობები და ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას  წარმოშობს და შევა ჩიხში. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა - ეს ცუდად იყო გაგებული. გასაგებია, რომ შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. ის იწყება მოსმენით, აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, (მით უფრო, თუ წარსულსა და აწმყოს ეხება), სამართლიანობით და მერე შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც, მირჩევნია დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი.

    იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, აუცილებელია შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს ამ საუბრების შემდეგი ეტაპი, უცხოელებთან ერთად, თუ ქართული პროცესი. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა გარედან და მონდომება, მათ არ აქვთ ამ პროცესის შიგნიდან გაგება, რათა მართონ მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი, ვინც ასეთ შედეგებს ელის  - არარეალისტუტრია. ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი.

    ცხადია, არსებობს ბევრი მაგალითები, მოდელები, რომლებიც გამოყენეს სხვადასხვა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანებში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპზე, შემდეგ სულ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაიმე ფორმით გამოხატული, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩავთვლით, რომ პირველი, გარკვევის ეტაპი დასრულდა, რა ფორმატზე გადავალთ - ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, ეს იქნება კომისიის შექმნა, რომელიც უფრო დეტალურ განხილვას შეუდგება, ეს იქნება საზოგადოებრივი ქარტია, თუ სახალხო კრება, ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება თუნდან ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე. არავის არ აქვს ამაზე პასუხი. 

    მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პასუხი მქონდეს დღეს და  ის ვინმეს თავს მოვახვიო. მთავარია რას მოგვიტანს ეს პროცესი, თუკი დავიწყეთ, თუკი წავიყვანეთ წარმატებულად რაღაც ეტაპამდე, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები, შევაფასოთ ის, დავხუროთ  წარსულის ფურცლები, რომელიც დღეს ძალიან მძიმედ გვაწვება და მომავალი დავინახოთ უფრო ნათლად. 

    ეს მოგვიტანს შინაგან დამშვიდებას, არ ვიცი ჩვენ გვაქვს თუ არა მთლიანად დავმშვიდების უნარი, შეიძლება არც იყოს საჭირო, მაგრამ გარკვეულწილად ის ნაწილი, რაც აუცილებელია საქმისთვის - დემოკრატიის გამყარება. ეს ის ერთ-ერთი პირველი შედეგია, რომლითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგება დემოკრატია, თუ ჩვენ შევძელით ასეთი პროცესის წარმართვა, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვეყანას არ შეუძლია. 

    რეალურად ის, რასაც ჩვენ განვიცდით ეს ის სენია, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. პრაქტიკულად ძალიან ძველ დემოკრატიულ ქვეყნებს. ჩვენ ვნახეთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში რა დოზითა და დონით შეიძლება უცებ გაჩნდეს და გაღვივდეს დაპირისპირება და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. 

    ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით გავხდეთ ერთგვარი მაგალით იმისა, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო ამ პროცესის დაწყება, რაზეც უამრავი დიდი ქვეყანა ფიქრსაც კი ვერ ბედავს. ცხადია ეს ყველაზე ნამდვილი გზაა  - ეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის რეალიზების, მსოფლიოში და რეგიონში ახალი როლის დამკვიდრების და ოკუპაციის, რომელზეც პრაქტიკულად აღარ ვსაუბრობთ. დროდადრო ვამბობთ, რომ მიუღებელია რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად გეგმა იმისა, თუ როგორ დავძლიოთ ეს, არ არსებობს და ვერც იქნება, რადგან ქვეყანა, რომელიც არ არის შინაგანად გაერთიანებული, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაერთიანებაზე. ეს არის ანა-ბანა და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, რომ უპირველესი უნდა იყოს  ძლიერი, გაერთიანებული ქვეყნის მაგალითი, ქვეყნისა, რომელმაც იცის საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა. იმისთვის, რომ ეს ერთიანობა და პერსპექტივა დავანახოთ ჩვენს აფხაზებსა და ოსებს და ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც წაიყვანს წინ და მისცემს პერსპექტივას. და კიდევ ერთხელ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ ის მინიმალური კონსესუსი შეიქმნას, რათა ერთად გავიაზროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გზა. ეს ერთის ხელში არ არის, ეს ერთობლივ ხედვაშია. რთულია, ძალიან რთულია, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები. 

    ერთმანეთთან ყველაფერში თანხმობა ვერასოდეს გვექნება -  ეს არარსებული ქვეყანაა, სადაც ყველას ერთი აზრი აქვს, მაგრამ რაღაცაზე უნდა შევძლოთ შეთნხმება, ყოველ შემთხვევაში, ერთად საუბარი, იმისთვის, რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ და შეიძლება ისიც ან  მივიღოთ, ან არა.

    ეს ეროვნული საუბარი, რომელიც ჩემი ამ ინიციატივის საწყისია, ასევე უნდა იყოს ამ პროცესის დასასარულიც.  ჩვენ ეს ეროვნული საუბრები შევძლოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც და ამით ეს ქვეყანა იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას (ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული) გვინდა.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • პრეზიდენტმა ქართული რაგბის განვითარებისათვის კლოდ სორელი და ძმები იაშვილები დააჯილდოვა (ვიდეო)

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1997-2003 წლებში, კლოდ სორელი ოქროს საწმისის როდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდო კლოდ სორელს საქართველოს პრეზიდენტმა თავად  გადასცა ბორდოში, საქართველოსა  და საფრანგეთს ნაკრებებს შორის გამართული რაგბის მატჩის შემდეგ. 

    ჯილდო კლოდ სორელს გადაეცა მსოფლიოში ქართული რაგბის პოპულარიზაციის, საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუტრებული პირადი წვლილისა და მისი მხარდაჭერის, ასევე წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობისათვის.

    იმავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, წარმატებული სპორტული საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის რაგბისტი ძმები, გრეგუარ და დიმიტრი იაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

    ,,არაფერი ისე არ აერთიანებს საქართველოსა და საფრანგეთს, როგორც რაგბი. რაგბის ისტორიული ფესვები შესაძლოა, საქართველოში იყოს - ,,ლელო“, რომელიც გარკვეულწილად ქართულ იდეტობას ქმნის, ბუნებრიობა, სპონტანურობა და სხვა ყველაფერი, თუმცა ქართული რაგბი ვერ გახდებოდა ის, რაც დღეს არის, რომ არა კლოდ სორელი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სიმბოლური დღე, რათა თქვენთვის მომემართა და გადმომეცა ქართული ჯილდო, რომელიც ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაა გათვალისწინებული. 

    გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, რომელიც ოქროს საწმისის ორდენია, ოქროს საწმისი, რომელსაც ევროპელები კოლხეთში, ძველ საქართველოში ეძებდნენ. გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართველს ვანიჭებ მას, რადგან, სპორტი საზღვრებგარეშეა. თქვენ საქართველოს მოუტანეთ რაგბის ტექნიკა, დისციპლინა და ამ სპორტის ხელოვნების ჭეშმარიტი პრაქტიკა. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ქართულმა რაგბმა გადალახა საზღვრები და დღეს შეუძლია ითამაშოს და დამარცხდეს საფრანგეთთან. ძვირფასო კლოდ სორელ, ეს ჯილდო საქართველოს მიერ თქვენ მიმართ გამოხატული დაფაასებაა, იმისათვის რაც თქვენ და საფრანგეთმა ქართული რაგბისთვის გააკეთეთ.

    დღეს ასევე, ჯილდოს გადმოგცემთ ძმებ იაშვილებს. ეს ჯილდო  თქვენთან ერთად ეკუთვნის მამათქვენსაც, რადგან ის ფრანგულ რაგბში იაშვილების დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო და ასევე ეკუთვნის ბაბუათქვენს, რომელიც საფრანგეთში ფრანგული წინააღმდეგობის ჯგუფის წევრი იყო, რაც საამაყოა როგორც საფრანგეთის, ასევე, საქართველოსთვის. თქვენი ოჯახი და თითოეული თქვენგანი მაგალითია იმისა, თუ რისი მომტანია ინტეგრაცია და უცხოელის წარმატება საფრანგეთში. მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია დავუბრუნოთ საფრანგეთს ყველა ის სიკეთე, რაც ქართველ ემიგრანტებს ამ ქვეყანამ მისცა. ეს ასევე, წარმომავლობის არდავიწყებისა და წინაპრების სამშობლოსადმი ერთულების შენარჩუნების მოდელია. 

    მე მსურს, რომ ჯილდო, რომელსაც გადმოგცემთ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის, ჩვენი წარმატების და ერთმანეთისათვის საუკეთესოს გაზიარების ნიშანი იყოს. ამისათვის, საქართველის სახელით მადლობას გიხდით!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური