საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური ავღანეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018 09:58

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტურში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა. პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგების დათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.

საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა,  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

წაკითხულია 716 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: „არჩევნების გაყალბების მონაწილე გოგაშვილი ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "ბატონმა გოგაშვილმა  „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში ამხილა და როგორც ჩანს, შესაბამისი მტკიცებულებები გადასცა ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოებას. აგრეთვე, ის თავის ფეისბუქ-სტატუსში წერს, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მართავს თათბირებს შპს „ოცნების“ წევრებთან ონლაინ, დისტანციურად.   

    დასკვნა: სრულად ჩამოიშალა ოცნების ლეგიტიმაცია. არჩევნების გაყალბების მონაწილე ამხელს ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში და ოლიგარქიულ მმართველობაში.

    მალე დამთავრდება უკანონობა საქართველოში“, აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.   

  • ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოს

    ევროკავშირი არ ცნობს იმ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

    ჰარცელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

    „ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ კვლავ სრულად არის მობილიზებული“, — აღნიშნა ჰარცელმა.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება 2022 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას.
    ხსენებული ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს  და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ ე.წ. არჩევნებს, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.
    ზემოხსენებულ ფაქტს ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.
    შემაშფოთებელია, რომ მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და  უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

  • პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მედია გაშუქებაზე აისახება

    ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგებს აქვეყნებენ

    თბილისი. 14 დეკემბერი 2021 – ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 5 ივლისიდან 14 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში შესულია არჩევნების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები და თვისებრივი ანალიზი 54 მედია-საშუალების მიხედვით (27 ეროვნული და 27 რეგიონული). მედიამონიტორინგი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს საქართველომ და CRRC-საქართველომ.
    მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართული მედია საკმაოდ ეფექტიანად აშუქებდა საარჩევნო მოვლენებს. მედია-საშუალებები დროულად აქვეყნებდნენ მიმდინარე ინფორმაციას და მრავალფეროვან კომენტარებსა და მოსაზრებებს სთავაზობდნენ ამომრჩევლებს.
    ცვალებადი წინასაარჩევნო გარემო და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების გაშუქებაზე საგრძნობლად აისახა. მედიის დღის წესრიგს განსაზღვრავდა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენათა მთელი რიგი, მათ შორის ივლისში განვითარებული ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ხოლო შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და ამის გარეშემო განვითარებული მოვლენები.
    სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები ამ ფაქტებს სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და შეფასებას აძლევდნენ.
    მედია-ბანაკებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო სამაუწყებლო მედიის შემთხვევაში (ტელევიზია და რადიო). მედია-საშუალებათა უმრავლესობა მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
    საარჩევნო ტელედებატები ორი ტელევიზიის ეთერში გაიმართა, რაც საქართველოს პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს პირობებში, საკმაოდ დიდი მიღწევაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დებატების მსვლელობისას, ჟურნალისტები კრიტიკული კითხვების დასმას ერიდებოდნენ, ხოლო ზოგიერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.
    წინასაარჩევნო პერიოდში, მედია-საშუალებები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, თუმცა არჩევნების დღისა და მეორე ტურების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა გაიზარდა და ეთიკის სტანდარტების დარღვევაც გახშირდა.
    გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეინიშნებოდა, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.
    სხვა არჩევნებთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა მედიის ყველა სექტორში.
    პოლიტიკური მიკერძოება ნაკლებად შეიმჩნეოდა ონლაინ მედიის სექტორში. როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მედია-საშუალებები ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ და არჩევნები ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით გაეშუქებინათ. ამასთან ერთად, ონლაინ მედიაში გაშუქების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობაც შეიმჩნეოდა.
    „პლურალისტური მედია-გარემოს არსებობის მიუხედავად, საქართველოში არჩევნების გაშუქება მძაფრი პოლარიზებით ხასიათდება. სანდო და დაბალანსებულ ინფორმაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
    „ქართული მედია მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი გარემოა. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას და დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ შეიმჩნევა მედიის რამდენიმე სექტორში“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
    ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგი 2022 წლის მარტამდე, პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც გაგრძელდება.

    ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: mediamonitor.ge

  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა

    ეს იყო ნამდვილად ისტორიული არჩევნები და ეს იყო ისტორიული გამარჯვება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

    მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ხალხის და ქვეყნის გამარჯვება. პრემიერმა საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მათი ნდობის გასამართლებლად.
    „რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საპატიო საქმე, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება. მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან, მხოლოდ საქმეზე ვისაუბროთ, მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ის დაპირება, პროექტები, ინიციატივები, რაზეც საუბარი გვქონდა არჩევნების დროს, კამპანიის დროს, მხოლოდ ამ პროგრესზე უნდა გვქონდეს საუბარი მოსახლეობასთან. 24-საათიან რეჟიმში, აბსოლუტურად მოტივირებულები, განახლებული, გაათმაგებული ენერგიით უნდა შევუდგეთ საქმეს. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემაა. ეს არის სამუშაო ადგილების სიმცირე, სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია, ოკუპაცია, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და უნდა ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
    პრემიერ-მინისტრმა არჩევნების სანიმუშოდ ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცესკოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხდა.

    მთავრობის მეთაურმა ასევე წარმატებები უსურვა წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია.
    „მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა, მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამოხატული და ამ არჩევანს და ხალხის ნებას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასევე, მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ის არის ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ, მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე, რომ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური