ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 15:07

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციაში ასევე, იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
გერმანიაში ვიზიტი ბუნდესვერის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობით დაიწყება, სადაც დელეგაცია ბუნდესვერის განათლების სისტემის შესახებ დაგეგმილ ბრიფინგს დაესწრება. 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანულ მხარესთან შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში გაიმართება. საქართველოს დელეგაციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსი, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და კანცლერის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში უმასპინძლებენ. 
საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორიაში პირველად მოეწერება ხელი სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ნატოს 2014 და 2016 წლების სამიტების გადაწყვეტილებებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში და განსაზღვრავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. 
27 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს. დღის მეორე ნახევარში ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემიაში გაგრძელდება, სადაც მინისტრი ქართველ სტუდენტებს შეხვდება, გერმანული მხარე კი, წარმოადგენს პრეზენტაციას Mission Command-ის გერმანულ მოდელზე. 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 27 ნოემბერს დასრულდება.

წაკითხულია 771 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორია-გიორგი გახარია

    საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

    შეხვედრისას ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალს. გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო, ისე - რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში. გიორგი გახარიამ გერმანიას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში  ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.  

    საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა  გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში.

    შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა და აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების განვითარების სფეროში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზად არის. 

     პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად 6 ოქტომბერს ესტუმრება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

    საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება: „რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო - ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
    14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
     
    გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
     
    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური