რუსმა სამხედროებმა უკრაინულ კატერებზე იერიში მიიტანეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 10:06

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინულ კატერებზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ბორის ბაბინი ავრცელებს.

„ქერჩის სრუტის გამოსასვლელში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხომალდის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს. ბორტზე არის დაჭრილი. აგრესორი სახელმწიფოს სამხედროებმა კატერები დაიკავეს“, – წერს ბაბინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, გამთენიისას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქერჩის სრუტისკენ მიემართება. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხომალდების მარშრუტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო და გემები ოდესიდან მარიუპოლში მიემართებოდნენ. კიევში ამბობენ, რომ რუსეთმა გაერო-ს წესდება დაარღვია და უკრაინულ ხომალდს შეეჯახა.

მომხდარის გამო, უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო სამხედროების საგანგებო თათბირი მოიწვია. ქერჩის სრუტესთან დაძაბულობის ესკალაციის გამო, უკრაინის უშიშროების საბჭოს სამხედრო კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართება.

პარალელურად, უკრაინის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს და ევროკავშირის ლიდერებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ხომალდების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს აგრესიად განვიხილავთ, რაც აზოვის ზღვის აკვატორიაში და ქერჩის სრუტესთან სიტუაციის ესკალაციას ისახავს მიზნად“ – ნათქვამია პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი დააკავა. მათ რუსეთის უსაფრთხოების ფედერლური სამსახურის სპეცრაზმელები აკონტროლებენ. დაჭრილია ორი უკრაინელი მეზღვაური.

წყარო: https://1tv.ge/news/ukrainis-prezidentis-warmomadgenlis-cnobit-rusma-samkhedroebma-ukrainul-katerebze-ierishi-miitanes/

https://1tv.ge/news/ukrainuli-media-rusetis-ef-es-bes-specrazmma-sami-ukrainuli-gemi-daakava-daichra-ori-mezghvauri/

წაკითხულია 247 ჯერ

Related items

  • გამოცხადდა კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

    საერთაშორისო პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა. კერძოდ, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში.

    საგრანტო  კონკურსში   მონაწილეობის  უფლება  აქვს:

    • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
    • პირს,  რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის 
      • მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
      • პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე 

    2020 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით  ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.

    განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

    • სწავლის საფასური
    • ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
    • ტრანსპორტი
    • სამედიცინო დაზღვევა
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
    • ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
    • სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო

    გამარჯვებულ სტუდენტს აუნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების  საშუალებას. 2020 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 15 სტუდენტის დაფინანსება.

    პროგრამის ანგარიში

    სწავლა საზღვარგარეთ  პროგრამის  დასაფინანსებლად 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო  2 637 500 ლარი. 2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი  800 000 ლარია. 

    სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე დაფინანსდა 60 სტუდენტი. ამათგან, 35 სტუნდენტი უკვე კურსდამთავრებულია, ხოლო 25 სტუდნეტს 2020 წელს პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  გაუგრძელდება დაფინანსება. 

    სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    განცხადება   (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია)

    ელექტრონული აპლიკაციის ფორმა

    ბრძანება/დებულება

    პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

    მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

    ტელ:  577 12 65 05, JLIB_HTML_CLOAKING - ლიკა გოგიტიძე

     

  • ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) -მ ლიბერთი ბანკს 15 მლნ ევროს სესხი დაუმტკიცა

    დღეს, EIB-სა (European Investment Bank) და ს.ს. ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ბანკი EIB-ისგან მიიღებს 15 მილიონ ევროს. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა EU4Business Initiative ფარგლებში და ეს თანხა მოხმარდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას საქართველოში.

    2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:

    ·         ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;

    ·         მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;

    ·         მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში.

    მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ლიბერთის გააჩნია აუცილებელი რესურსები ამ საკრედიტო ხაზის ეფექტურად განთავსებისათვის, რის შესაძლებლობასაც იძლევა ბანკის ფილიალების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს.

    EIB-ს სესხი საშუალებას მისცემს ლიბერთის გააგრძელოს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაუმჯობესებული პირობებით. ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას EIB სატრასტო ფონდიდან საკრედიტო მომსახურებისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით.

    ‘მოხარული ვართ EIB-სთან თანამშრომლობის დაწყებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული  მიზნების მიღწევის გზაზე. EIB-ს მიერ დამტკიცებული საკრედიტო რესურსი საშუალებას მოგვცემს გავაღრმავოთ თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეებთან საქართველოს მასშტაბით.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

    ‘მინდა მადლობა გადავუხადო EIB-ს  გამოხატული ნდობისათვის. მჯერა, ეს თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ბანკს გაიმყაროს პოზიციები საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან და დინამიურ სეგმენტში, რაც ბანკისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ. 

    მდგრადი, ინკლუზიური და ინოვაციური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა სექართველოში ევროგაერთიანების საკვანძო პრიორიტეტია. როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ მიზნად ვისახავთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობას საქართველოში. ამ  მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა. 

    მოხარული ვარ, რომ არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარებასთან ერთად, ვიწყებთ თანამშრომლობას კიდევ ერთ ფინანსურ ინსტიტუტთან.

    მცირე და საშუალო ბიზნესებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციები შეუქმნიან ახალ შესაძლებლობებს როგორც ამ ბიზნესებს, ასევე მთელ ქვეყანას’ - განაცხადა EIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ლილიანა პავლოვამ.

     

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.geმედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING .

    The European Investment Bank (EIB) არის ევროკავშირის ბანკი და არის გრძელვადიანი დაფინანსების ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. ბანკი ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს ევროკავშირის სტრატეგიის გათვალისწინებით.  გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით EIB არის უმსხვილესი საკრედიტო ორგანიზაცია. EIB აფინანსებს მაღალი ხარისხის საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ EIB-ს მოღვაწეობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, იგი ასევე ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო და განვითარების სტრატეგიის რეალიზაციას. ევროკავშირთან ერთად EIB შეუერთდა Deep and Comprehensive Free Trade Agreement (DCFTA) Initiative East Programme-ს, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეურთდნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ქვეყნებია - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის.

    EU4Business წარმოადგენს ევროგაერთიანების ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსონ საკუთარი განვითარება და ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). EU4Business პროგრამას ახორციელებენ EIB და სხვა ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). EU4Business აერთიანებს ევროკავშირის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.

    EIB შეუერთდა ევრო კავშირის ინიციატივას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების ხელშეყობაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც შეურთდნენ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს ქვეყნებია - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ამ ქვეყნებში. http://www.eu4business.eu

  • „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ!“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო მასპინძლობს

    სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე თბილისი მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

    ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნეს.

    როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

    „მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები , როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის.

    "დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ.

    ძალიან მეამაყება და მახარებს იმის დანახვა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდია ჩამოსული თბილისში. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ბრიუსელიდან წარგზავნილი სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი მასპინძლობს რეგიონებში. ამჯერად ღონისძიებას მთელი რეგიონიდან ესწრებიან ექსპერტები, დაინტერესებული წრეები და მხარეები. მათ კარგი შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციის გასაცვლელად. ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის. ეს რეალური გამოწვევაა. და ყველაფერს ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად ჩვენს საზღვრებს შიგნით, თუმცა საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში, რათა ერთად ყოფნით უფრო გავძლიერდეთ ამ დაავადებასთან საბრძოლველად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

    ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ნაწილია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 18-22 ნოემბერს იმართება.

    კონფერენციის მიზანია ევროკავშირსა და მის სამეზობლოში  დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა.

    კვირეული ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD) და სექტორი 3-ის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იმართება.

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია - ვლადიმერ კონსტანტინიდი

    „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების შესახებ განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე.“-აღნიშნა კონსტანტინიდმა.

  • სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ოფიციალური ვიზიტით ნატოს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დონეზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.

    თემურ კეკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

    ქართულმა დელეგაციამ, მოკავშირეებთან ერთად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი მიმოიხილა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

    ვიზიტის ფარგლებში, თემურ კეკელიძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან, ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური