დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივები გააცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 14:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დიაპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის და საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გააცნო. 

როგორც მინისტრმა  შეხვედრაზე აღნიშნა, დიასპორის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს და სამინისტრო გამოდის სულ უფრო მეტი ახალი ინიციატივით საზღვარაგრეთ ქართული დიაპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის  ახალი ინიციატივა დიასპორული ვებ-პორტალის შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა ეს იქნება  ერთი ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებული ვებ-პორტალი, რომელიც  იქცევა ეფექტურ საკომუნიკაციო პლატფორმად სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დიაპორას შორის.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვებ-პორტალის კონცეფცია უკვე შემუშავებულია და მისი მთავარი ხაზია, რომ  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საშუალება ჰქონდეთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო სერვისები, ასევე ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, იმავდროულად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ.  მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს  მიმართა თხოვნით, რომ მაქსიმალურად იქნას მათი მხრიდან მოწოდებული წინადადებები და რეკომენდაციები, რათა საბოლოო პროდუქტი პასუხობდეს დიასპორის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
 
შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს მთავობის მხარდაჭერით პირველად შეიქმნა. სახელმძღვანელო მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.    იგი აგებულია თანამედროვე სწავლების  პრინცპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
 
საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს. ყველა სკოლას სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. 
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ   დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა.  საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.
 
ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა უკვე გამოცემული სახელმძვანელოები საჩუქრად გადასცა ბრიუსელისა და ანტვერპენის ქართულ საკვირაო სკოლებს.
 
ბრიუსელში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
 
დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის წევრები დიაპორის წარმომადგენელებს უშუალოდ  გაესაუბრნენ და მათი წინადადებები მოისმინეს.


წაკითხულია 308 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა

    საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიის ეროვნული დღის - იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
    დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას იაპონიის მთავრობას და ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
    მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ  იაპონიას და საქართველოს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები: დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებთ.
    „იაპონია გახლდათ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელ,ს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პირველივე დღიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და ძლიერი მხარდამჭერია.“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იაპონიის დახმარებაზე საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქმეში.
    კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ამ მხრივ ხაზი გაესვა  გასულ წელს იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ნაყოფიერ ვიზიტებს, ისევე როგორც  2018 წელს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრის, ტარო კონოს ისტორიულ ვიზიტს საქართველოში.
    დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის, ისევე როგორც  ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა. ამ კონტექსტში აღინიშნა ქართული ღვინის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით 2019 წლის მარტში ტოკიოში გამართული გამოფენის მნიშვნელობა.

    „კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ იაპონიისა და საქართველოს მეგობრობის ნიშნად, იაპონიის კომერციის და მრეწველობის საზოგადოებების ცენტრალური ფედერაციისგან - თბილისს საჩუქრად 100 ძირი საკურას ხე გადაეცა. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსად ჩვენი ურთიერთობისა საკურას ხეებიც გაძლიერდებიან და ყოველწლიურად მათი აყვავებისას შეგვახსენებენ ჩვენს ერებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.“- აღნიშნა მინისტრმა.

    დავით ზალკალიანმა ღონისძიების  დასასრულს მადლობა გადაუხადა საქართველოში იაპონიის საელჩოს და იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას იმ აქტიური ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი სწევენ საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

  • გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას-დავით ზალკალიანი

    კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

    „გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო თქვენთან ერთად დგას და გამოვთქვამთ მზაობას ერთად ვიმუშაოთ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ახლა მხარდაჭერისა და სოლიდარობის დროა“,-წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    შეგახსენებთ, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა.

  • ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

    დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

    „ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

    გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

    გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

    შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

     

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

    გამოსვლა დღეს 15 საათზე დაიწყება საფრანგეთის დროით.

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

    ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარადგენს.

    ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

    ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტითავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

  • სამმხრივმა მინისტერიალმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე - დ. ზალკალიანი

    23.12.2019 თბილისი - თბილისში,  საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა  ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ და წარმატებულ მექანიზმს წარმოადგენს: „ეს ფორმატი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, განვიხილოთ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით“. მინისტრის მიხედვით, ის ფაქტი რომ დღეს გამართული შეხვედრა რიგით მერვეა, სამმხრივ ფორმატში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია.

    „ორმხრივ დონეზე, საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია; ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალ სფეროს“ აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

    დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას“ - სამმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში სამი ქვეყნის საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე, სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის მექანიზმებს.

    შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე დისკუსიას. დაფიქსირდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი, კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა უკვე წარმატებულად განხორციელებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ენერგეტიკულ პროექტებს. ამავდროულად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს კოორდინაცია სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სრულყოფილად რეალიზაციისათვის. ასევე, აღინიშნა ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის მე-2 ეტაპის დასრულების მნიშვნელობა.

    „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ამ თვალსაზრისით, გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა მაქსიმალურად მიმზიდველი პირობების უზრუნველსაყოფად და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად. გამოვყავით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს და ხარჯებს და გახდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშრუტი“.

    შეხვედრაზე აღინიშნა სამი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის საკითხში, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და გააძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს. ამასთან, დაფიქსირდა ერთობლივი მიდგომა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას.

    შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. „უდავოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ასევე, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“, აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ამასთან, დაფიქსირდა, რომ აღნიშნული კონფლიქტები და დავები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების გათვალისწინებით.

    „შეჯამების სახით, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე, რაც არსებული ურთიერთობების გამორჩეულად მზარდი დინამიური ხასიათის გამოძახილია“ -  აღნიშნა პრესკონფერენციის დასასრულს დავით ზალკალიანმა. 

    მინისტერიალის ფარგლებში მედიისთვის განცხადებები გააკეთეს აზრებაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც ასევე მაღალი შეფასება მისცეს, საქართველოში გამართულ მინისტერიალს და ამ ფორმატში სამი ქვეყნის თანამშრომლობას. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური