ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 10:18

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.  სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარმოადგინა. რის შემდეგაც შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდა და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის გენერალურმა მენეჯერმა გონგ ჟიჰუიმ მოაწერეს.

კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ ძალიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა. ის ბაზარზე 64 წელია მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიას აშენებული აქვს: 1 000-ზე მეტი მასშტაბური სიდიდის და სირთულის ხიდი, მთლიანი სიგრძით - 330 კმ; 4 000 კმ-ზე მეტი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ; 203 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 168 000 მეტრია.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

წაკითხულია 91 ჯერ

Related items

  • სადაზღვევო ინდუსტრიის საგანგებო განცხადება საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად

    დღეს, 11 დეკემბერს სადაზღვევო კომპანიებმა და დაზღვევის ბროკერებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ინდუსტრიის წარმომადფგენლებმა ღიად დააფიქსირეს პოზიცია საბანკო სექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით და  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს.

    სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადება:

    მოგეხსენებათ, განვითარებული და პროგრესზე ორიენტირებული სადაზღვევო სექტორის არსებობა ეკონომიკის სტაბილურობისთვის  და თანამედროვე საზოგადოების მშნენებლობისთვის, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

    დღეს, ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც საბოლოოდ იშლება ზღვარი საბანკო და სადაზღვევო სექტორს შორის. დამოუკიდებელ სადაზღევო კომპანიებს ეზღუდებათ ბაზარზე წვდომა და  ბანკების ხელში არსებული რესურსების უკონტროლოდ გამოყენების პირობებში, თავისუფალი მოთამაშეებისთვის ადგილი აღარ რჩება.

    ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის და საქართველოს ბანკის მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.

    ჩვენმა მივმართავთ  ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ  შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად,  ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავსელობაში აღმოჩნდებიან.

    ჩვენი მხრიდან მოხდება ყველა ეფექტური მეთოდისა და კომუნიკაციის გზის გამონახვა მთავრობასა და პარლამენტთთან რათა  დაყენებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყოს  აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა.

    ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც სწორედ აღნიშნულისკენ მოგვიწოდებს და ჩვენი ქვეყნისგან მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ მხრივ განხორციელებული ქმედებები, პარალელურად კანონმდებლობაში დატოვებული შავი ხვრელების პირობებში, შემოსავლების იოლი წყაროების დატოვებით ბანკების ექსპანიას დამატებით ახალისებს.

    ბანკები სადაც  ჩვენ ბრუნვები გვქონდა განთავსებული და კანონისისმიერი ვალდებულებით ყველა სადაზღვევო კომპანია ვალდებულია მინიმუმ სამ ბანკში განახორციელოს პორთფელის დივერსიფიცირება  და რომლის გავლითაც მომსახურებას ვუწევდით მომხმარებელს, დღეს უკვე კონკურენტებად მოგვევლინნენ. ასეთ პირობებში სრულიად უგულებელყოფილი ხდება კონფიდენციალური კომერციული და პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ხოლო ბანკი უზარმაზარ კონკურენტულ უპირატესობას იღებს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ბანკებზე კონკურენციის შესახებ კანონიც კი არ ვრცელდება.

    სწორედ მსგავსი შავი ხვრელების აღმოფხვრას ითხოვს ინდუსტრია. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე სადაზღვევო და საბანკო სექტორს შორის ზღვარიც გაქრება და დაზღვევაშიც მივიღებთ იმ დუოპოლიურ მოდელს რაც საბანკო სექტორში დღეს გვაქვს.

    ბოლოს, გვინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენ არ გავურბივართ კონკურენციას და არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ კონკურენციას და თანაბარ შესაძლებლობებს ბაზრის ყველა მოთამაშისთვის.

    ჩვენი სურვილია ბანკებს ვუყუროთ, როგორც პარტნიორებს და არა, როგორც ჩასაფრებულ მტაცებლებს.

  • უბისა-შორაპანის გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

    რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია „China Road and Bridge Corporation“ ააშენებს. 13 კმ-იანი ახალი გზის მსენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინიტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია „China Road and Bridge Corporation“-ის თავმჯდომარემ ლუ შანმა.

    კომპანია „China Road and Bridge Corporation“ 1979 წელს დაფუძნდა. კომპანიამ ბოლო 10 წელიწადში ააშენა 200-ზე მეტი გზა, რომელთა ჯამური სიგრძე 10 000 კმ-ზე მეტია; 100-კმ-ზე მეტი სიგრძის მქონე 40 მასშტაბური და რთული კონსტრუქციის ხიდი; 6 დიდი და რთული კონსტრუქციის გვირაბი, რომელთა ჯამური სიგრძე 30 კმ-ს აღემატება.

    უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზა,  27  ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

    საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით სატრანზიტო მიმართულებით კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ასევე, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს E-60 და E-70 სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული) მაგისტრალების მოდერნიზაცია, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სეგმენტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია. უბისა-შორაპანის მონაკვეთი კი აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 საავტომობილო- სატრანზიტო კორიდორის შემადგენელ ერთ-ერთ სეგმენტს წარმოადგენს.

    რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E 60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია.

    უბისა-შორაპანის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  901 973 206.57 ლარია. პროექტის განხორციელების ვადა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.

  • „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში განახლებადი ენერგიების პროექტზე მუშაობას იწყებს

    „საპარტნიორო ფონდმა“ შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაციისა (CSIC)  და ამავე ჯგუფის კომპანია „SMDERI“-ის შვილობილ შანხაის საზღვაო დიზელის ძრავების კვლევით ინსტიტუტსა და  Long Ge Investment Consulting Co.-ს შორის ურთიერთგაგების მემორადუმი გააფორმა.

    ოფიციალურ დოკუმენტს ხელი შანხაიში  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Long Ge Investment Consulting Co-ს პრეზიდენტმა ჩუნლონგ ჩაიმ და  კომპანია „SMDERI“-ის ვიცე-პრეზიდენტმა გან ჩენმა მოაწერეს.

    ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს საქართველოში, კერძოდ, საბუეთის მთებში ქარის ელექტროსადგურების პროექტის განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახლებადი ენერგიებისა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიმართულებით სხვადასხვა წინადადებას განიხილავენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ მსჯელობენ.

    „მემორანდუმის მიზანია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეფექტური ტექნოლოგიები და თანამედრვე ენერგეტიკის განვითარების ტენდენციები. საქართველოსთვის ეს არის ახალი გამოწვევა და  ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივა. განახლებადი ენერგიების მაქსიმალურად გამოყენება საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

    ჩინეთის გემთმშენებლობის ინდუსტრიული კორპორაცია (CSIC) არის ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წამყვანი კომპანია, რომელიც უმსხვილეს გემთმშენებელსა და გემების სარემონტო ბიზნესს წარმოადგენს. ჯგუფში შემავალი კომპანია „SMDERI“-ის სტრატეგიული მიმართულებებია, ასევე, ენერგოსისტემის ინტეგრაცია, ენერგოდაზოგვის, გარემოს დაცვის მოწყობილობები და ენერგეტიკული მომსახურება. მის მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 30 ქვეყნის ბაზარზე რეალიზდება და კომპანია განსაკუთრებულად დაინტერესებულია საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებით.

    „საპარტნიორო ფონდის" დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საწარმოო პროცესი ადგილზე დაათვალიერა.

  • ლიბერთიმ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახალი სოციალური პროექტი დაიწყო

    1 ნოემბრიდან, ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის თანახმად 60 წელს გადაცილებული პენსიონერები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის ერთთვიან კურსს გაივლიან.

    აღნიშნული პროგრამა უფროს თაობას საშუალებას აძლევს შეისწავლოს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება და იყოს უფრო მეტად ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრებაში.

    კურსის მონაწილეები კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენებას სრულიად უფასოდ შეისწავლიან.

    პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა სულ 338 პენსიონერი. სწავლება მოხდება რამდენიმე ჯგუფად და წლის ბოლომდე გაგრძელდება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში.

    ,,ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო პროექტია. ერთგვარი ხიდი თაობებს შორის - ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

    ,,ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უფროს თაობას და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას თანამედროვე სამყაროსთან და მის განუყოფელ - ციფრულ ტექნოლოგიებთან. ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამ კონკრეტული სეგმენტის საგანმანათლებლო პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც ვიმედოვნებთ გაამართლებს და მსგავს პროექტებს მეტი მასშტაბურობით განვახორციელებთ“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

  • "მწვანე პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული პროექტი სრულიად ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში"

    "მწვანე პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული პროექტი სრულიად ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ელექტრომობილებით ავტოპარკის  ჩანაცვლების პროექტის შეფასებისას განაცხადა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან გამკლავებას და ამასთან ერთად, ის მნიშვნელოვნად განამტკიცებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას.

    „ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი გახლავთ ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლით ვაჭრობის ნაწილში, ვიდრე ვახორციელებთ ექსპორტს და იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე. ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიას და ამასთან ერთად ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, ვინაიდან, ამ პროექტით მნიშვნელოვნად შემცირდება ის სავაჭრო დეფიციტი, რაც გვაქვს ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დაწესდება მნიშვნელოვანი შეღავათები სალიზინგო სქემებზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე, რომელსაც შიდა წვის ძრავიანი ავტომობილი ყავს, საწვავის ხარჯის დაზოგვიდან გადაიხდის ავტომობილის ღირებულებას და ფაქტობრივად, ხუთი წლის განმავლობაში გამოისყიდის ახალ ელექტრომობილს.

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, განხორციელდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,  რომლის მიხედვითაც, თბილისში აშენდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მეტროსადგურებით დააკავშირებს სამგორიდან ლილოს მიმართულებას.

    „საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება გახლავთ ჩვენი მწვანე პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი პროექტი ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს. მინდა შეგახსენოთ, რომ 230 000 ადამიანი ისარგებლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური