ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 09:25

გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 1034 ჯერ

Related items

  • ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი "საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს - აცხადებს ჩინეთის ელჩი

    გლობალური პანდემიის (კოვიდ-19) მიუხედავად, ჩინურ-ქართული ურთიერთობები სულ უფრო წარმატებით ვითარდება. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების და ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ჩინეთის ელჩთან.

    თქვენო აღმატებულებავ, გასულ თვეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის წარმოშობის წყაროს დასადგენად კვლევების მეორე ეტაპის ჩატარების შესახებ განაცხადა. როგორი არის ჩინეთის პოზიცია ამ საკითხზე?

    ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი "საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს. ჩინეთმა პრევენციისა და კონტროლის გამოცდილება საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად გაუზიარა, შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყო ეპიდსაწინააღმდეგო დახმარება, იგი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინების კუთხით ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობა წამოიწყო მსოფლიოში, რითაც უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ უსაფრთხოებაში. ამასთანავე, ჩინეთი ყოველთვის მეცნიერულ მიდგომას იჩენს და წყაროს დასადგენად გლობალურ სამეცნიერო კვლევაში აქტიურად არის ჩართული. ჩინეთმა ორჯერ მოიწვია ჯანმო-ს ექსპერტები  ვირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებით კვლევების ჩასატარებლად. მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა ჩინეთ-ჯანმო-ს ერთობლივი კვლევის ანგარიში ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, რომელიც მეცნიერულად ასკვნის, რომ „ლაბორატორიული გაჟონვა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“ და  მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გასცემს, მათ შორის, გლობალური მასშტაბით ადრეული შემთხვევების ძიების გაგრძელების თაობაზე.

    ჩინეთი მიიჩნევს, რომ ვირუსის წყაროს მიკვლევა მეცნიერული საკითხია და მის პოლიტიზებას მტკიცედ ეწინააღმდეგება. ზოგიერთი ქვეყანა არაეფექტური ეპიდსაწინააღმდეგო ძალისხმევის გამო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, ვირუსის წყაროს მიკვლევის საკითხზე პოლიტიკურ მანიპულირებას ეწევა, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ეპიდსაწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობის საერთო სურათზე. ჩინეთ-ჯანმო-ს ერთობლივი კვლევის ანგარიშში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები საერთაშორისო საზოგადოებისა და სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებულია, ამიტომ მათ ყველა მხარემ, მათ შორის ჯანმომ პატივი უნდა სცეს და განახორციელოს. ჯანმო-ს სამდივნოს მიერ შემოთავაზებული კოვიდ-19-ის წყაროს მოკვლევის მეორე ეტაპის სამუშაო გეგმა ანგარიშის დასკვნებს არ ასრულებს და არც წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას გამოხატავს, ამიტომ შემდეგი ეტაპის სამუშაოების დაწყების საფუძვლად არ უნდა იყოს მიჩნეული. ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამდივნომ ამომწურავი კონსულტაცია უნდა გაიაროს წევრ სახელმწიფოებთან გლობალური სამუშაო გეგმის თაობაზე, რაც მოიცავს შემდგომ მექანიზმებს, პატივი უნდა სცეს წევრი ქვეყნების მოსაზრებებს და დაინტერესებულ ქვეყანაში ჩასატარებელი სამუშაო გეგმა უნდა განისაზღვროს ამ ქვეყანასთან კონსულტაციით, მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება ეფექტურად განხორციელდეს თანამშრომლობა. ჩინეთის გონივრულ პოზიციას აქტიურად გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა. 70-მდე ქვეყანამ ჯანმო-ს გენერალურ დირექტორს წერილებით და განცხადებებით მიმართა. ისინი ვირუსის წყაროს მოკვლევის საკითხის პოლიტიზებას ეწინააღმდეგებიან და ჩინეთ-ჯანმო-ს ერთობლივი კვლევის ანგარიშის შენარჩუნების აუცილებლობას ხაზს უსვამენ. ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა წყაროს დადგენის მეცნიერულ კვლევას და მომავალშიც გააგრძელებს მასში მონაწილეობას. ჩინეთი მზად არის იმუშაოს ყველა მხარესთან გლობალური სამეცნიერო კვლევის აქტიურად განსახორციელებლად, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს კაცობრიობის მიერ ეპიდემიაზე საბოლოო გამარჯვებაში.

    ჩინეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია. თქვენ როგორ შეაფასებდით ჩინელი სპორტსმენების გამოსვლას? პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის როგორ მიმდინარეობს სამზადისი?

    საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც ისტორიული შედეგი აჩვენა. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ეს დიდი წარმატება. ქართველმა სპორტსმენებმა ქართული ძალა და ნიჭი მთელ მსოფლიოს დაანახეს. ჩვენ მთელი გულით გვიხარია მათი ბრწყინვალე გამოსვლა. რაც შეეხება ჩინეთის ოლიმპიურ გუნდს, 38 ოქროს, 32 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს მედლით, იგი მეორე ადგილზე გავიდა. ჩინელმა სპორტსმენებmა ეპიდემიით გამოწვეული სიძნელეები დაძლიეს, მაღალი საბრძოლო სული გამოავლინეს, შეჯიბრის დონე გააუმჯობესეს და არაერთ სახეობაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ამავდროულად, მათ მთელი მსოფლიოს სპორტსმენებთან მეგობრობა კიდევ უფრო გაამყარეს და ოლიმპიური სულისკვეთება გამოავლინეს.

    ტოკიოს ოლიმპიადის გახსნამდე, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მომდევნო 6 თვის მანძილზე, ოლიმპიადა ოფიციალურად "პეკინის დროზე" გადავა. პეკინი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს. იგი მსოფლიოში პირველი ქალაქი იქნება, რომელმაც როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის "ჩიტის ბუდის" (ოლიმპიური სტადიონი პეკინში) და სხვა სპორტული დარბაზების და სტადიონების  მშენებლობა და განახლება გეგმის მიხედვით მიდის და სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც სატესტო ღონისძიებები ჩატარდება. ყველასთვის საყურადღებო გახსნისა და დახურვის ცერემონიების შემოქმედებითი გეგმები დახვეწის პროცესშია, მსახიობების შერჩევა, რეპეტიციები და ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოები თანმიმდევრულად მიმდინარეობს. ოლიმპიადის მთავარი გმირები - ჩინელი და სხვა ქვეყნების სპორტსმენები პეკინის ზამთრის ოლიმპიადისათვის ასევე აქტიურად ემზადებიან. იმედი გვაქვს, ისინი საუკეთესო მდგომარეობაში გავლენ საასპარეზო მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი გლობალური ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმეა, ჩინეთი მთელი ძალით ემზადება, რათა მსოფლიოს მარტივი, უსაფრთხო და საინტერესო ოლიმპიური თამაშები აჩუქოს. ზამთრის სპორტი ქართველ ხალხს ძალიან უყვარს. ჩვენ მივესალმებით და ველით ქართველ სპორტსმენებს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, რათა პეკინში სრულად წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და ახალ შედეგებს მიაღწიონ.

    ჩინეთის ეკონომიკური მონაცემები ამ წლის პირველი ნახევრისათვის გამოქვეყნდა. რას ფიქრობთ ჩინეთისა და გლობალური ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე?

    ეს წელი ჩინეთის" მე-14 ხუთწლედის" პირველი წელია. ჩინეთის, როგორც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის,  ეკონომიკური მონაცემები საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წლის პირველ ნახევარში 53,216.7 მილიარდი იუენი იყო და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2 წლის საშუალო ზრდის მაჩვენებლმა 5.3% შეადგინა. საქონლის იმპორტისა და ექსპორტის საერთო ღირებულება 27.1% -ით გაიზარდა , ხოლო ორი წლის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 10% -ზე მეტი შეადგინა. ეს აჩვენებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურად აღდგენას განაგრძობს. ჩინეთის ეკონომიკური განვითარება სტაბილურ გაძლიერებასა და გაუმჯობესებაზე მეტყველებს. ეს არა მხოლოდ ჩინეთის მდგრადი ეკონომიკური ზრდისადმი გარე სამყაროს ნდობას ზრდის, არამედ გლობალური ეკონომიკის აღდგენასაც აქტიურად უწყობს ხელს. ამავდროულად, სხვა ქვეყნების მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალური ეკონომიკა აღდგენის პროცესშია. ჩვენთვის ასევე სასიხარულოა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 12,8% შეადგინა.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ეპიდვითარება ისევ იცვლება, მრავალი არასტაბილური და გაურკვეველი ფაქტორია, ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ არის საკმარისად სტაბილური და ბევრი სირთულე ემუქრება. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ეპიდემიის ეფექტური პრევენცია და კონტროლი ეკონომიკური განვითარების მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩინეთი ყოველთვის სხვა ქვეყნებისთვის განვითარების შესაძლებლობებისა და შედეგების გაზიარებას უჭერს მხარს, გლობალური ეკონომიკის აღდგენასა და ზრდას აქტიურად უწყობს ხელს, ეპიდსაწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ახორციელებს, მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ხელს უწყობს "საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" ჩამოყალიბებას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, ადამიანთა საზოგადოება საბოლოოდ დაამარცხებს ეპიდემიას და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას მიაღწევს.

    საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმეა. რას ურჩევდით საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლის შემდგომ ეტაპზე?

    დღეისათვის კოვიდ-19-ით გამოწვეული ეპიდმდგომარეობა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ხარისხით არის გაუარესებული. მუტირებული შტამები, მაგალითად "დელტა" შტამი, უფრო გადამდებია, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მხრივ ახალი გამოცდის წინაშე აყენებს ქვეყნებს. ბოლო პერიოდში, ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ეპიდშემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა, რაზეც მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და გასაკონტროლებლად მძლავრი ზომები გაატარა. შედეგად, ეპიდვითარება უკვე ეფექტურ კონტროლს ექვემდებარება. ჩინეთის მთავრობა ასევე აქტიურად უწყობს ხელს ვაქცინაციას. დღეისათვის 1.86 მილიარდი დოზა არის გამოყენებული, აქედან 770 მილიონზე მეტი ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული. ამასთანავე, ჩინეთმა ვაქცინის 800 მილიონზე მეტი დოზა სხვა ქვეყნებს მიაწოდა.

    ეპიდემიის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს, პაციენტთა სამკურნალოდ სამედიცინო რესურსების სრულ მობილიზებას ახდენს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის ჩინეთთან, ვაქცინების კუთხით თანამშრომლობას ქტიურად ახორციელებს. ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, ხალხის უმეტესობა  მთავრობის მიერ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ზომებით კმაყოფილია. ამჟამად საქართველო ეპიდემიის მეოთხე ტალღის კრიტიკულ ეტაპზეა. საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი ღონისძიებები შემოიღო, მათ შორის არის პრევენციისა და კონტროლის გაძლიერება, შეკრებების შეზღუდვა და ვაქცინაციის დაჩქარება. ჩინეთის გამოცდილებით, მხოლოდ ფართო საზოგადოების მხრიდან აქტიური თანამშრომლობით, პრევენციული ზომების ყოველდღიურად მკაცრად დაცვით და აქტიური ვაქცინაციით არის შესაძლებელი ვირუსის გადაცემის ჯაჭვის ეფექტურად შეწყვეტა და ეპიდვითარებაზე საბოლოო კონტროლის მოპოვება. ჩინეთი მზად არის გააგრძელოს საქართველოსთან ეპიდსაწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობა, რათა რაც შეიძლება მალე ერთად დავამარცხოთ ეპიდემია.

    ესაუბრა: ავთანდილ ოთინაშვილი

  • დიანა კიღურაძე კავკასიაში Visa-ს რეგიონულ მენეჯერად და უფროს დირექტორად დაინიშნა

    დიანა, ახალ თანამდებობაზე, ფოკუსირდება ბიზნესში განხორციელებულ ელექტრონულ გადახდებზე, სომხეთსა და საქართველოში; პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად - დიანა გაზრდის Visa-ს როლს ბანკებისთვის, მოვაჭრეებისა და ბარათების მფლობელებისათვის

    თბილისი, საქართველო - 2021 წლის 2 ივნისი - დღეს, Visa-ს განცხადებით,  დიანა კიღურაძე  ახალ თანამდებობაზე დაინიშნა, კერძოდ უფროსი დირექტორის რანგში, Visa-ს ახალი რეგიონული მენეჯერი იქნება. დიანა, ახალ პოზიციაზე, ფოკუსირდება ბიზნესში განხორციელებულ ელექტრონულ გადახდებზე, საქართველოსა და სომხეთში; პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად - დიანა უფრო მეტად გაზრდის Visa-ს როლს ბანკებისთვის, მოვაჭრეებისა და ბარათების მფლობელებისათვის.

    ჩვენ, მოხარული ვართ მივესალმოთ დიანა კიღურაძეს, რომელიც კავკასიაში ახალი რეგიონული მენეჯერია. დიანა გამოირჩევა საქმისადმი ერთგულებით, პიროვნული ენთუზიაზმით  და  დარწმუნებული ვართ, რომ  მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - Visa- გავლენის სფეროების სწრაფ გაფართოებასა და რეგიონში ჩვენი სტრატეგიული საქმიანობის წინსვლაში - ვერა პლატონოვა, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში, საქართველოში, დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (CISSEE).

    დიანა კიღურაძე Visa-ს 2018 წელს შემოუერთდა, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ პოზიციაზე, რაც მოიცავდა სომხეთსა და საქართველოში წამყვანი კლიენტების მართვას. დიანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კავკასიის რეგიონის სტრატეგიის შემუშავებაში, - მარკეტინგის, Fintech-ების, ციფრული გადახდების სისტემათა საკუთარი ენთუზიაზმით, ენერგიით და თავდაჯერებულობით განვითარების კუთხით. დიანა 15 წელზე მეტია რაც მუშაობს საცალო საბანკო, გაყიდვების, ბიზნეს განვითარების, ბარათების და ციფრული პროდუქტების მართვის მიმართულებით. Visa-ს გუნდთან შემოერთებამდე, დიანა  მართავდა TBC ბანკის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტს,  ასევე გახლდათ და VTB  ბანკის საბარათო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უფრო ადრეულ წლებში კი,  მენეჯერულ პოზიციას იკავებდა TBC ბანკის ბარათებისა და დისტანციური სერვისების გაყიდვების და  TBC Smart Club-ის მართვის მიმართულებით. 

    დიანა კიღურაძე, ახალ თანამდებობაზე ჩაანაცვლებს კრისტინა დოროშს, რომელმაც ახლახან დააგვირგვინა კომპანია Visa-ში მუშაობის 5-წლიანი პერიოდი. მისმა პროფესიონალიზმმა და ეფექტურმა საქმიანობამ დამსახურებული აღიარება მოიპოვა და იგი ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის რეგიონის მენეჯერად და ვიცე პრეზიდენტად გააგრძელებს საქმიანობას.

    “მე მოხარული  და მადლობელი ვარ, რომ ჩემი თანამშრომლობა Visa-სთან შესაძლებლობების ახალ ეტაპზე გადადის. ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნეს პარტნიორებთან, კლიენტებთან და მარეგულირებლებთან აქტიურად მუშაობის შედეგად, ამაყი ვარ, რომ Visa-ს როლი მეწინავეა ციფრული გადახდების მიმართულებით კავკასიაში. ახალ თანამდებობაზე, ჩემი პრიორიტეტია არსებული პოზიციების  გაფართოება, რათა კიდევ უფრო მეტი ციფრული გადახდის პროდუქტი და ინოვაცია შევთავაზოთ რეგიონს“ - დიანა კიღურაძე.

     ##

    მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

    Visa-ს ადმინისტრაციის პრეს-რელიზი

  • IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა

    კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "შექმნილი ვითარების გამო, გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. უკვე მესამე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ.

    კომპანია IDS ბორჯომი საქართველო აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა.

    ერთადერთი ფაქტორი რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს", - აღნიშნულია კომპანია IDS "ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  .

  • ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია - აცხადებს ჩინეთის ელჩი

    ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა განაცხადა. პრესს-კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი. 

    როგორც ელჩმა ვაქცინის წარდგენისას ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული და სანდო მეთოდითაა წარმოებული და მისი უსაფრთოხება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული.

    „ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.

    მისივე თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული და მოწოდებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხების და ქართველის ხალხის სიცოცხლის, უსაფრთოხებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

    "შემდეგ ეტაპზე ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ვაქცინების მიმართულებით. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს კოვიდ 19- ის ეპიდემიის მალე დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

    მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. „კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. როგორ იტყვიან, „მეგობარი გასაჭირში იცნობაო“. 

    ლი იენის სიტყვებით, ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი მსოფლიოში ვაქცინის კვლევის, განვითარების და წარმოების და ვაქცინების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. "ჩინური ვაქცინების ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

    თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვები არ არსებობს. როგორც მან ვაქცინის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს ინტენსიური მიმოწერა აქვს ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დაიწყოს მსჯელობა, თუ როდის დაიწყება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში.

    „როგორც იცით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული „სინოფარმი“, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ შეიძლება დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებიოთ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოებთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • „დიალოგისკენ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას ოპოზიციაში პასუხობენ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას“ პარლამენტში შესვლისა და საკანონმდებლო ორგანოს დისკუსიის პლატფორმად გამოყენებისკენ მოუწოდა.

    მანვე დაამატა, რომ მმართველი გუნდი მზად არის „ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მელიას დაკავება და კანონის აღსრულება პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებისა და სამართლიანი ურთიერთობების აუცილებელი პირობა იყო.

    „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ოპოზიციის საპასუხო გამოხმაურებას გთავაზობთ.

    ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა და მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შესვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის – ახალი არჩევნები საქართველოში. აი, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღი, როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“. 

    გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მორიგი სიტყვების სროლაა. რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა, ვინც ოპონენტია უნდა განადგურდეს. აი, როდესაც ის აზრზე მოვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი. იქამდე ეგ სიტყვები არასერიოზულია“.

    ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, მე როგორც წავიკითხე, საუბარი იყო, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი იმის, რომ მათ მართლა სურთ სიტუაციის ნორმალიზება“.

    ზურა ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „ეს არის რუსული და კრიმინალური სამყაროს მიდგომა – მოდი, მე ჯერ ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ, დაგჩაგრავ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ. ეგეთი რამ არ გამოუვათ. პირობა არის, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“.

    ხატია დეკანოიძე: "ამის იქით არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და ძალისმიერი შტურმი შენობაზე, ამიტომ ჩვენი წინადადება, რომელიც არის საჯარო, რომელიც გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს, არის შემდეგი - განთავისუფლდეს მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ორი ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულა რა თქმა უნდა არ განიხილება".

    22 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატის რანგში საპარლამენტო მოსმენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციას სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა და ხელახალ არჩევნებზე რაიმე სახის დიალოგი „კატეგორიულად გამორიცხა.

    წყარო: https://civil.ge/ka/archives/400738

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური