ევროკავშირის ელჩი საქართველოში „ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს“ შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 18:55

2018 წლის 9 ნოემბერს 68 ახლადარჩეული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრა თბილისში გაიმართა. ელჩი კარლ ჰარცელი მათ ევროკავშირის საქმიანობასა და აქტივობებზე ესაუბრა და მან თითოეულ მათგანს გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“ ასევე ისაუბრეს ჩატარებულ აქტივობებზე, განიხილეს ახალგაზრდების წახალისების გზები და წარადგინეს სამომავლო აქტივობების გეგმები. „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა“, რომელთაც საქართველოსა თუ საზღვარგარეთ უკვე მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოხალისეობრივი გამოცდილება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა და შევეცდები ჩემი მოხალისეობრივი ჩართულობით პოპულარიზაცია გავუწიო ევროკავშირის ღირებულებების ფართოდ გაშუქებას საქართველოს რეგიონებში“. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში  აღნიშნული პროექტის მონაწილემ თათია თურაზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროექტი ფართოდ უხსნის კარებს ქართველ ახალგაზრდებს, რათა მათ გააგრძელონ სწავლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

პროექტის კიდევ ერთი მონაწილე ირაკლი გაბიძაშვილი თვლის, რომ ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და მას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. „ჩვენი მთავარი მიზანია რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის შესახებ. რაც მთავარია გვსურს ახალგაზრდებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რაც გააჩნია ევროკავშირს და რომელსაც მთლიანად აფინანსებენ ევროკავშირის დონორი ორგანიზაციები“, დასძინა მან.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში სერტიფიკატებით დააჯილდოვა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ მათი აქტიური როლის აღსანიშნავად.

როგორც ცნობილია, 12-16 ნოემბერს “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ესტუმრებიან „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ისინი პრეზენტაციებს ჩაატარებებენ ევროკავშირისა და საერთო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და თავიანთ თანატოლებს გააცნობენ ინფორმაციას ევროკავშირის შესაძლებლობებზე ქართველი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და მობილობის სფეროებში. ისინი ასევე დაგეგმავენ საერთო აქტივობებს მომავლისთვის.

 „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წვერ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). ინიციატივა ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარებას.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 527 ჯერ

Related items

  • სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები რეგიონში მშვიდობისა და სიტუაციის დეესკალაციისთვის

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კონფლიქტს მოჰყვა.

    პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დასწრების შემდეგ, მიმართა ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და დიალოგის სწრაფად აღდგენის, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

    ,,ეს ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი და საერთო ინტერესია, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მსოფლიოსათვის უზარმაზარი ეკონომიკური როლი. ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. 

    მინდა ასევე, მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელთაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა გავიმეორო - ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარკება. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მხარეებისთვის სასურველი იქნება.

    ასევე, მინდა მივმართო ევროკავშირს. ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ვართ.

    თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს,  ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა ასევე, ევროკავშირის ინტერესშია. 

    ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. 

    ეს ჩვენი, სამივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანია. სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერია იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა ამერიკის ელჩთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორი, საფფეთ ბაირაქთუთანი, სხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას, ქალბატონ კელი დეგნანსა და საელჩოს კულტურისა და განათლების საკითხთა ატაშეს, ბატონ კრისტოფერ ანდერსონს შეხვდა.

    გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა უმაღლესი განათლების თანამედროვე ტენდენციებზე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს, წლებია მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა აკავშირებს აკადემიურ და საგანმანათლებლო დონეზე.

     

  • საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

    2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
     
    სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულებისა შემდეგ მხარეებს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა,   მინისტრმა  აზერბაიჯანელ ელჩს  საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.
    შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები.
     
    შეხვედრის დასასრულს,  დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ მიულოცა ამ  მეტად საპასუხისმგებლო მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

  • ევროკავშირის ინიციატივის მხარდაჭერით ბოლნისი ეფექტიანი ბიზნესისთვის ახალ პლატფორმას ქმნის

    საქართველოს ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პირობები გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ მათ თავიანთი ბიზნესის უფრო ეფექტიანად ოპერირებისთვის პრაქტიკული საშუალებები და ახალი ცოდნა გადასცა. ეს პროექტი ევროკავშირმა ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში დააფინანსა.

    ბოლნისი საქართველოს მრავალეროვნული, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 53,500 ადამიანს შეადგენს. მათი 63% სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. თუმცა, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული შესაძლებლობების მიუხედავად, ადგილობრივი მწარმოებლები იშვიათად ახერხებდნენ წარმოების ოპტიმიზაციას და მაქსიმალური მოგების მიღებას.

    აღნიშნულის მიზეზები ნაწილობრივ დაკავშირებულია სასოფლო რეგიონებისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ საკითხთან - მცირე ფერმერებს არ აქვთ უნარები ან აღჭურვილობა მაღალი ხარისხის სტანდარტების პროდუქციის საწარმოებლად. ადგილობრივი წარმოებისთვის ძლიერი რეგიონული რეპუტაციის დასამკვიდრებლად მოსავლის რაოდენობა ზოგადად მცირე და ზედმეტად ფრაგმენტულია. აგრეთვე, აღსანიშნავია ამ ტერიტორიის თავისებურება - რეგიონში ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქართულად ვერ საუბრობს და რომლებსაც მოთხოვნაზე ცვლილებების გათვალისწინების ნაცვლად, კვლავაც ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება ურჩევიათ. 

    ბოლნისის მუნიციპალიტეტი პოტენციურად მიმზიდველია ტურისტებისთვის მისი მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, უნიკალური ადგილობრივი ღვინოების და საკვების, აგრეთვე, სტრატეგიული მდებარეობის (საქართველოს დედაქალაქიდან მანქანით 1 საათის გზაზე) გამო. თუმცა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ თითქმის აუთვისებელი იყო.

    ცვლილებები დაიწყო 2017 წლის ივნისში, როდესაც ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმომწერი გახდა და საკუთარი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე (LEDP) მუშაობა წამოიწყო. მოგვიანებით, ამავე წელს, მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტების კონკურსში და 164 აპლიკანტს შორის გახდა 16 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი. ევროკავშირმა პროექტისთვის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ 320,000 ევრო გამოყო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წყალობით, აღნიშნული პროექტის მთლიანმა ბიუჯეტმა 380,000 ევრო შეადგინა.

    ამასთან, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შექმნა ორწლიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მიზნებს განსაზღვრავს და მათი მიღწევის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას მოიცავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმამ მსოფლიო ბანკის დამოუკიდებელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

    პრობლემების იდენტიფიცირება

    2018 წლის დასაწყისში, როდესაც პროექტი დაიწყო, პროექტის გუნდმა უპირველესად შეისწავლა ადგილობრივი ბაზარი, მისი პოტენციალი და ადგილობრივი მწარმოებლებისა და მეწარმეების საჭიროებები. კვლევამ „ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროდუქციის წარმოების შესაძლებლობების და ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა, მიწოდების წყაროები და პერიფერიული მომხმარებლების ბიზნეს ინტერესების შეფასება“ ხელი შეუწყო ეკონომიკური განვითარების მაღალი პოტენციალის სამი სფეროს იდენტიფიცირებას: სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა და ტურიზმი. აღნიშნულ კვლევაში ასევე დეტალურად იყო შესწავლილი მათი შედარებითი ნაკლოვანებები. 

    2019 წლის იანვარში წარდგენილმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ფერმერები, როგორც წესი, ყიდიდნენ საკუთარ მზა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, რომელთა შემდგომი დამუშავება ხდებოდა მეზობელ რეგიონებში. ამის გამო, ისინი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის საწყის ეტაპზე იდგნენ და დაბალ შემოსავალს იღებდნენ. ეს ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ არ ფლობდნენ ან არ ჰქონდათ წვდომა წარმოებისა და შენახვისთვის საჭირო აღჭურვილობაზე. ამას გარდა, ადგილობრივ მწარმოებლებს ნაკლებად ჰქონდათ პროდუქციის შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის, საკუთარი პროდუქტების მაღალი ხარისხის შენახვისთვის, შეფუთვისთვის, დისტრიბუციისა და მარკეტინგისთვის საჭირო ტექნიკური შესაძლებლობა. მსგავსი გამოწვევების წინაშე იდგნენ ბოლნისელი მეღვინეებიც.

    რაც შეეხება ტურიზმს, კვლევამ აჩვენა, რომ ის ადგილობრივი ბიზნესები, რომლებიც ტურისტებს სთავაზობდნენ სერვისებს (კაფე-ბარები, რესტორნები, საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები), რამდენიმე ფაქტორის გამო სრულად ვერ იყენებდნენ საკუთარ პოტენციალს. პირველი, ყველაზე მსხვილ ადგილობრივ ტურისტულ სანახაობას - კატარინენფელდის ისტორიულ სამეზობლოს - არ ჰქონდა

    საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა და მისი მარკეტინგისა და პოპულარიზაციის ინსტრუმენტები. მეორე, ტურისტული სერვისების არსებული ობიექტები ვერ აკმაყოფილებდნენ იმდროინდელ მოთხოვნასაც კი, ვინაიდან არ იცოდნენ, როგორ ემართათ ტურისტებზე ორიენტირებული ბიზნესები.

    კვლევაზე დაფუძნებული გამოსავალი

    აგროცენტრი - ადგილობრივი ფერმერებისა და მეღვინეების წარმოების გაზრდაში დახმარება
    კვლევაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, პროექტის მენეჯერებმა 2020 წლის იანვარში დააფუძნეს აგროცენტრი. იგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იმართება და ფერმერებსა და მეღვინეებს ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს სხვადასხვა ტექნოლოგიას, უფასო კონსულტაციებსა და სამართლებრივ რჩევას, აგრეთვე, წარმოებული პროდუქტებისთვის გასაყიდ სივრცეს. 

    ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აგროცენტრის შენობები საკუთარი ხარჯებით ააშენა. იგი სომხეთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ადვილად მისაწვდომ სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. აგროცენტრის მდებარეობა გასაჩერებლად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების დაგემოვნებისა და ყიდვის მიზნით მოგზაურებისთვისაც მოსახერხებელია.

    აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებსა და მწარმოებლებს ხელმისაწვდომ ფასებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს სამაცივრე, ეტიკეტირების, შეფუთვის, ბოთლში ჩამოსხმისა და გაფილტვრის სერვისებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ღვინისთვის. „აგრეთვე, ფერმერები აგროცენტრში იღებენ საკონსულტაციო და საექსპერტო სერვისებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, „რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მრავალეთნიკური მოსახლეობისთვის“.

    „ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ბოლნისის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა. აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფერო იყო მეღვინეობა“, - განაცხადა ბოლნისის საგრანტო პროექტის მენეჯერმა ნატალია კაკაბაძემ. მან განმარტა, რომ მეღვინეების დასახმარებლად აგროცენტრმა შეიძინა ისეთი აღჭურვილობა, რაც მიუწვდომელი იყო ღვინის ბევრი მწარმოებლისთვის.

    აგროცენტრმა შეისყიდა მანქანა-დანადგარები, რომლებიც მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ საბოლოო პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ყველა სერვისით, მათ შორის, ბოთლში ჩამოსხმა, საცობის გაკეთება და ეტიკეტირება. ვინაიდან ქართველები ღვინოს ძირითადად ქვევრში (ფერმენტაციისა და დაძველების მიზნით მიწის ქვეშ ჩადებული თიხის ჭურჭელში) ინახავენ, აგროცენტრმა ასევე შეიძინა მობილური ხელსაწყო, რომელიც მცირე მეღვინეობებში გადასაადგილებლად არის შექმნილი. აღნიშნულის გამოყენებით ფერმერებს შეუძლიათ ადგილზევე საკუთარი ქვევრიდან ღვინის ამოღება, გაფილტვრა, ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება. 

    „ბოლნისის ღვინო ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოდ ითვლება, მისი ბევრი ჯიში მხოლოდ ამ ტერიტორიისთვის არის დამახასიათებელი. არის ბევრი ნაკლებად გამოცდილი, დამწყები მეღვინე, რომლებსაც ბოთლში ჩამოსხმის ტექნოლოგია სჭირდებოდა. აგროცენტრს უკვე აქვს ბოთლში ჩამოსხმის მობილური აღჭურვილობა, რომლის ტრანსპორტირებაც შესაძლებელია ადგილობრივ მეღვინეობებში. თავად მეღვინეებსაც შეუძლიათ ბოთლში ჩამოსასხმელად თავისი ღვინის ჩვენთან მოტანა. მყიდველები მეღვინეებისგან ითხოვენ პროდუქტის ბოთლში ჩამოსხმას. სხვაგვარად ისინი ვერ შეძლებენ ამ პროდუქტების ბაზრობებზე გამოტანას. ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისების წყალობით, მეღვინეების პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განაცხადა ნატალია კაკაბაძემ.

    ძმების მარანის მფლობელი გურამ არხოფაშვილი ამ პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია. მისმა საწარმომ უკვე ისარგებლა ბოთლში ჩამოსხმის, გაფილტვრის და ღვინის წარმოებისთვის საჭირო სხვა სერვისებით.

    „აგროცენტრის დაფუძნებით ჩვენ ძალიან ვისარგებლეთ. ახლა აღარ გვჭირდება ბოთლში ჩამოსხმის თუ ღვინის საწარმოებლად საჭირო სხვა აღჭურვილობის ყიდვა. ეს სერვისი ძალიან იაფია, მე ვიტყოდი, მსოფლიოში ყველაზე იაფიც კი. აგროცენტრი გვთავაზობს სხვა ბევრ სერვისსაც, მათ შორის, ღვინის ჭურჭლის გარეცხვას და დეზინფექციას“, განმარტა არხოფაშვილმა.

    მან ასევე დაამატა, რომ ამჟამად 25 მეღვინეობა იყენებს ამ სერვისებს, თუმცა, ბოლნისს აქვს იმის პოტენციალი, რომ იქ 800-მდე მეღვინემ იმუშაოს.

    მეღვინეებისთვის ტექნოლოგიების გარდა, აგროცენტრი სხვა ბიზნესებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა სახის შეფუთვისა და ეტიკეტირების აღჭურვილობას. კერძოდ, აქ შესაძლებელია ვაკუუმით და ნახევრად ავტომატური შეფუთვის აღჭურვილობის გამოყენება ბოსტნეულისთვის, ხორცისა და ყველისთვის.

    ყველის მწარმოებელი საწარმოს „დისველის“ დამფუძნებელი მერი მახარაძე აგროცენტრის კიდევ ერთი ბენეფიციარია. მან ასევე ისარგებლა აგროცენტრის მიერ შეთავაზებული საკონსულტაციო სერვისებით, რაც მისი განცხადებით, ძალიან სასარგებლო იყო მისი ბიზნესისთვის.

  • 5 მნიშვნელოვანი ფაქტი შავი ზღვის შესახებ

    რამდენად სუფთაა წყალი შავ ზღვაში?

    პროექტმა „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესება“ (ЕС EMBLAS) ჩაატარა შავი ზღვის წყლის, ფსკერის და ცოცხალი ორგანიზმების გამოკვლევა მათში ქიმიური დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობის და მათი კონცენტრაციის დასადგენად. გაანალიზდა ევროკავშირის მიერ აუცილებელ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები: მდგრადი ორგანული ნივთიერებები, ფარმაცევტული პრეპარატები, პესტიციდები, ბიოციდები, ცეცხლმედეგი ნივთიერებები, სამრეწველო ქიმიკატები და მათი დაშლის პროდუქტები. 2100-ზე მეტი ცნობილი დამაბინძურებელი ნივთიერებიდან წყლის სინჯებში აღმოაჩინეს 124 ნივთიერება. მათ შორის იყო ნავთობპროდუქტები საზღვაო ტრანსპორტიდან, ქაღალდის ჭიქების და შესაფუთი მასალის წარმოებაში გამოყენებული წყალგაუმტარი ნივთიერებები, ასევე ვერცხლისწყალი და დიოქსინები. გარდა ამისა, აღმოჩენილი იქნა სარეველა მცენარეების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პესტიციდები, ასევე ინსექტიციდები, მაგ. ფუტკრებისთვის განსაკუთრებით საშიში ფიპრონილი. პესტიციდების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები დაფიქსირდა საქართველოს სანაპიროსთან.

    ზღვის წყალში აღმოაჩინეს არითმიის და ჰიპერტონიის საწინააღმდეგო ფარმაცევტული პრეპარატების კვალი, ასევე ზღვის ორგანიზმებისთვის მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც შედის პლასტმასის ბოთლების და მზისგან დამცავი კრემის შემადგენლობაში.

    მავნე ფოსფორორგანული ნივთიერებები გვხვდება ყოველდღიური სარგებლობის თითქმის ყველა პროდუქტში, მაგ. ტექსტილი, ავეჯი, კომპიუტერები და ა. შ.; ისინი აღმოჩენილი იქნა მონიტორინგის ყველა სადგურში. ჯამურად ამ ნივთიერებების უდიდესი რაოდენობა გამოვლენილია დუნაის და დნესტრის დელტაში და საქართველოს წყლებში. თუ ქიმიკატების დონე გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, ისინი დამღუპველი გახდებიან ცოცხალი ორგანიზმისთვის და დაარღვევენ ზღვის ბინადრების განვითარების და გამრავლების ციკლს. მაგალითად, დაღუპული დელფინების ქსოვილებში აღმოჩენილი იქნა ქლორის შემცველი პესტიციდების, ტოქსიკური დიოქსინების და ვერცხლისწყლის მაღალი კონცენტრაციები. ყველა ასეთი ნივთიერებისთვის დგინდება ტოქსიკურობის ზღურბლი, და მისი გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ამ ნივთიერებების ამოღება წარმოებიდან, კანალიზაციის წყლების გაწმენდის გაუმჯობესება, ან წარმოებაში მათ გამოყენებაზე აკრძალვის კანონმდებლობით დაწესება.

    „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის მონაცემებით, ამჟამად დაწყებულია მცენარეთა და ცხოველთა სახეობების,   მაგ. ფილოფლორის წითელი აგარშემცველი წყალმცენარის აღდგენის პროცესები, რაც კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის ინდიკატორებია. სანაპირო ზონაში, დამსვენებელთა სასიხარულოდ, ისევ არის შესაძლებელი კიბორჩხალების, კრევეტების და ზღვის ცხენთევზების ნახვა.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    კიდევ მოიპოვება თუ არა შავ ზღვაში თევზი?

    შავ ზღვაში 200-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, მაგთან 30 ძვირფასია სარეწაო თვალსაზრისით; ასეთი თევზებია ქაფშია, ქარსალა, შავი ზღვის სარდელი, ქაშაყი და ღორჯოსებრნი. შავი ზღვის ზომით ყველაზე დიდი თევზი - სვია შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელია.

    თევზის ზოგიერთი სახეობის რაოდენობა კლებულობს და გადაშენების ზღვარს უახლოვდება. მაგალითად, ზღვის ცხენთევზას ეგზოტიკური გამოსახულება მისი თითქმის სრული გაქრობის მიზეზი გახდა. ათობით ათას თევზს ყოველწლიურად აშრობდნენ სუვენირებად ტურისტებისთვის, და ზღვის ცხენთევზა კურორტების მახლობლად პრაქტიკულად გაუჩინარდა. მას შემდეგ, რაც ზღვის ცხენთევზა „უკრაინის წითელ წიგნში“ შეიტანეს და მისი ჭერა აკრძალეს, ამ სახეობის რიცხოვნობამ ზრდა დაიწყო.

    გადაჭარბებულმა მოპოვებამ გავლენა ზუთხისებრთა ოჯახზეც მოახდინა. ეს მოპოვება უმთავრესად ბრაკონიერული იყო, რადგან ზუთხისებრთა ხორცი, და რაც მთავარია, შავი ხიზილალა, განსაკუთრებულად ძვირფას დელიკატესებად ითვლება. გასაკვირი არ არის, რომ შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდივე სახეობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა და ისინი შავი ზღვისპირეთის ყველა ქვეყნის წითელ წიგნებში იქნა შეტანილი. პროექტის EMBLAS კვლევების მიმდინარეობისას ევროპული ზუთხის და სვიის დნმ მთელი შავი ზღვიდან აღებულ მრავალ სინჯში იქნა აღმოჩენილი - ეს ნიშნავს, რომ ამ უნიკალური თევზების გარკვეული რაოდენობა შავ ზღვაში ჯერ კიდევ ბინადრობს.

    ზღვაში ყოველწლიურად დიდი რაოდენობით თევზს იჭერენ, ამ რაოდენობის ნახევარი თურქეთზე მოდის. თევზჭერის საფუძველი გახდა ქაფშია, კეფალი, პელენგასი და მტაცებელი მოლუსკი რაპანა. გადაჭარბებული მოპოვების გამო შავი ზღვაში უკვე აღარ არის თინუსი და სკუმბრია, ხოლო ზუთხისებრნი გადაშენების ზღვარზე იმყოფებიან და მათი ჭერა შავი ზღვისპირეთის ყველა ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერები ამ აკრძალვას გამუდმებით არღვევენ. უსწრაფესად მცირდება კამბალა-კალკანის და კატრანის რაოდენობები, და ისინიც შეაქვთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნების წითელ წიგნებში.

    სულ შავ ზღვაში 5600 სახეობამდე ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მეზობელ ზღვებში. ამის მიზეზია მცირე მარილიანობა და ცივი კლიმატი.

    შავ ზღვაში ბინადრობენ ზვიგენი კატრანი, სკატები, დელფინები და მედუზების 30 სახეობა. მსხვილ წარმომადგენლებს განეკუთვნებიან ფართოდ გავრცელებული მთვარის, ანუ მედუზა აურელია და კორნეროტი. აურელია იშვიათად იწვევს მსუბუქ დამწვრობებს, რომლებიც ერთ საათში უკუვითარდება, ხოლო უფრო დიდ კორნეროტს შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული, მაგრამ სიცოცხლისათვის უსაფრთხო დაზიანებები, რომლებიც რამდენიმე დღეში ქრება.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გლობალურმა დათბობამ ზღვაზე და ზღვისპირა ქალაქებზე?

    გლობალური დათბობის ერთ-ერთი საშიში შედეგი იქნება ზღვის დონის აწევა: უპირველეს ყოვლისა, დნება მყინვარები,  რაც  ზრდის მსოფლიო ოკეანეში არსებული წყლის მოცულობას, მეორეც - წყალი გათბობისას ფართოვდება. ამდენად, ადვილი შესაძლებელია, რომ ოდესამ და შავი ზღვისპირეთის სხვა ქალაქებმა ჩაძირული ოლბიის ბედი გაიზიარონ, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს არა ერთ, და თუნდაც ას წელიწადში, არამედ რამდენიმე საუკუნეში.

    შავ ზღვას წყლის დონის მერყეობის საკუთარი ციკლები აქვს. მაგალითად, 1990-იანი წლების ბოლოდან შავი ზღვის დონემ საშუალოდ 1 სმ-ით დაიწია. ეს შეიძლება გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული - ცნობილია, რომ რაც უფრო თბილია ზღვა, მისი ზედაპირიდან მით უფრო მეტი წყალი ორთქლდება. გარდა ამისა, რაც უფრო თბილი და გვალვიანია წელიწადი, მით უფრო ნაკლები წყალი ჩადის ზღვაში ჩამდინარე მდინარეებიდან. ახლა მდინარეებიდან წყლის ჩადინება შავ ზღვაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 100 წლის წინ, რადგან დნეპრის, ბუგის, დნესტრის და დუნაის წყლების მოცულობის უდიდესი ნაწილი მინდვრების მოსარწყავად მიმართეს. ტემპერატურის მომატებასთან ერთად წყლის მოხმარება ხმელეთზე მატულობს, ხოლო მისი ნაკადი მდინარეების სათავეებიდან მცირდება. წყლის გათბობამ წყალმარჩხ სანაპირო რაიონებში შეიძლება გამოიწვიოს წყალში ჟანგბადის ხსნადობის შემცირება. წარმოიქმნება „მკვდარი წყლის“ ადგილები ლაქების სახით, სადაც ჟანგბადის შემადგენლობა ძალიან დაბალია თევზების, კიბორჩხალების და მოლუსკების სიცოცხლის გადარჩენისთვის, და ისინი მასობრივად იღუპებიან.

    სამდინარო წყლების ჩადინების შემცირებით შავ ზღვაში და ოკეანეების დონის ზრდით, შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა უფრო მიმზიდველი გახდება ხმელთაშუა ზღვის ბინადრებით დასახლებისთვის. ყოველწლიურად შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვის სულ უფრო მეტი სახეობა შემოდის, მაგ. ბარაკუდა და ზღვის კუები.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

     

    მართალია, რომ ზღვაში ბევრი საყოფაცხოვრებო ნარჩენია?

    უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პლასტმასის გამოყენების მასშტაბის ზრდასთან ერთად ნაგვის რაოდენობა მსოფლიო ოკეანეში ასჯერ გაიზარდა - ყოველწლიურად ოკეანეში 8 მილიონამდე ტონა პლასტმასა იყრება. წრიული დინებები მის კონცენტრაციას განსაზღვრულ ადგილზე ახდენენ, და ქმნიან „ნაგვის კუნძულებს“. შავი ზღვა ორჯერ მეტადაა დაბინძურებული ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით, რაც ხდება დიდი მდინარეების ნაკადით პლასტმასის გადატანის და ზღვის შედარებითი იზოლაციის გამო. შავ ზღვაში არსებული მთელი ნარჩენების 85% პლასტმასაა. მსუბუქი პოლიეთილენის ბოთლები და პაკეტები წყლის ზედაპირზე ტივტივისას ულტრაიისფერი სხივების და ტემპერატურის გავლენით თანდათან უფრო წვრილ ფრაგმენტებად იშლება, რომლებიც დროთა განმავლობაში ფსკერზე ილექება.

    ნაგავი ზღვის ეკოსისტემებისთვის პრობლემას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ზღვის ბინადრები მას ხშირად საკვებად აღიქვამენ, ყლაპავენ და ნარჩენები ავსებს მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას. შავ ზღვაზე ამისგან განსაკუთრებით თოლიები ზიანდებიან. მეორეც, ხშირად პლასტმასი ახდენს ორგანული დამაბინძურებელი ნივთიერებების აბსორბირებას, რომლებიც მერე ხვდება ზღვის ბინადრების საჭმლის მომნელებელ სისტემაში და წამლავს მათ. მესამე - ცხოველები შეიძლება გაიხლართონ , ჩაიკარგონ და დაიღუპონ კიდეც ნარჩენებში.

    ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიდი ზომის ნარჩენების გარდა, არსებობს კიდევ უხილავი - მიკროპლასტმასი. მიკროპლასტმასის ორ მესამედზე მეტი წარმოიქმნება საბურავების ცვეთისგან და საავტომობილო გზებიდან ჩამოირეცხება, კიდევ დაახლოებით ერთი მეოთხედი კანალიზაციაში ხვდება სინთეტური ქსოვილების რეცხვისას, საიდანაც ხდება მიკრობოჭკოების აშრევება. წვრილი პლატმასის გრანულებს ასევე ხშირად ამატებენ საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებში, კრემებში, სკრაბებში და კბილის პასტებში, და შემდეგ ისინიც კანალიზაციაში ხვდება. პროექტის EMBLAS კვლევის დროს შავი ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს მიკროპლასტმასის მნიშვნელოვანი ნალექები.

    ზღვის ბინადრები ასევე ზიანდებიან ხმაურით დაბინძურების გამო - კონტეინერმზიდების, ტანკერების და ტრაულერების ხმაურისგან. ინტენსიური ნაოსნობის რაიონებში წყალქვეშა გუგუნი გაუჩერებლად ისმის, ისევე, როგორც საავტომობილო მაგისტრალებზე.

    ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ე. წ. იმპულსური ბგერები, როდესაც იქმნება უზარმაზარი სიძლიერის ხანმოკლე სიგნალი - გამაყრუებელი და კონტუზიის გამომწვევი. მაგალითად, სასარგებლო წიაღისეულის წყალქვეშა სეისმური დაზვერვის დროს გამოყენებულ პნევმატურ ქვემეხებს შეუძლია წარმოშვას ბგერის იმპულსები, რომელთა სიძლიერე კოსმოსური რაკეტის გაშვების დროს წარმოქმნილ ხმას აჭარბებს. ამიტომ შუა ყურის აკუსტიკური ტრავმები, მიღებული ვეშაპისნაირთა მიერ სამხედრო სწავლებების ან სეისმური დაზვერვის დროს, შიძლება მათი ნაპირზე გარიყვის ერთ-ერთი მიზეზი იყოს; ისინი კარგავენ ექო-ლოკაციის დროს ორიენტირების, და ზღვისა და ნაპირის ერთმანეთისგან გარჩევის უნარს.

    შავი ზღვის შესახებ უფრო საინტერესო ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ წიგნში «შავი ზღვის საიდუმლოებები».

    როგორ შეიძლება შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვა?

    ევროკავშირი აფინანსებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლებიც ხელს უწყობს შავი ზღვის ეკოსისტემის შენარჩუნებას. მათ შორის არის ევროკომისიის და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერება“ (EMBLAS), რომელიც სწავლობს ზღვას, აფასებს მის „ჯანმრთელობას“ და ხელს უწყობს პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლას, ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად ატარებს ეკოლოგიურ აქციებს, მაგალითად პლაჟების დასუფთავებას, ასევე აწარმოებს ზღვის ნარჩენების გადამუშავებას ტროტუარის ფილებად. პროექტის ზოგადი მიზანია შავი ზღვის გარემოს დაცვის გაძლიერება უკრაინასა და საქართველოში.

    ევროკავშირის წყლის ინიციატივაეს პროექტი ხელს უწყობს წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას, მდინარეების წყლის სისუფთავის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.  პროგრამა თანამშრომლობს მთავრობებთან თანამედროვე საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შესაქმნელად, ატარებს წყლის რესურსების მონიტორინგს, მათ შორის წყლის ხარისხის ანალიზის თანამედროვე ლაბორატორიების შექმნას, აღჭურვილობის შეძენას, ტექნიკურ მხარდაჭერას და პერსონალის ტრენინგს.

    ევროკავშირის სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

    მიმართულია რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებასა და სანაპირო რაიონების პლასტმასის ნარჩენებით დანაგვიანებასთან ბრძოლაზე.

    საერთაშორისო დახმარება და თანამშრომლობა უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ  საკუთარი წვლილის შეტანა შავი ზღვის ეკოლოგიის შენარჩუნებაში ყველა ჩვენგანსაც შეუძლია. მაგალითად, პლასტიკის შესაფუთი მასალის ნაკლებად გამოყენება, ნაგვის გადაყრა მხოლოდ სპეციალურად გათვალისწინებულ ადგილებზე, ნაპირების დასუფთავებაში მონაწილეობა, ასევე უარის თქმა ფოსფატების და ფოსფიტების შემცველ სარეცხ და კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლებიც წყლის „აყვავებას“ იწვევს.

     

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური