იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 16:56

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ფარგლებში, იუსტიციის სახლში მოწყობილ სპეციალურ სივრცეებში შემოწმება უკვე 6401-მა მოქალაქემ გაიარა. იუსტიციის სახლებში მოწყობილ სივრცეებში ყოველდღიურად სკრინინგს რამდენიმე ასეული ადამიანი იტარებს. იუსტიციიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლში   C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით მიმდინარეობს.  სპეცსივრცეები დღეს მინისტრებმა თეა წულუკიანმა და დავით სერგეენკომ თბილისის იუსტიციის სახლში დაათვალიერეს.
 C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მეტი ეფექტურობისა და მასში მაქსიმალურად მეტი საჭიროების მქონე მოქალაქის ჩართვის მიზნით, იუსტიციის სახლის 12 ფილიალში სპეციალური სივრცის მოსაწყობად იუსტიციის მინისტრის დავალებით გამოთავისუფლდა ფართები, სადაც 10 ოქტომბრიდან  C ჰეპატიტის სკრინინგის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  სტატისტიკური მონაცემების თანახმად,  10 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის სახლის 12 ფილიალში სკრინინგი ჩაიტარა 6401-მა მოქალაქემ, რომელთაგან დადებითი შედეგი აღმოაჩნდა  180-ს, რაც შემოწმებულთა საერთო რაოდენობის 2.81 პროცენტს  წარმოადგენს. კვლევის შედეგები სკრინინგის პროექტში ჩართულ მოქალაქეს კონფიდენციალურობის სრული დაცვით ეგზავნება.
იუსტიციის სახლებში სპეციალური სივრცეების მოწყობის ინიციატივა თეა წულუკიანსა და დავით სერგეენკოს ეკუთვნის, რომელიც გაიზიარა საქართველოს მთავრობამ და 2018 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით მხარი დაუჭირა. სპეცკუთხეების იუსტიციის სახლებში მოწყობის მიზანია  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩართვა. ყოველდღიურად იუსტიციის სახლებს 20 000-მდე  მომხმარებლი სტურმობს, რომელთა დიდი ნაწილი, შესაძლოა,  სკრინინგისთვის  სპეციალურ ლაბორატორიაში მისვლას ვერ ახერხებდეს. იუსტიციის სახლებში, მათ მარტივად, ლაბორატორიაში მისვლის გარეშე ეძლევათ სკრინინგის ჩატარების საშუალება, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში კი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის სკრინინგის  უფასო აქცია თბილისის იუსტიციის სახლში აქამდეც ორჯერ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სკრინინგი 3000-მდე მომხმარებელმა ჩაიტარა. სწორედ მიღებულმა შედეგებმა და  მომხმარებელთა მაღალმა აქტივობამ  განაპირობა, რომ სკრინინგის სპეცსივრცეები იუსტიციის სახლის 12 ფილიალში ხანგრძლივი დროით განთავსდება.
სკრინინგის აქციები მიზნად ისახავს C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა პირმა დროულად გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებით.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ს შეადგენს.
 
 
 
 

წაკითხულია 198 ჯერ

Related items

  • 1 აპრილიდან 1 მაისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა/პასპორტი უფასოდ გაიცემა

    იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდება ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 1 მაისამდე გაგრძელდება. 
    აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
    აქციის ფარგლებში, ისინი სრულიად უფასოდ შეცვლიან ძველ, უვადო დოკუმენტს ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად, ასევე, უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს. 
    საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული სტანდარტის შესაბამისი დოკუმენტებია. 
    დღევანდელი მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.
    აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. 
    აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.
    ბოლო აქციით, რომელიც იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და იმ მოქალაქეებს შეეხებოდა, რომლებიც ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას ფლობდნენ, 93 620-მა მოქალაქემ ისარგებლა და ძველი დოკუმენტი ახალი ელექტრონული მოწმობით შეცვალა.
    2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“.
    საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
    დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

     

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

    პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

    იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

    საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

    ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

  • საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები დღეიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით მიიღებენ

    იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

    თეა წულუკიანს განცხადებით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.

    „პასპორტისა და პირადობის მოწმობის აქცია მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც დამატებით მოტივაციას გაუჩენს მათ, განაახლონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი, შესაძლებლობა ექნება, დააზუსტოს მათ შესახებ დღეისათვის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები.მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო მიიღოს მონაწილეობა აქციაში, რომ საარჩევნო სია იყოს დახვეწილი.

    უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ მოხვდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას, გაზრდის მის სანდოობას. გარდა ამისა, პასპორტის ან პირადობის მოწმობების ვადის გასვლის გამო, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ვერ ახერხებენ საქმისწარმოებას, საზღვრის კვეთას; ვერ სარგებლობენ ელექტრონული სერვისებით, რომელთაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემასაც გადაჭრის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს

    საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს.

    ომბუდმენის მიერ გავრცელებული ინფრომაციიდან ირკვევა, რომ ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს.

     


    "2017 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ ჰანოვერისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 63 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.

     

    პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

    დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.

    დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანიის მხრიდან განხორციელდა დეპორტაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. კერძოდ, დიუსელდორფის ნაცვლად, დასაბრუნებელი პირების დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაბრუნებელი პირების განთავსების პირობები. კონკრეტულად, ჰანოვერში აეროპორტის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი ფართი, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საკვები და დასაბრუნებელ პირებს (ესკორტის თანხლებით) პირველად მიეცათ მოსაწევად სპეციალურ ტერიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა.

    ასევე დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს მისცეს საქართველოში სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემის სისტემურ გადაჭრას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მოახდინონ კომუნიკაცია ფრონტექსისა და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირი საქართველოში გამომგზავრებამდე”- აღნიშნავს ომბუდსმენი.

  • მაშველებმა 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

    შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

    შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

    ამ დროისათვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

    შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური