გიორგი ქობულიამ სინგაპურის მხარესთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018 17:55

სინგაპურში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ენდრიუ ტანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურის საზღვაო ტრანსპორტის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით უკვე დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის შემდეგაც დოკუმენტი დიპლომატიური არხებით გაეგზავნა სინგაპურის მხარეს.

ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში აქტიურად განიხილება საზღვაო კლასტერის შემუშავების იდეა-პროექტი, რომელიც საზღვაო საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საზღვაო კლასტერის შემქმნელი ქვეყანაა, ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება, რომ სინგაპურმა საქართველოსთან ამ კუთხით ითანამშრომლოს და გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პორტებში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის პროექტისა და საპორტო სერვისების დიჯიტალიზაციის პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელთან დაკავშირებითაც სასურველი და სასარგებლო იქნებოდა რეკომენდაციების მიღება ისეთი ქვეყნისგან, როგორიცაა სინგაპური.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი პროგრამების მომზადების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვაო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის MPA აკადემიაში სპეციალური სწავლებების გავლის შესაძლებლობაზე.

 

წაკითხულია 38 ჯერ

Related items

  • გიორგი ქობულია OECD ევრაზიის რეგიონულ დირექტორს უილიამ თომპსონს შეხვდა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონულ დირექტორს უილიამ თომპსონს შეხვდა. 

    შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პროგრამა და მისი პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, პროექტი, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესწავლას და გაუმჯობესებას შეეხებოდა. 

    ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის ფორუმის ჩატარებას შეეხებოდა. 

    შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ OECD-ის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა მისი ორგანიზაციის სახელით გამოთქვა საქართველოს დიდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ეკონომიკური რეფორმების მიმართ. 

    „ჩვენ მოვილაპარაკეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ეხება დიდ პროექტს, რომელსაც ვიწყებთ OECD-ისთან ერთად, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ გარემოს და დაგვეხმარებიან OECD ქვეყნებიდან საგრძნობლად მეტი ინვესტიციის მოზიდვაში. ეს პროექტი დაიწყება 2019 წელს და მთელი წელი გაგრძელდება. მეორე საკითხი შეეხებოდა OECD-ის ევრაზიის კვირეულის ჩატარებას საქართველოში. ეს დიდი პატივი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, დაგვეხმარება კიდევ ერთხელ საქართველოს პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით ბიზნეს სამყაროში და ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა OECD-ისთან კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

    „ჩვენ OECD-ში უაღრესად მოხარულები ვართ, რომ საქართველოში OECD ევრაზია 2019-ის ჩატარების შესაძლებლობა გვაქვს. გვახარებს საქართველოს მთავრობის ასეთი დადებითი დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მაღალი დონის ღონისძიება, რომელზეც იკრიბებიან OECD ევრაზიის ქვეყნების ვიცე პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, და ელჩები,“ - განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა უილიამ თომპსონმა. მისი თქმით, „ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, გააუმჯობესოს საკუთარი პროფილი OECD-ის წევრი ქვეყნებისთვის და აჩვენოს მათ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები, როგორ მოახერხა მან განვითარება და როგორ იქცა რეგიონში წამყვან რეფორმატორ ქვეყნად“. 

    შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

  • გიორგი ქობულია: „აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 1,5 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს“

    აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მინისტრის შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური და სასარგებლო იყო - საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. 

    როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ქობულიამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 3 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია, დღესდღეობით კი  აქვს1,5 მილიარდიანი პორტფელი. „ეს, პრაქტიკულად, ჩვენი ეროვნული პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ბანკი აპირებს ამ პორტფელის გაფართოებას - კერძოდ, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ADB-ის პორტფელის გაფართოების საკითხზე, ასევე საპენსიო რეფორმისა და PPP-ს კანონის დანერგვა-მხარდაჭერაზე“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

    გიორგი ქობულიასა და იეშიმ ელჰან-კაიალარის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში საშუალო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერის კუთხით მუშაობის გააქტიურება. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა წარმოადგინა. „ბანკი რეგიონებში განახორციელებს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს დააკავშიროს - მაგალითად, სასტუმროები და პროდუქტების მწარმოებლები, რათა მათ ითანამშრომლონ. ბანკი ასევე დააფინანსებს მათ ბიზნესებს, რომ შეძლონ პროდუქციის შექმნა და თუ სასტუმროს აშენება“- აღნიშნა მინისტრმა.

  • გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება

    გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან.

    „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე განვიხილეთ, არის საშუალო და მცირე საწარმოების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ვილაპარაკეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნაზე, რომელშიც ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გვეხმარება და დიდ დახმარებას გაგვიწევს მომავალშიც“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

    „ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მოგვცეს ის შედეგები, რომელიც გვჭირდება - მან უნდა დააფინანსოს ის სფეროები, ის კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურ შედეგს მოგვცემენ ეკონომიკის ზრდაში და ასევე მოგვცემენ  ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციის საშუალებას“- აღნიშნა მინისტრმა.

  • „ქართული ღვინის ფესტივალი“ აზიის ქვეყნებში გაიმართა

    „ქართული ღვინის ფესტივალი“ სინგაპურში და ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.

    „ქართული ღვინის ფესტივალს“ ადგილობრივი ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის,  რესტორნების და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

    როგორც დებრა მეიბურგი აცხადებს, აზიის ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სინგაპურში, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა მსგავსი ფორმით პირველად მოეწყო, ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდამისი თქმით, სინგაპურელი იმპორტიორების უმრავლესობა უკვე დაინტერესდა ქართული ღვინით.

    ჰონგ-კონგში ხალხს გაგებული აქვს ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ მწარმოებლების და ღვინის კომპანიებისწარმომადგენლების აქ ყოფნა ბაზარზე წარმატების მოპოვების საწინდარია. ეს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, აგემოვნებენ ღვინოს და კომპეტენციას იღებენ მის მხარდასაჭერად. შანხაის ბაზარზე ქართულ ღვინოს დიდი წარმატება აქვს ამ  რამდენიმე წლის  მუშაობის შედეგად. აშკარაა, რომ ღვინის მიწოდება შეესაბამება ბაზარს, ჩემი აზრით, ქართული ღვინოების, მაგალითად საფერავის  ცოცხალი გემო, ალკოჰოლი, ღვინის წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია, შესანიშნავად შეესაბამება ამ ბაზარს.მოუთმენლად ველოდები სიახლეებს ჩინეთში ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით” - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში გამართულმა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარებმა ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებზე დიდი შთაბეჭდილება მაოხდინა.

    „დებრა მეიბურგის ორგანიზებით, ქართული ღვინის კომპანიებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის მოეწყო ვიზიტები ღვინის ბარებსა და მაღაზიებში, სადაც მოხდა მხარეებს შორის ინფორმაციის და კონტაქტების გაცვლა. ამით,ქართული მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი გაყიდვების ტენდენციებ და ბაზრის მოთხოვნილებები, რაცსაშუალებას იძლევა დაისახოს სწორი სტრატეგიული გეგმა  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე ქართული ღვინისრეალიზაციისთვის“ - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

    სიგაპურში გამართულ დეგუსტაციაზე დებრა მეიბურგის მიერ წარდგენილი იყო 10 ქართული ღვინო და მისი შეხამებ 5 ადგილობრივ საკვებთან,  შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართულ ღონისძიებაზე დებრა მეიბურგმა ქართული ღვინის დეგუსტაცია და სემინარი ჩაატარა

  • Visa აფართოებს გლობალური ტრანზაქციების დამუშავებას სინგაპურისა და დიდი ბრიტანეთის ცენტრების მეშვეობით

    ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრები შექმნილია ციფრული გადახდების მიმართ მსოფლიოშიგაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

    სან-ფრანცისკო –2017წლის 26 ივლისი—საერთაშორისო გადახდების ტექნოლოგიების კომპანიამ - Visa (NYSE:V), დღეს განაცხადა ტრანზაქციების დამუშავების გაფართოება სინგაპურსა და დიდ ბრიტანეთში მდებარე ორი ულტრათანამედროვე მონაცემთა ცენტრის მეშვეობით. ახალი გლობალური დაცვის ცენტრები გაზრდის Visa-ს ინფრასტრუქტურის სიჩქარეს, მოქნილობასა და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას. ამავე დროს გააუმჯობესებს კომპანიის შესაძლებლობას უზრუნველყოს ახალი და კიდევ უფრო დახვეწილი გადახდის შესაძლებლობები დღევანდელი ურთიერთდაკავშირებული გლობალური ეკონომიკის პირობებში.

    „კომერცია და გადახდები ანალოგურიდან ციფრულზე ისტორიული გადასვლის პროცესშია. სულ უფრო მეტი ადამიანი ნაღდი ფულის ნაცვლად გადახდებს ბარათებისა და ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით ახორციელებს,“ განაცხადა Visa-ს ტექნოლოგიების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა რაჯატ ტანეიამ. „აზიასა და ევროპაში ტექნოლოგიური ინვესტიციების მეშვეობით ჩვენ ვხვეწთ ინფრასტრუქტურას, რათა დავაკმაყოფილოთ ციფრული და მობილური გადახდების სწრაფი ზრდის ტემპი. ამავე დროს შევინარჩუნოთ უსაფრთხო, მოსახერხებელი და მუდმივად ხელმისაწვდომი მომსახურება, რომელსაც ჩვენი კლიენტები და პარტნიორები მოელიან.“

    სინგაპურისა და დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ცენტრები დაემატება ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე Visa-ს მონაცემთა ცენტრებს. ოთხი სინქრონიზებული მონაცემთა ცენტრის მეშვეობით Visa-ს გაფართოებული მომსახურების ზონა გაზრდის მის ინფრასტრუქტურულ რესურსებსა და მოქნილობას და მინიმუმამდე შეამცირებს სერვისის შეფერხების ალბათობას Visa-ს 16,600 ფინანსურ უწყებაში, მილიონობით სავაჭრო წერტილსა და 3 მილიონ ბარათზე[i]. ორი ახალი ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი კლასის ტექნოლოგიით, მათ შორის მაღალი მახასიათებლების მქონე ტექნიკით და ენერგოეფექტური ელექტრო და გამაგრილებელი ინფრასტრუქტურით. ორ ახალ ცენტრში ტრანზაქციების დამუშავებას Visa 2018 წლიდან გეგმავს.

     

    სინგაპურის მონაცემთა ცენტრი

    სინგაპურში, 10,000 კვადრატული ფუტის ფართობზე მდებარე ცენტრი Visa-ს ტრანზაქციების დამუშავების პირველი ცენტრია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. იგი მოემსახურება  კლიენტებს, ბარათის მფლობელებსა და სავაჭრო ობიექტებს როგორც მთელ რეგიონში ასევე Visa-ს ქსელს გლობალურად.

    „სინგაპურში უკვე მდებარეობს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ჩვენი მთავარი ოფისი  და ეს ადგილი უკვე მნიშვნელოვანი ცენტრია Visa-ს ბიზნესისთვის“ განაცხადა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის Visa-ს კომპანიათა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კლარკმა. „სინგაპურში ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრის გახსნით ჩვენ ვაძლიერებთ ციფრულ გადახდებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ამავე დროს  ვაგრძელებთ გადახდების დარგში ინოვაციების შემოტანას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.“

    „მოხარულნი ვართ, რომ ახალი მონაცემთა ცენტრის გასახსნელად Visa-მ სინგაპური აირჩია, რაც აძლიერებს სინგაპურის, როგორც სანდო კომერციული და ტექნოლოგიური პარტნიორის პოზიციას“, განაცხადა სინგაპურის ეკონომიკური განვითარების საბჭოს გენერალური მენეჯერის თანაშემწემ, ბატონმა კელვინ უონგმა. „ეს ინვესტიცია მოახდენს Visa-ს ბიზნესის მომსახურების ზონის სრულყოფას სინგაპურში და ადასტურებს, რომ სინგაპური რეგიონული ლიდერია მონაცემთა მართვისა და კავშირის საკითხებში.“

    ახალი მონაცემთა ცენტრი Visa-ს მიერ სინგაპურში ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული მესამე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. 2016 წლის სექტემბერში Visa-მ გახსნა Visa-ს უნივერსიტეტის პირველი საერთაშორისო კამპუსი სინგაპურის სათავო ოფისში. 2016 წლის აპრილში Visa-მ გახსნა სინგაპურის ინოვაციური ცენტრი, რომელიც რეგიონში კლიენტების, პარტნიორებისა და დეველოპერებისთვის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს Visa-ს ექსპერტებთან ერთად მომავალი თაობის კომერციული აპლიკაციების შესაქმნელად.

    დიდი ბრიტანეთის მონაცემთა ცენტრი

     

    2016 წლის ივნისში კორპორაცია Visa-მ განაცხადა, რომ დაასრულა Visa Europe-ის შესყიდვა და დაიწყო ორი კომპანიის საერთო ტექნოლოგიური პლატფორმის მქონე ერთიან გლობალურ ორგანიზაციად გაერთიანების მრავალწლიანი პროცესი. აღნიშნული ინტეგრაციის შედეგს წარმოადგენს Visa-ს გლობალური ტრანზაქციების დამუშავების ქსელთან - VisaNet-თან 3,200 ევროპელი კლიენტის შემოერთება  და აგრეთვე არსებული მონაცემებთა დამუშავების ცენტრის მოდერნიზება დიდ ბრიტანეთში.

    სრული მოდერნიზების შემდეგ 10,000 კვადრატული ფუტის ფართობზე განლაგებული მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რეგიონში არსებულ კლიენტებს უზრუნველყოფს უფრო მეტი ოპერაციული სტაბილურობით და ამავდროულად დააჩქარებს ახალი საგადამხდელო ინოვაციების გამოშვებას ევროპის ბაზარზე.

    „ულტრათანამედროვე მონაცემთა ცენტრის გახსნა ევროპაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ყველა ჩვენს კლიენტსა და პარტნიორს Visa-ს საერთაშორისო რესურსებით და აქტივებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს,“ განაცხადა კორპორაცია Visa-ს ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ შიდიმ.

    # # #

    Visa-ს შესახებ

    Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების სფეროში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან      200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისთვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავებაა სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის მომწოდებლებისთის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათის მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს,  მათ  მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, როგორიცაა სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

     

     



    [i] Visa ბარათების რაოდენობა ემყარება Visa-ს საოპერაციო სერტიფიკატების რაოდენობას 2016 კალენდარული წლისთვის. Visa ბარათების რაოდენობა მოიცავს: Visa, Visa Electron, V PAY და Interlink-ს, ასევე სავაჭრო ობიექტების PLUS ტიპის ბარათებს. მომხმარებელი ფინანსური უწყებების რაოდენობა აღებულია კვარტლის დასასრულის, 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით.  

ბიზნეს ნიუსი

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის...

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამო...

პოპულარული

« ნოემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური