პრემიერ-მინისტრმა და Bank of China Group-ის თავმჯდომარემ ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 12:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკაში დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა. 

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ. 

აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთსა და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. 

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ჩინური კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოში ინვესტირების კუთხით. 

საუბარი ასევე შეეხო ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს და მისი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Bank of China Group-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და Bank of China-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ბანკის წარმომადგენელმა ლინ შენგიანგმა მოაწერეს, საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა "ვაჭრობა და ინვესტიციები". მთავრობის მეთაური ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ასევე დაათვალიერებს ქართულ პავილიონს, რომელშიც 53 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

წაკითხულია 110 ჯერ

Related items

  • საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - პრემიერ-მინისტრი

    საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციის შეხვედრისას აღინიშნა.

    გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, პრემიერმა საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა აშშ-თან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა წვრთნები, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით მიმდინარეობს, კერძოდ - სწავლება „ღირსეული პარტნიორი" (Noble partner).

    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, შავის ზღვის უსაფრთხოება აქტუალური იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ყველა მხარე შეთანხმდა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარეშე ტრანსატლანტიკურ რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

    ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ნატოსთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, ასევე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რათა ქვეყანამ ინტეგრაციის გზაზე პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას.

    სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ჰიბრიდულ გამოწვევებზე, მათ შორის  დეზინფორმაციის გავრცელებაზე. აღინიშნა, რომ ქართული საზოგადოება დეზინფორმაციას ევროპისა და დასავლური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერით უპირისპირდება.

    შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით არსებულ დადებით დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას შეუწყობს ხელს.

    მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესში არსებულ ორპარტიულ მხარდაჭერას, რასაც საქართველოს მხარდამჭერი არაერთი საკანონმდებლო აქტი და რეზოლუციაც ადასტურებს.

    აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებით, საქართველოს 21 თებერვალს დატოვებს.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრი დრეზდენში საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

    საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების განვითარების აქტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარე მათიას როსლერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დრეზდენში გაიმართა.
     
    საუბრისას ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი ხალხის მრავალწლიან მეგობრობას და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. 

    საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის მეთაურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დრეზდენის გალერეის დაკარგული ექსპონატის, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა. 

    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, დრეზდენის მუზეუმის კუთვნილება იყო და მისი დაბრუნებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა.

    შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ საქსონიის მიწის პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

     

  • მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. როგორც მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა, როგორც მარეგულირებელმა, მიიღო გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამ საკითხზე პრეტენზიები აქვს, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა დასახელდეს.

    "სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. "თიბისი ბანკი" არის სისტემური მნიშვნელობის, ძლიერი ფინანსური ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ის, რომ "თიბისი ბანკი" წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენი ეკონომიკის წარმატებაა და ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ - ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოზიცია. "თიბისი ბანკი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მარეგულირებელმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია ამ საკითხზე, სწორედ შინაარსობრივი არგუმენტები უნდა ისმოდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მამუკა ბახტაძის შეფასებით, ასევე ძალიან ცუდი სპეკულაციაა აღნიშნული თემის დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან.

    "მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ყველა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაითვალისწინა ანაკლია და მიმდინარეობს მისი დაფინანსების განხილვა. შესაბამისად, ამ საკითხის პოლიტიკურ სპეკულაციებში გადატანა, რა თქმა უნდა, სრული უპასუხისმგებლობაა. საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და აუცილებლად ექნება ის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • მამუკა ბახტაძე - ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარი განვითარებაა

    ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ყველა რეგიონის თანაბარი განვითარებაა, რაც რეგიონებში ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნის და ეკონომიკური განვითარების წახალისების წინაპირობაა.

    „მინდა, სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებს მოგილოცოთ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა,  რომელიც უკვე მეთორმეტეა კახეთის რეგიონში. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი სოფლისთვის, რადგან საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის იდეა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში შეძლოს, ისარგებლოს ყველა სერვისით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

    სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ეა, რამდენიმე კვირაში კი ახალი ცენტრი ტყიბულში გაიხსნება.

    „ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხის მომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში. უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ  გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას, თქვენ გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება. ჩვენი ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ, ისარგებლონ უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ცენტრში განთავსდება კერძო კომპანიების ფილიალებიც, რომლებიც მოსახლეობას თავიანთ მომსახურებას შესთავაზებენ. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოფელში მცხოვრები პენსიონერები პენსიას ადგილზე მიიღებენ.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა სოფელ უდაბნოს ტურისტულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ ტურისტული მიმართულების კიდევ უფრო განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მთავრობა უზრუნველყოფს.

    „რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენგანისთვის, მაგრამ ამავე დროს სხვა ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, განსაკუთრებით საავტომობილო გზა და გპირდებით, ამასაც ძალიან მოკლე ვადებში გადავჭრით. აქვე არის დავით გარეჯის კომპლექსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის მართლაც უნიკალური ძეგლია და ეს სოფელ უდაბნოს დიდ ტურისტულ პოტენციალს აძლევს. გპირდებით, თითოეული თქვენგანი უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით დაინახავს, რომ ძალიან გაიზრდება თქვენს სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებიც მოსახლეობას 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს, ეტაპობრივად მთელს საქართველოს მოიცავს. 

  • "საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს"

    "საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - ‘'მიღწევები ელიმინაციის გზაზე'' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა.

    მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა.

    „2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა ჯანდაცვაში და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომელიც დაგვხვდა და დღეს გვაქვს ძალიან სწორად გაანალიზებული ჯანდაცვის პრიორიტეტები. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა აქვს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი  მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

    პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო.

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების - სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის" და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

    „დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება  წარმოუდგენელი იყი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს  C ჰეპატიტს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    მთავრობის მეთაურმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, პარტნიორებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ასევე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის საზოგადოების მიერ გაწეულ საქმიანობას და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგები ყველასთვის საამაყოა.

    ორდღიან რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ბიზნეს ნიუსი

ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ყოველწლიურად...

მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური