"მოხდება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევა"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 14:17

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა შეასრულა პირობა, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნებოდა მიღებული. 

„მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდესს, წმინდა სინოდის წევრებს, მეუფეებს შეხვედრისთვის, თბილი მიღებისთვის, დალოცვისთვის. ჩვენ გვქონდა საუბარი მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, საინტერესო ეკლესიისთვის. მთავარი საკითხი იყო, რა თქმა უნდა, კანონპრპოექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში. გვქონდა მსჯელობა, ასევე, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ აქ მივიღეთ გადაწყვეტილება, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. როგორც მოგეხსენებათ, იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე. იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ეკლესიასთან შეთანხმებით საზოგადოების ფართო კონსენსუსით. ეს პირობა ჩვენ შევასრულეთ. საუბარი იყო აქ ვადებზე, თუმცა გუშინ, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასევე, გათვალისწინებულ იქნა სხვა კონფესიების წარმომადგენელთა და ზოგადად, საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია. ასევე, გავითვალისწინეთ, აღვნიშნავ, სხვა კონფესიების წარმომადგენლების პოზიცია და რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ, ზოგადად, საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან, კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაფორმდება მთავრობის შესაბამის, უახლოეს სხდომაზე. დღეს ეს ტექნიკურად ვერ მოესწრება, თუმცა მომდევნო კვირაში ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - უკავშირდება თუ არა კანონპროექტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღების პირობა მმართველმა გუნდმა თავიდანვე დადო.

მისივე თქმით, „არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.”

„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ, როდესაც საუბრობდა ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით, მან, მათ შორის, თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის ატარებდა რეგიონებში თუ ქალაქებში საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

წაკითხულია 110 ჯერ

Related items

  • აშშ-ის სენატისადმი წარდგენილ კანონპროექტში კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები

    აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდესმა (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი), სენატორებმა ლინდსი გრემმა (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლაინის შტატი), კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი), ბენ კარდინმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნიუ ჰემპშირის შტატი) ა. წ. 13 თებერვალს აშშ-ის სენატში შეიტანეს კრემლის აგრესიისაგან ამერიკის უსაფრთხოების დამცავი 2019 წლის კანონპროექტი (Defending American Security from Kremlin Aggression Act of 2019, DASKA)კანონპროექტი მიზნად ისახავს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, გაზარდოს მასზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა. 
    საყურადღებოა, რომ ამ კანონპროექტში, აშშ-ის კონგრესის სხვა, მრავალი წინამორბედი საკანონმდებლო დოკუმენტების მსგავსად, კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები.
    კანონპროექტის მიხედვით, „აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ ყირიმი დაუბრუნოს უკრაინის ხელისუფლების კონტროლს, შეწყვიტოს მხარდაჭერა სეპარატისტული ძალადობისადმი აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი და შეწყვიტოს სირიის ბაშარ ალ ასადის ძალისმიერი რეჟიმის გაძლიერება, რომელიც ჩადის სამხედრო დანაშაულს.“
    „რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) თანხები უნდა მოხმარდეს, სახელმწიფო მდივნის მიერ განსაზღვრულ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსეთის ფედერაციის დამაზიანებელი ზეგავლენისადმი.“ ამ მხრივ ფონდის მიზნების ჩამონათვალში ასახულია, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირების მნიშვნელობა - ფონდის ერთ-ერთი მიზანია „უპასუხოს ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობას, რომელიც გამოწვეულია, თუ გაძლიერებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრითა და ოკუპაციით.“ - აღნიშნულია აქტის ტექსტში.  
    კანონმდებლობა ითვალისწინებს ყოვლისმომცველი პოლიტიკური მექანიზმების შექმნას - მაგ. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სანქციების კოორდინირებისათვის ახალი პოლიტიკური ოფისის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს აშშ-ის მიერ კრემლის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო ქმედებების განხორციელება. იგი ასევე მხარდაჭერას გამოხატავს ნატოსადმი და უკრძალავს აშშ-ის პრეზიდენტს, სენატის თანხმობის გარეშე აშშ-მა დატოვოს ნატო-ს რიგები.
    „არ შეიძლება პუტინის ქმედებების მოთმენა, უმოქმედობის მყისიერი შედეგია სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა, რეგიონული არასტაბილურობა, უკრაინელი მეზღვაურების გატაცება, უკრაინული გემების მიტაცება და საერთაშორისო ნორმების ეროზია. ერთი რამ ცხადია: მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს ზეწოლას მანამდე სანამდე მას არ შეხვდება რეალური წინააღმდეგობა. ამიტომაც ჩვენ შეგვაქვს აქტი, რომელიც ერთიანი სახით პასუხობს კრემლისგან მომდინარე საფრთხისშემცველ რეალობას; ამავე დროს იგი ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს აწვდის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ-ის კონგრესი დაიცავს ჩვენს ინსტიტუტებს, მოკავშირეებსა და ფასეულობებს.“ - ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, აქტის წარმდგენი სენატორის, მენენდესის (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი) განცხადებაში.
    „ჩვენი მიზანია შევცვალოთ სტატუს-კვო და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ შემოვიღოთ მნიშვნელოვანი სახის სანქციები და ზომები. ... ამ აქტში ასახული სანქციები და სხვა სახის ზომები, აქამდე ოდესმე არსებულ ზომებზე უფრო ძლიერია - იგი პირდაპირი პასუხია პუტინის დაუოკებელ სურვილზე, რომ ძირი გამოუთხაროს აშშ-ის დემოკრატიას. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზომები მიმართულია, რომ მაქსიმალურად, ყველაზე უფრო ძლიერი სახით უპასუხოს პუტინის ქმედებებს.“- ნათქვამია აქტის თანასპონსორი სენატორის, გრემის (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლაინას შტატი) განცხადებაში.
    „კონგრესი განაგრძობს, რომ მოწინავე როლი შეასრულოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, აშშ-სა და საზღვარგარეთ დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიასთან ბრძოლაში.“ - აღნიშნულია აქტის თანაპონსორი სენატორის, კარდინის (დემოკრატი-მერილენდის შტატი) მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
    სენატორი გარდნერის (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი) განმარტებით, „პუტინის რუსეთი არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ყველა შესაძლო გზით ცდილობს ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო სამართალს და დაანგრიოს აშშ-ის ლიდერობით არსებული ლიბერალური, გლობალური წესრიგი. ... ამ აქტით კონგრესი აჩვენებს ძლიერ, ორპარტიულ სიმტკიცეს კრემლის სიცრუის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს აქტი მალე მიიღებს კანონის ძალას.“
    „ეს საკანონმდებლო აქტი ეყრდნობა კონგრესის წინა პერიოდის ძალისხმევებს, რომ რუსეთს მოეთხოვოს პასუხი აშშ-ისა  და გლობალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქცევისათვის.“ - აღნიშნავს აქტის თანასპონსორი სენატორი, შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემპშირის შტატი). 
    სენატორების მიერ წარდგენილი აქტი შეიცავს  ახალ ელემენტებს, კერძოდ რუსეთის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დემოკრატიულ ინსტიტუტებში ჩარევის საპასუხოდ რუსეთისადმი აწესებს სანქციებს. ასევე საკანონმდებლო აქტი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს, კერძოდ ასახავს ნატო-სადმი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, ქმნის ეროვნული ერთობის ცენტრს (National Fusion Center), რომ გაუმკლავდეს ჰიბრიდული სახის საფრთხეებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში ქმნის კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ეკონომიკის ოფისს; ზეწოლას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ შეაჩეროს ობსტრუქციული  სახის საერთაშორისო ძალისხმევები; მოითხოვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, წარმოადგინოს არგუმენტაცია, თუ რამდენად პასუხობს რუსეთი კრიტერიუმს, რათა იგი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში;   მოითხოვს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) ხელახალ ავტორიზაციას. იგი დახმარებას აღმოუჩენს კრემლის ჩარევისადმი მოწყვლად ევროპულ ქვეყნებს.      
    ზემოხსენებული კანონპროექტი საჭიროა დამტკიცდეს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ. ამის შემდეგ იგი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონის ძალას მიიღებს.

    აქტის წარდგენის თაობაზე სენატორების მიერ გაკეთებული პრეს-რელიზი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.menendez.senate.gov/news-and-events/press/senators-introduce-bipartisan-legislation-to-hold-russia-accountable 

  • ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა.

     შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე გამახვილდა.

    ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას შორის აქტიური კავშირისა და ინტენსიური გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.

    როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსაც, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, კონკრეტული ინიციატივები იქნება განხილული.

    „საუბარი გვქონდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკურ განზომილებაზე, ასევე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. გვქონდა ძალიან თბილი, საინტერესო შეხვედრა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და ამ ფორმატში განიხილება ყველა კონკრეტული ინიციატივა, რომლითაც ჩვენ გავამყარებთ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის და ეს ხელს შეუწყობს ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებასაც",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

    შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

    ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრით, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

     

  • ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში სენატის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.

    ირაკლი კობახიძემ და ჟერარ ლარშემ ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და საქართველოსა და საფრანგეთს შორის დინამიკური და აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

    ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო კავშირებისა და ხშირი გაცვლითი ვიზიტების, ასევე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საუბარი ასევე შეეხო დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსა და მის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

    „შევეხეთ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ასევე, ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვრის სახელობის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც დაიწყება და რომელიც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის. ვისაუბრეთ, ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    საფრანგეთის სენატის პრეზიდენტის თქმით, ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი განიხილეს.

    „პირველ რიგში, ხაზი გავუსვით იმ ინტენსივობას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს ახასიათებს და ასევე, ჩემს კოლეგასთან ერთად აღვნიშნეთ, რომ ორივემ ჩვენი ძალისხმევით ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს ურთიერთობა უფრო ინტენსიური და ღრმა გახდეს. ასევე ვისაუბრეთ ორი სენატორის ახლახან დასრულებულ მოხსენებაზე, სადაც აღნიშნულია თუ რაოდენ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში. 
    ვისაუბრეთ იმ კომპლექსურ და ძალიან რთულ ურთიერთობაზე, რომელიც რეგიონშია. ერთი მხრივ, ევროპული ინტეგრაციისადმი ოპტიმიზმით და იმედით გამსჭვალული საქართველოს მოსახლეობა და ასევე, ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებობს. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული დღევანდელი სიტუაცია, ფაქტობრივად, ფონად გასდევს ამ ოპტიმისტურად განწყობილი მოსახლეობის სვლას ევროპისკენ. ასევე, საუბარი შეეხო იმ ძალიან პოზიტიურ შედეგებს, რომელიც შეიძლება ხელისუფლების მიერ წარმოებულ პრაგმატულ პოლიტიკას მოჰყვეს. ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ უდიდეს პოტენციალზე, მის განვითარებაზე. ამ სფეროს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან კარგად ვაცნობიერებთ თქვენი ქვეყნისა და მისი ისტორიის მნიშვნელობას. რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ისტორიის სიძველეზე და სიმდიდრეზე, თქვენი ქვეყნის პირველი რესპუბლიკის მთავრობა პარიზიდან სულ ახლოს ცხოვრობდა. ეს ისტორიული ფაქტორიც, ასევე, ჩვენს ურთიერთობებში უნდა გამოვიყენოთ ძალიან პოზიტიურად, მათ შორის, ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც“, - განაცხადა ჟერარ ლარშემ.

    შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

     

  • ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 14-16 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ პარლამენტის პრეს-სამსახური იუწყება.

    ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს, ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდება.

    დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

    ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და ფრანგი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

    ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის სასაფლაოსა და მამულს მოინახულებს.

    პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეიძის შთამომავლებს შეხვდება და პერ-ლაშეზის სასაფლაოზე ქართველი სახელმწიფო მოღვაწის საფლავს გვირგვინით შეამკობს.

    საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

    საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: სოფიო ქაცარავაგიორგი კახიანიდავით სონღულაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

  • ირაკლი კობახიძე ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს, მონსინიორ პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

    შეხვედრაზე საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობასა და ქართულ ისტორიასა და კულტურაში კათოლიკური თემის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.

    თავის მხრივ, მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მნიშვნელობა ევროპული კულტურისთვის.

    ყურადღება, ასევე, საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე გამახვილდა. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კათოლიკური ეკლესია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

    საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ახორციელებს.

    მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს განსაკუთრებული როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

    შეხვედრის დასასრულს, მონსინიორ პოლ რიჩარდ გალაჰერმა პარლამენტის თავმჯდომარეს წმინდა საყდრისა და საქართველოს კათოლიკური თემის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. 

     

ბიზნეს ნიუსი

ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ყოველწლიურად...

მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მამუკა ბახტაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას...

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური