ბიტკოინი 10 წლისაა - მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტის დაბადების დღე საქართველოშიც აღნიშნეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 10:17

10 წელი პირველი კრიპტოვალუტის დაბადებიდან - ბიტკოინის საიუბილეო თარიღი საქართველოშიც აღნიშნეს. ვირტუალური ფულის ათწლიან ისტორიას ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა თავი ერთ ლოკაციაზე - რესტორან „აფხაზეთში“ მოიყარეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო ხედვები გაუზიარეს.  

გამომსველებს შორის იყვნენ:  კრიპტო ეკონომისტი და TetraSales-ის დამფუძნებელი ევგენი რომანენკო, investrelations.com-ის დამფუძნებელი მაიკლლ იჩკოვსკი, Blicico-ს დამფუძნებელი კირა ლამნიმარსელი, Arcona Digital Land-ის დამფუძნებელი დანიილ ჯირდია, Deex.exchange-ის დამფუძნებელი ვლად ზაპოჟნიკოვი, ბიზნესმენი და ქოუჩი ვიაჩესლავ სტავიცკი,  investrelations.com-ის დამფუძნებელი ოლგა ფილატოვა, coinmania.shop-ის თანადამფუძნებელი სულხან ჯაში, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი შერვაშიძე, კრიპტოევანგელისტი, coinmania.exchange-ის თანადამფუძნებელი ზურაბ კერძევაძე, საქართველოს მაინერთა ასოციაციის წევრი, კრიპტოინვესტორი და მრჩეველი, საქართველოს ბიტკოინის საელჩოს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე, ლუნა გრუპის თანადამფუძნებელი გიორგი სალია  და სხვები. ღონისძიებაზე ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ ამბასადორის წოდება მიანიჭა კრიპტოეკონომისტსა და ბლოგერს, ევგენი რომანენკოს, რომელმაც, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა, მიაწოდოს მეზობელ ქვეყნებს  ინფორმაცია კრიპტოსაქართველოზე.

ღონისძიების ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი და გათამაშდა „ბიტკოინის“ ფორმის ე.წ. „კრიპტონაცხვრებიც“. მასპინძლებმა სტუმრები ქართულ ფოლკლორს და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებსაც აზიარეს. განსაკუთრებით საინტერესო კი მათთვის მეორე დღის ვოიაჟი აღმოჩნდა - კრიპტოსამყაროს წარმომადგენლებმა გლდანში მდებარე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოინახულეს და ქართველი მაინერების მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. მოგვიანებით მასპინძლებმა მათთვის კულტურული ტურის ორგანიზებაც მოახერხეს და მცხეთის ღირშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.

„ქართველმა კრიპტოენთუზიასტებმა ძალიან თბილი დახვედრა მოგვიწყეს. შესანიშნავი ღონისძიებაა! ეს არის რაღაც დიდის და კარგის დასაწყისი! ბედნიერები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ და ახლა. გილოცავთ ბიტკოინის დაბადების დღეს, კრიპტოკოლეგებო! „გაუმარჟოს საკარტველოს“! -  ვერ მალავდნენ ემოციებს უცხოელი სტუმრები.

ღონისძიებას რამდენიმე ორგანიზაციამ - საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ, კოინმანიამ, საქართველოს ბიტკოინის საელჩომ, ოქროს საწმისმა და ლუნა გრუპმა - უმასპინძლა. მედიამხარდამჭერთა შორის კი Ituber, ნავიგატორი, BitNewsToday (BNT), Whales Avenue, CoinFox, newsBTC, CSHBCLUB, loffl. cryptoinvest.biz, bitnovosti.com, innmind.com, letknow.news, atticlab.net, BitTrader Group, bits.media, the owners, freedman club, CryptoAcademy, Fork Log და სხვები აღმოჩდნენ.

„აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებაში და ამგვარი ღონისძიებები კიდევ მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო კრიპტოსაზოგადოებაში. კარგი იქნებოდა, რომ მეტი ჩართულობა ყოფილიყო მთავრობის მხრიდან, თუმცა... ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ მიმართულებითაც მივიღებთ სასიკეთო ცვლილებებს“ - აღნიშნა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ.

 ცნობისთვის,

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომლის გამოგონება სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილ ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს უკავშირდება. გამოგონების შესახებ საჯარო განცხადება ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად სატოში ნაკამოტომ 2008 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ხოლო 2009 წლიდან კი კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა P2P პრინციპზეა აგებული, რაც მთავარი სერვერის გვერდის ავლით, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე,  კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. ტრანზაქციები ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში მოწმდება და საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში ინახება, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება . ბიტკოინი შეიძლება სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე გადაიცვალოს. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი არის ბიტკოინის მომხმარებელი (წყარო: ვიკიპედია).

წაკითხულია 85 ჯერ

Related items

  • საერთაშორისო კონფერენცია და მასშტაბური ბანკეტი - ბიტკოინის მეათე საიუბილეო თარიღი 30 ოქტომბერს თბილისში აღინიშნება

    30 ოქტომბერს კრიპტოსამყაროს წარმომადგენლობა მსოფლიოს ათი ქვეყნიდან თავს რესტორან „აფხაზეთში“ მოიყრის. ქართველი და უცხოელი პარტნიორების ორგანიზებით, ბიტკოინის მეათე საიუბილეო თარიღი თბილისში აღინიშნება და მას საერთაშორისო კონფერენცია და სპეციალური ივენთი  მიეძღვნება. უცხოელი სტუმრებისთვის გადატვირთულ ქუჩებში გადაადგილების დისკომფორტის ასარიდებლად ქართველმა მასპინძლებმა ღონისძიების ყველა ეტაპი ერთ ლოკაციაზე დაგეგმეს. ივენთზე რეგისტრაცია აღნიშნულ მისამართზე 14:00 საათიდან დაიწყება, კონფერენცია კი სტარტს 15:00 საათზე აიღებს.

    „კონფერენციის მსვლელობის პროცესში დაგეგმილია ე.წ. Coffee break, ხოლო დღის ბოლოს გაიმართება სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი ბანკეტი. სტუმრებს ქართული სიმღერის მოსმენის, ეროვნული ცეკვების ხილვის, ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ღამის 12 საათზე კი საიუბილეო ტორტიც გაიჭრება. უცხოელ სტუმრებს არანაკლებ საინტერესო ღონისძიებები მომდევნო დღესაც ელოდებათ. ქართველი მასპინძლები მათთვის ქალაქგარეთ გასვლას, ღვინის ტურის ორგანიზებას და ქართული კერძების დეგუსტაციას გეგმავენ. „ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იუბილე გამოვა.“- განმარტავენ საღამოს ორგანიზატორები.

    გამომსველებს შორის არიან:  კრიპტო ეკონომისტი და TetraSales-ის დამფუძნებელი ევგენი რომანენკო, investrelations.com-ის დამფუძნებელი მაიკლლ იჩკოვსკი, Blicico-ს დამფუძნებელი კირა ლამნიმარსელი, Arcona Digital Land-ის დამფუძნებელი დანიილ ჯირდია, Deex.exchange-ის დამფუძნებელი ვლად ზაპოჟნიკოვი, ბიზნესმენი და ქოუჩი ვიაჩესლავ სტავიცკი,  investrelations.com-ის დამფუძნებელი ოლგა ფილატოვა, coinmania.shop-ის თანადამფუძნებელი სულხან ჯაში, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი შერვაშიძე, კრიპტოევანგელისტი, coinmania.exchange-ის თანადამფუძნებელი ზურაბ კერძევაძე, საქართველოს მაინერთა ასოციაციის წევრი, კრიპტოინვესტორი და მრჩეველი, საქართველოს ბიტკოინის საელჩოს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე, ლუნა გრუპის თანადამფუძნებელი გიორგი სალია  და სხვა.

    მედია პარტნიორების სია კი ასე გამოიყურება: Ituber, ნავიგატორი, BitNewsToday (BNT), Whales Avenue, CoinFox, newsBTC, CSHBCLUB, loffl. cryptoinvest.biz, bitnovosti.com, innmind.com, letknow.news, atticlab.net, BitTrader Group, bits.media, the owners, freedman club, CryptoAcademy, Fork Log

    უცხოელ სტუმრებს რამდენიმე ორგანიზაცია - საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია, კოინმანია, საქართველოს ბიტკოინის საელჩო, ოქროს საწმისი და ლუნა გრუპი - მასპინძლობს.

    ღონისძიებაზე დასწრება სპეციალური ბილეთის შეძენის გარეშე მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტებისთვის არის შესაძლებელი. აკრედიტაციის გასავლელად კი მსურველებს მარტივი პროცედურის გავლა მოუწევთ. მათ განაცხადი ელ. ფოსტაზე უნდა გადააგზავნონ ან/და მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ღონისძიებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე უნდა დარეკონ.

  • ინფორმაცია კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

    „28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შევახსენებთ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წესებს. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს  საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება. თუმცა  აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ამომრჩეველთა სამაგიდო სიის, ასევე ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

    მისივე თქმით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ გადაიღონ კენჭისყრის პროცესი იმგვარად, რომ სტაციონარული ვიდეოგადამღები აპარატი დადგმული იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, რომელიც ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ შესაძლებელი იყოს საარჩევნო ყუთის გადაღება.

    ამასთან, ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღება ერთხელ, გადაადგილების შეუზღუდავად, აწარმოონ არაუმეტეს 10 წუთისა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ.  თუ მედიის წარმომადგენლებს ექნებათ სურვილი აწარმოონ გადაღება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში ვალდებულნი არიან დაიკავონ კენჭისყრის შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

    „ასევე შეგახსენებთ, რომ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტისა თუ მედიის წარმომადგენლებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე დააკვირდნენ ნებისმიერ პროცედურას; მათ შორის,  დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემისა და მათი დამოწმების პროცესს.

    ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საარჩევნო კოდექსში მიმდინარე წლის ივლისში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, დაუშვებელია   სამაგიდო სიის და მისი ასლის გატანა, მისი ფოტო-ვიდეო გადაღება, ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

  • AISI COIN-ს გადახდის საშუალებად კიდევ ერთი ბიზნესი - ლაუნჯ-ბარი “ჰელიუმი“ ამკვიდრებს

    Luna Group-ის პარტნიორთა რიცხვს კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა -  27 ოქტომბრიდან AISI COIN-ით ანგარიშსწორება Helium Resto-Bar and Sushi Lounge -შიც იქნება შესაძლებელი. ორგანიზაციის დამფუძნებლები თვლიან, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ იქნება გადადგმული.

    „მიხარია, რომ ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზაობას, ფეხი აუწყოს ციფრულ ეკონომიკას. ჰელიუმი რიგით მეხუთე ობიექტია, რომელმაც გადაწყვიტა, ქართული კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად მიიღოს. იცით, ალბათ, რომ AISI Coin უკვე რამდენიმე კვირაა Waves Platform DEX - ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ მისი ყიდვა/გაყიდვის ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის შესაძლებლობა. აისი კოინის დამკვიდრება ქართულ ყოფით რეალობაში კი ნიშნავს მეტს ინოვაციას, მეტ სარგებელს, მეტ კმაყოფილ მომხმარებელს და ა.შ. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა რესტორანი „საბატონი“ და კომპანიები: „ტუსკაძე და პარტნიორები“, Geo Dental Lab, „იდეების ფორმულა“. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორების რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ მეტად გაიზრდება“    - აცხადებს Luna Group-ის დამფუძნებელი, გიორგი შერვაშიძე.

    კრიპტოვალუტას და ბლოკჩეინ სისტემას ინოვაციურს და საჭიროს უწოდებს Helium Resto-Bar and Sushi Lounge  -ის მმართველი მენეჯერი, დავით ქარსელაძე.

    „ეს არის მომავალი და ჩვენ ფეხს ვუწყობთ მას. ვფიქრობთ, რომ გადახდის მრავალი ფორმის არსებობა, იქნება ეს საბანკო, ქეში თუ კრიპტოვალუტა, ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს, რაც ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციისთვის. აისი კოინის შემთხვევაში, ხაზგასასმელია ტრანზაქციის სიჩქარეც. თუ საბანკო სისტემას 2-3 დღე სჭირდება თანხის ანგარიშზე დასასმელად, კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ეს პრობლემა სრულად იხსნება. გარდა ამისა, მას არ გააჩნია გადახდის საკომისიო და ესეც, თავის მხრივ, დიდი კომფორტია.“ - აღნიშნა დავით ქარსელაძემ.

    ამ ფაქტის აღსანიშნავად ორგანიზაციების ხელმძღვანელები ერთობლივ ალაფურშეტს აწყობენ და დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე დასასწრებად ეპატიჟებიან.

     „მოეწყობა ალაფურშეტი, გაიჭრება ტორტი. ვეპატიჟებით ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უბრალოდ, გართობის მოყვარულებს. დასწრება თავისუფალია!

    თავის დროზე მოსულები წინ დასხდებიან და ტორტიც შეხვდებათ, თუ, რა თქმა უნდა, უფრო ადრე მოსულები არ დაასწრებენ“ - ხუმრობენ პარტნიორები.

    ორგანიზაციები მემორანდუმს პარასკევს, 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე გააფორმებენ.  

  • გიორგი შარვაშიძემ ჩეხეთისა და სლოვაკეთის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ჩეხოსლოვაკიის სახით  დაფუძნების  100 წლისთავს.

    გიორგი შერვაშიძემ  დამსწრე სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთსა და სლოვაკეთს საიუბილეო თარიღი მიულოცა. მისი განცხადებით, აღნიშნული თარიღი, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩეხებისა და სლოვაკებისთვის, არამედ მთელი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთვის.

    „1918 წელს, ჩეხოსლოვაკიის მიერ დამოუკიდებლობის მიღწევა  გახლდათ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ისტორიაში გარდატეხის წერტილი, რამაც განაპირობა განვითარებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ხალხთა შორისი კავშირების ინტენსიფიკაციას. ძალიან მნიშნველოვანია, რომ ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“. - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

    გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე და აღნიშნა, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია საერთო ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, ადამიანური ღირსება, მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება.

    სადღესასწაულო ღონისძიება, საქართველოში ჩეხეთისა სლოვაკეთის საელჩოების ორგანიზებით,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აღინიშნა. საღამოზე ჯაზ ბენდის “Fats Jazz Band” კონცერტი გაიმართა.

  • მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.

    მთავრობის მეთაური კანცლერ მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

    „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული გერმანია დღევანდელ მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

    მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ინტენსიური. ამ საქმეში დიდია გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურება.

    თქვენი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, პირადად მემასპინძლა თქვენთვის.

    სიმბოლურია, რომ თქვენი ჩამობრძანება დაემთხვა ჩვენი ერების მეგობრობის  200 წლის იუბილეს, რომელსაც ფართოდ აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოში. ჩემთვის ასევე უდიდესი პატივია მომავალ კვირას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაში მონაწილეობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და გერმანულ საზოგადოებას თანამედროვე ქართული კულტურის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

    მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობს გერმანელი ხალხის მხრიდან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე თქვენი ურყევი პოზიცია.

    მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტისას, მომეცა შესაძლებლობა, ერთად გვემსჯელა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალ ერთობლივ პროექტებზე. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პირადი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ჩვენს სამომავლო პარტნიორობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.

    ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე და გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენი და გერმანელი ხალხის მიმართ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მილოცვაში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გაეგზავნა. 

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური