გიორგი ქობულია OECD ევრაზიის რეგიონულ დირექტორს უილიამ თომპსონს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 16:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონულ დირექტორს უილიამ თომპსონს შეხვდა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პროგრამა და მისი პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, პროექტი, რომელიც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესწავლას და გაუმჯობესებას შეეხებოდა. 

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის ფორუმის ჩატარებას შეეხებოდა. 

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ OECD-ის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა მისი ორგანიზაციის სახელით გამოთქვა საქართველოს დიდი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ეკონომიკური რეფორმების მიმართ. 

„ჩვენ მოვილაპარაკეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ეხება დიდ პროექტს, რომელსაც ვიწყებთ OECD-ისთან ერთად, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ გარემოს და დაგვეხმარებიან OECD ქვეყნებიდან საგრძნობლად მეტი ინვესტიციის მოზიდვაში. ეს პროექტი დაიწყება 2019 წელს და მთელი წელი გაგრძელდება. მეორე საკითხი შეეხებოდა OECD-ის ევრაზიის კვირეულის ჩატარებას საქართველოში. ეს დიდი პატივი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, დაგვეხმარება კიდევ ერთხელ საქართველოს პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით ბიზნეს სამყაროში და ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა OECD-ისთან კიდევ უფრო ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

„ჩვენ OECD-ში უაღრესად მოხარულები ვართ, რომ საქართველოში OECD ევრაზია 2019-ის ჩატარების შესაძლებლობა გვაქვს. გვახარებს საქართველოს მთავრობის ასეთი დადებითი დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მაღალი დონის ღონისძიება, რომელზეც იკრიბებიან OECD ევრაზიის ქვეყნების ვიცე პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, და ელჩები,“ - განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის ევრაზიის რეგიონის დირექტორმა უილიამ თომპსონმა. მისი თქმით, „ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის, გააუმჯობესოს საკუთარი პროფილი OECD-ის წევრი ქვეყნებისთვის და აჩვენოს მათ ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები, როგორ მოახერხა მან განვითარება და როგორ იქცა რეგიონში წამყვან რეფორმატორ ქვეყნად“. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

წაკითხულია 65 ჯერ

Related items

  • გიორგი ქობულიამ სინგაპურის მხარესთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

    სინგაპურში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ენდრიუ ტანს შეხვდა.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურის საზღვაო ტრანსპორტის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

    შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით უკვე დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის შემდეგაც დოკუმენტი დიპლომატიური არხებით გაეგზავნა სინგაპურის მხარეს.

    ამასთან, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში აქტიურად განიხილება საზღვაო კლასტერის შემუშავების იდეა-პროექტი, რომელიც საზღვაო საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საზღვაო კლასტერის შემქმნელი ქვეყანაა, ქართულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება, რომ სინგაპურმა საქართველოსთან ამ კუთხით ითანამშრომლოს და გამოცდილება გაუზიაროს.

    შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პორტებში „ერთი ფანჯრის“ პრინციპის პროექტისა და საპორტო სერვისების დიჯიტალიზაციის პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელთან დაკავშირებითაც სასურველი და სასარგებლო იქნებოდა რეკომენდაციების მიღება ისეთი ქვეყნისგან, როგორიცაა სინგაპური.

    მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი პროგრამების მომზადების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საზღვაო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის MPA აკადემიაში სპეციალური სწავლებების გავლის შესაძლებლობაზე.

     

  • გიორგი ქობულია: „აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 1,5 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს“

    აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მინისტრის შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური და სასარგებლო იყო - საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. 

    როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ქობულიამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 3 მლრდ დოლარამდე ინვესტიცია, დღესდღეობით კი  აქვს1,5 მილიარდიანი პორტფელი. „ეს, პრაქტიკულად, ჩვენი ეროვნული პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ბანკი აპირებს ამ პორტფელის გაფართოებას - კერძოდ, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ADB-ის პორტფელის გაფართოების საკითხზე, ასევე საპენსიო რეფორმისა და PPP-ს კანონის დანერგვა-მხარდაჭერაზე“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

    გიორგი ქობულიასა და იეშიმ ელჰან-კაიალარის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში საშუალო და მცირე ბიზნესების მხარდაჭერის კუთხით მუშაობის გააქტიურება. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ამ მიმართულებით ბანკმა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა წარმოადგინა. „ბანკი რეგიონებში განახორციელებს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს დააკავშიროს - მაგალითად, სასტუმროები და პროდუქტების მწარმოებლები, რათა მათ ითანამშრომლონ. ბანკი ასევე დააფინანსებს მათ ბიზნესებს, რომ შეძლონ პროდუქციის შექმნა და თუ სასტუმროს აშენება“- აღნიშნა მინისტრმა.

  • გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება

    გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან.

    „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე განვიხილეთ, არის საშუალო და მცირე საწარმოების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ვილაპარაკეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნაზე, რომელშიც ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გვეხმარება და დიდ დახმარებას გაგვიწევს მომავალშიც“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

    „ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მოგვცეს ის შედეგები, რომელიც გვჭირდება - მან უნდა დააფინანსოს ის სფეროები, ის კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურ შედეგს მოგვცემენ ეკონომიკის ზრდაში და ასევე მოგვცემენ  ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციის საშუალებას“- აღნიშნა მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური