ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 18:36

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობისშესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით  ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს,  აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა ყველა, 55-ივე საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მისივე თქმით, დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე.

„ასევე ვეხმაურებით საკონსულო რეგისტრაციების ცალკეულ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნავთ, რომ ცესკომ საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიები შეადგინა როგორც საკონსულოებისგან, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებული კითხვები ცდება ცესკოს კომპეტენციას“, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს, ანა მიქელაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმის დათვლის პროცედურებს.

წაკითხულია 187 ჯერ

Related items

  • ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

    თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

    რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

    სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

    არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

    „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

    პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

    იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

    საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

    ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

  • საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

    დღეს, მედიასაშუალებებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის #2-ე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე და წევრები საარჩევნო ყუთში ყრიდნენ ბიულეტენებს და თითქოს ამომრჩეველს უბანზე დახვდა გამზადებული და შემოხაზული ბიულეტენი, არის ცრუ ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პარტიების წარმომადგენლებს შესწავლის გარეშე და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ განცხადებებს, რამაც შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო პროცესი და საფუძვლის გარეშე მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დისკრედიტაცია.

    მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მშვიდად და დაუსაბუთებელი ბრალდებების გარეშე გააგრძელონ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება. 28 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ემსახურება ამომრჩევლებს და იცავს თითოეული მათგანის ნებას. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც დემოკრატიულად ორგანიზებული არჩევნები და მცირე ხარვეზები ვერ მოახდენს გავლენას შედეგზე, თუმცაღა ეს ინციდენტიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არის ინტერპრეტირებული სიცრუე და ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. 

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისნის #2-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ვაცხადებთ, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელიც შეამოწმა ნაკადის მომწესრიგებელმა და მას არ ჰქონდა მარკირება, სიაში მისი სახელის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა - რაც წარმოადგენს პროცედურულ ხარვეზს და ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორი კომისიის წევრი წერს ფაქტობრივი გარემოების აღმწერ ახსნა-განმარტებას. საკანონმდებლო პროცედურა განსაზღვრავს, რომ თუ რომელიმე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში შეცდომით ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, შესაბამისი ამომრჩეველი, რომლის გვარის გასწვრივაც ფიქსირდება ხელმოწერა, იმავე გრაფაში აწერს ხელს.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც მოითხოვა, რომ ამომრჩეველს მისცემოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რათა არ დარღვეულიყო მისი კონსტიტუციური უფლება, რაზეც უბნის თავმჯდომარემაც მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება. პარტიების წარმომადგენლებს კი ჰქონდათ უხეში მცდელობა ხელი შეეშალათ ამომრჩევლისთვის, რაც ცალსახად ჩანს გავრცელებულ კადრებშიც.  

    საარჩევნო ადმინისტრაციას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ჰქონდა და ექნება კანონისმიერი რეაგირება ნებისმიერ გადაცდომაზე, მათ შორის ამ უბნის რეგისტრატორის ქმედებასა თუ სხვა პროცედურულ ხარვეზზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, ასევე წარიმართოს გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში.

  • ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ, მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

    „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, ყველა მედია საშუალებას, რომლებიც აშუქებდნენ არჩევნების დღის მიმდინარეობას და საზოგადოებას დროულად აცნობდნენ ინფორმაციას მიმდინარე სიახლეების შესახებ“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების პრაქტიკულად 100% ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. „შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს.

    წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ: მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500  საჩივარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. შესაბამისად, მათი შინაარსი ანალოგიურია.

    საჩივრების  უმეტესი ნაწილი  მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, რომლებზეც ასევე იქნება შესაბამისი რეაგირება.

    შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე 2 დღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

    ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად 6 საარჩევნო უბანზე გაიმართა.  აღნიშნული არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 7 925 ამომრჩეველი. ხოლო საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებული იყო 8 კანდიდატი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური