AISI COIN-ს გადახდის საშუალებად კიდევ ერთი ბიზნესი - ლაუნჯ-ბარი “ჰელიუმი“ ამკვიდრებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 10:43

Luna Group-ის პარტნიორთა რიცხვს კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა -  27 ოქტომბრიდან AISI COIN-ით ანგარიშსწორება Helium Resto-Bar and Sushi Lounge -შიც იქნება შესაძლებელი. ორგანიზაციის დამფუძნებლები თვლიან, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ იქნება გადადგმული.

„მიხარია, რომ ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზაობას, ფეხი აუწყოს ციფრულ ეკონომიკას. ჰელიუმი რიგით მეხუთე ობიექტია, რომელმაც გადაწყვიტა, ქართული კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად მიიღოს. იცით, ალბათ, რომ AISI Coin უკვე რამდენიმე კვირაა Waves Platform DEX - ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ მისი ყიდვა/გაყიდვის ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის შესაძლებლობა. აისი კოინის დამკვიდრება ქართულ ყოფით რეალობაში კი ნიშნავს მეტს ინოვაციას, მეტ სარგებელს, მეტ კმაყოფილ მომხმარებელს და ა.შ. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა რესტორანი „საბატონი“ და კომპანიები: „ტუსკაძე და პარტნიორები“, Geo Dental Lab, „იდეების ფორმულა“. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორების რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ მეტად გაიზრდება“    - აცხადებს Luna Group-ის დამფუძნებელი, გიორგი შერვაშიძე.

კრიპტოვალუტას და ბლოკჩეინ სისტემას ინოვაციურს და საჭიროს უწოდებს Helium Resto-Bar and Sushi Lounge  -ის მმართველი მენეჯერი, დავით ქარსელაძე.

„ეს არის მომავალი და ჩვენ ფეხს ვუწყობთ მას. ვფიქრობთ, რომ გადახდის მრავალი ფორმის არსებობა, იქნება ეს საბანკო, ქეში თუ კრიპტოვალუტა, ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს, რაც ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციისთვის. აისი კოინის შემთხვევაში, ხაზგასასმელია ტრანზაქციის სიჩქარეც. თუ საბანკო სისტემას 2-3 დღე სჭირდება თანხის ანგარიშზე დასასმელად, კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ეს პრობლემა სრულად იხსნება. გარდა ამისა, მას არ გააჩნია გადახდის საკომისიო და ესეც, თავის მხრივ, დიდი კომფორტია.“ - აღნიშნა დავით ქარსელაძემ.

ამ ფაქტის აღსანიშნავად ორგანიზაციების ხელმძღვანელები ერთობლივ ალაფურშეტს აწყობენ და დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე დასასწრებად ეპატიჟებიან.

 „მოეწყობა ალაფურშეტი, გაიჭრება ტორტი. ვეპატიჟებით ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უბრალოდ, გართობის მოყვარულებს. დასწრება თავისუფალია!

თავის დროზე მოსულები წინ დასხდებიან და ტორტიც შეხვდებათ, თუ, რა თქმა უნდა, უფრო ადრე მოსულები არ დაასწრებენ“ - ხუმრობენ პარტნიორები.

ორგანიზაციები მემორანდუმს პარასკევს, 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე გააფორმებენ.  

წაკითხულია 228 ჯერ

Related items

  • ბიტკოინი 10 წლისაა - მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტის დაბადების დღე საქართველოშიც აღნიშნეს

    10 წელი პირველი კრიპტოვალუტის დაბადებიდან - ბიტკოინის საიუბილეო თარიღი საქართველოშიც აღნიშნეს. ვირტუალური ფულის ათწლიან ისტორიას ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა თავი ერთ ლოკაციაზე - რესტორან „აფხაზეთში“ მოიყარეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და სამომავლო ხედვები გაუზიარეს.  

    გამომსველებს შორის იყვნენ:  კრიპტო ეკონომისტი და TetraSales-ის დამფუძნებელი ევგენი რომანენკო, investrelations.com-ის დამფუძნებელი მაიკლლ იჩკოვსკი, Blicico-ს დამფუძნებელი კირა ლამნიმარსელი, Arcona Digital Land-ის დამფუძნებელი დანიილ ჯირდია, Deex.exchange-ის დამფუძნებელი ვლად ზაპოჟნიკოვი, ბიზნესმენი და ქოუჩი ვიაჩესლავ სტავიცკი,  investrelations.com-ის დამფუძნებელი ოლგა ფილატოვა, coinmania.shop-ის თანადამფუძნებელი სულხან ჯაში, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი შერვაშიძე, კრიპტოევანგელისტი, coinmania.exchange-ის თანადამფუძნებელი ზურაბ კერძევაძე, საქართველოს მაინერთა ასოციაციის წევრი, კრიპტოინვესტორი და მრჩეველი, საქართველოს ბიტკოინის საელჩოს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე, ლუნა გრუპის თანადამფუძნებელი გიორგი სალია  და სხვები. ღონისძიებაზე ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ ამბასადორის წოდება მიანიჭა კრიპტოეკონომისტსა და ბლოგერს, ევგენი რომანენკოს, რომელმაც, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა, მიაწოდოს მეზობელ ქვეყნებს  ინფორმაცია კრიპტოსაქართველოზე.

    ღონისძიების ბოლოს საზეიმოდ გაიჭრა ტორტი და გათამაშდა „ბიტკოინის“ ფორმის ე.წ. „კრიპტონაცხვრებიც“. მასპინძლებმა სტუმრები ქართულ ფოლკლორს და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებსაც აზიარეს. განსაკუთრებით საინტერესო კი მათთვის მეორე დღის ვოიაჟი აღმოჩნდა - კრიპტოსამყაროს წარმომადგენლებმა გლდანში მდებარე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოინახულეს და ქართველი მაინერების მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. მოგვიანებით მასპინძლებმა მათთვის კულტურული ტურის ორგანიზებაც მოახერხეს და მცხეთის ღირშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.

    „ქართველმა კრიპტოენთუზიასტებმა ძალიან თბილი დახვედრა მოგვიწყეს. შესანიშნავი ღონისძიებაა! ეს არის რაღაც დიდის და კარგის დასაწყისი! ბედნიერები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ და ახლა. გილოცავთ ბიტკოინის დაბადების დღეს, კრიპტოკოლეგებო! „გაუმარჟოს საკარტველოს“! -  ვერ მალავდნენ ემოციებს უცხოელი სტუმრები.

    ღონისძიებას რამდენიმე ორგანიზაციამ - საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციამ, კოინმანიამ, საქართველოს ბიტკოინის საელჩომ, ოქროს საწმისმა და ლუნა გრუპმა - უმასპინძლა. მედიამხარდამჭერთა შორის კი Ituber, ნავიგატორი, BitNewsToday (BNT), Whales Avenue, CoinFox, newsBTC, CSHBCLUB, loffl. cryptoinvest.biz, bitnovosti.com, innmind.com, letknow.news, atticlab.net, BitTrader Group, bits.media, the owners, freedman club, CryptoAcademy, Fork Log და სხვები აღმოჩდნენ.

    „აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებაში და ამგვარი ღონისძიებები კიდევ მეტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო კრიპტოსაზოგადოებაში. კარგი იქნებოდა, რომ მეტი ჩართულობა ყოფილიყო მთავრობის მხრიდან, თუმცა... ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ მიმართულებითაც მივიღებთ სასიკეთო ცვლილებებს“ - აღნიშნა საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი შერვაშიძემ.

     ცნობისთვის,

    ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომლის გამოგონება სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილ ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს უკავშირდება. გამოგონების შესახებ საჯარო განცხადება ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად სატოში ნაკამოტომ 2008 წლის 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა, ხოლო 2009 წლიდან კი კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა P2P პრინციპზეა აგებული, რაც მთავარი სერვერის გვერდის ავლით, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე,  კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. ტრანზაქციები ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში მოწმდება და საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში ინახება, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება . ბიტკოინი შეიძლება სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე გადაიცვალოს. 2015 წლის თებერვლისთვის ის უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი არის ბიტკოინის მომხმარებელი (წყარო: ვიკიპედია).

  • საქართველოში პირველი ციფრული ვალუტა "aisi coin" გადახდის საშუალება ხდება

    ერთობლივი ალაფურშეტი და კრიპტოვალუტის ყოველდღიურობაში დანერგვის იდეა - ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ინოვაციურ პროექტს ქართული ტრადიციული ბიზნესების წარმომადგენლებიც უერთდებიან. დღეიდან რესტორან „საბატონის“ სტუმრებს მომსახურების საფასურის გადახდა ქართული კრიპტოვალუტით, AISI COIN-ითაც შეუძლიათ. შესაბამისი შეთანხმება „ლუნა გრუპსა“ და რესტორნის ადმინისტრაციას შორის უკვე მიღწეულია.

    “რესტორანი საბატონი ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებში ჩართულობას, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი თანამედროვე ტექნოლოგიებით მოცულ პროექტებს ეხება.

    ვინაიდან დღეის მდგომარეობით ვერცერთი საკანონმდებლო ნორმატიული აქტი ვერ არეგულირებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებსა და შესაბამისად, კრიპტოვალუტის ბაზარს, ხელს არაფერი უშლის , რომ რომელიმე ადამიანმა ან კომპანიამ გამოთქვას მზადყოფნა, სწორედ ამ ფორმით მოემსახუროს დანარჩენ საზოგადოებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ  რეალურად ჩვენს ქვეყანაში გადახდის ერთადერთ საშუალებად აღიარებული კუპიურა ლარია და ის ძალიან მარტივად შეიძლება გადაიცვალოს კრიპტოვალუტა „აისი კოინში“. 

    ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მონაპოვარი, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა თავად ხელისუფლება ყოველ ნაბიჯზე აწარმოებს აქტიურ დადებით პიარკამპანიას ბლოკჩეინტექნოლოგიებსა და შესაბამისად, კრიპტოვალუტის მიმართულებით“ - განაცხადა რესტორან „საბატონის“ იურისტმა, მამუკა ტუსკაძემ.

    „ლუნა გრუპის“ დამფუძნებლის, გიორგი შერვაშიძის თქმით, რესტორნის ადმინისტრაციამ ძალიან სერიოზული და კარგად გააზრებული ნაბიჯი გადადგა და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია.

    „სასიხარულოა, რომ ქართულ ბიზნესსექტორმა ტექნოლოგიური მიღწევების რაციონალურად გამოყენება დაიწყო. „აისი კოინის“ მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 3000-ს გადასცდა. ახლა მათ, ბირჟაზე ვაჭრობის გარდა, შესაბამისი ექვივალენტით,  მომსახურების საფასურის გადახდაც შეეძლებათ. გამოყენების თვალსაზრისითაც პროცედურა ძალიან მარტივი იქნება. გადახდა QR კოდის საშუალებით, ანდროიდის ტელეფონით განხორციელდება. მზადდება აპლიკაცია აიფონის მომხმარებლებისთვისაც. ცოტა ხანში კი აისის მფლობელებს სპეციალური ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობაც ექნებათ“ - განაცხადა „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ქართული კრიპტოვალუტა AISI Coin უკვე რამდენიმე კვირაა Waves Platform DEX - ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს მისი ყიდვა/გაყიდვის ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლა შეუძლიათ.

    ცნობისთვის, Waves DEX  ბოლომდე დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტური ბირჟაა, რომელზეც ისეთი პოპულარული ვალუტებია განთავსებული, როგორიცაა Waves, Bitcoin, Ethereum, Litecoin, Zcash, Monero, Bitcoin cash და Dash. Waves DEX -ს აქვს მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი, გააჩნია ფიატური ვალუტების მხარდაჭერა, უმაღლეს დონეზეა დაცული უსაფრთხოება (რესურსები ინახება თქვენს პირად საფულეში), არის სრულად დეცენტრალიზებული, აქვს დაბალი საკომისიო (0.003 Waves ) და კრიპტოვალუტებისა და სავაჭრო წყვილების მრავალფეროვანი არჩევანი.

  • ბიზნესსექტორი საგადასახადო შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის

    თბილისი (GBC)  - ბიზნესსექტორი  საგადასახადო  შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის.

    მნიშვნელოვან ინიციატივებზე ყურადღებას ლევან სურგულაძე (ფინანსისტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ამახვილებს, რომლებიც  მიღებისთანავე, მყისიერად  დაიწყებს ეკონომიკის ზრდაზე მუშაობას.

    „ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა მისასალმებელია. მცირე მეწარმის სტატუსისთვის, ბრუნვის 5-ჯერ გაზრდილი  ზღვარი, ₾100,000- დან ₾500,000 -მდე, გაცილებით მეტ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, უპრეცედენტო შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლოს, რომელიც გადასახადის 5-ჯერ, ანუ 1%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, ხოლო უკვე რეგისტრირებულ მეწარმეებს უმცირებს საგადასახადო ტვირთს და უჩენს მეტ საბრუნავ კაპიტალს. და, შესაბამისად, ბიზნესის გაფართოების საშუალებას.

    ეს მნიშვნელოვანი სტიმულია, რომელიც უფრო მეტ მეწარმეს წაახალისებს,  გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდეს, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკის ისე საბიუჯეტო შემოსავლების, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის  ხვედრითი წილის  ზრდას.

    ასევე მნიშვნელოვანი ბენეფიტია  საგადასახადო აღრიცხვა/რეპორტინგის რადიკალური გამარტივება და   გადასახადის ავანსის სახით გადახდის წესის გაუქმება. აქვე, უნდა აღინიშნოს დღგ-ს გადამხდელად დადგომის არჩევანი და დღგ-ს ჩათვლა / ზედმეტობის რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნების შესაძლებლობა“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

    ფინანსისტი  ავტომობილების (რე)ექსპორტის ხელშეწყობას  და  ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, აქციზის 100%-ის უკან დაბრუნების ინიციატივასთან დაკავშირებით.

    „სატრანსპორტო საშუალებების (რე)ექსპორტს მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს ახალი ინიციატივა, ავტომობილების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან (განბაჟება) 90 კალენდარული დღის ვადაში ექსპორტისას, რა შემთხვევაშიც გადახდილი აქციზის თანხა გადამხდელს 15 დღეში სრულად (100%) უბრუნდება.

    მოგეხსენებათ, საქართველო გამოკვეთილად იძენს რეგიონალური საავტომობილო „ჰაბის“ ფუნქციებს. იმპორტირებული ავტომობილები, მათ შორის დაზიანებული, მათი აღდგენის  შემდეგ რეექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვან სავალუტო შემოსავალს ტოვებს ქვეყნის ეკონომიკაში.

    მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 90 დღე ყოველთვის არ იყო საკმარისი ასეთი ავტომობილების აღსადგენად, რეექსპორტისთვის მოსამზადებლად და სარეალიზაციოდ. ახალი ინიციატივით,  90 დღის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილი  შესაძლოა („დროებით“) განბაჟდეს და დამატებითი 90 დღის განმავლობაში დასრულდეს მისი რეექსპორტისთვის მომზადება და რეალიზაცია.

    ახალი ინიციატივით, სააქციზიო გადასახადისგან 3 წელში ერთხელ თავისუფლდება, ავტომობილები, რომლებიც იმპორტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირადი გამოყენებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური, ისე , ავტოიმპორტიორების ბიზნესის თვალსაზრისითაც.

    ნინო შუბითიძე

    http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=99338

     

  • „ჯაველინების“ სისტემა უკვე საქართველოშია

    „ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

    ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

    შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი დაესწრნენ.

  • ბიზნესსექტორი სემეკ-ის წარმომადგენლებს შეხვდება

    13 დეკემებერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ბიზნეს სექტორს შეხვდება. შეხვედრას სამთავრობო უწყებების და ელექტროენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

    შეხვედრას გახსნის „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. ხოლო, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე წარადგენს პრეზენტაციას თემაზე: „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“.

    შეხვედრას ასევე დაესწრებიან: კომისიის წევრი გოჩა შონია, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე; მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თამარ ბარსონიძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ლაშხია; შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, კომპანიებს ექნებათ საშუალება, პირდაპირი დიალოგის რეჟიმში, დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით. შეხვდრა იმართება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრების ციკლის - „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური