საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 16:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ძი იენჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობას და ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში მიმდინარე მზარდ დინამიკას შეეხო. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩინეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო წლების განმავლობაში ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას საქართველოს ეკონომიკაში.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინური კომპანიები საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დამატებით სტიმულს ქმნიან. ყურადღება გამახვილდა ასევე ჩინეთის ტექნოლოგიურ მიღწევებზე და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჩინელმა დიპლომატმა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში იგეგმება.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ჩინელმა დიპლომატმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ხალხთა შორის ურთიერთობებზე და ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის ელჩს ჩინეთის კულტურული ცენტრის საქართველოში გახსნა შესთავაზა.

 

წაკითხულია 269 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის ელჩს შეხვდა

    ყაზახური მხარე საქართველოში ტურისტული მიმართულებების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ინტერესს გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრისას აღინიშნა. 

    პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ყაზახურ კომპანიებს ინვესტიციების განხორციელებაში.
    საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ ყაზახეთი საქართველოში ვიზიტორების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნებს შორისაა. 

    შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.

  • გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხილვა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მთავარი თემა.

    აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ასევე განხილული იყო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.

    ხაზი გაესვა დღემდე არსებული სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალ პროგრამასაც კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და იმ პროცესებს, რომელიც ევროპის საბჭოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პრემიერმა გენერალურ მდივანს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მტკიცე მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

  • ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები ტვირთების მონიტორინგის პროცესს გაეცნენ

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისთვის,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ვანგ ქსიაოტაო ხელმძღვანელობს.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ერთ-ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

    დღეს სტუმრებმა ერთ-ერთი ასეთი აღჭურვილობა - სატვირთო საავტომობილო სტაციონალური რენტგენო სკანერი და ტვირთების მონიტორინგის პროცესი  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს.

    ინსპექტირების სისტემის გაცნობის შემდეგ, საუბარი სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ქალბატონი ლი იანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცების მექანიზმები. 

    შეხვედრის მსვლელობისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

    მისი თქმით, თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყოფს მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

    „საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას სჭირდება საშუალოდ 5 საათზე მეტი დრო. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დათვალიერება შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ტვირთის ამდენი ხნით, დაყოვნება წარმოუდგენლ ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას და მასში ჩართულ ყველა სატრანსპორტო კომპანიას. დათვალიერების თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა  მნიშვნელოვნად შემცირდეს საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო, საშუალოდ 4 წუთიდან - 7 წუთამდე, ნაცვლად 2 საათისა ან რამდენიმე დღისა. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამცირებს დათვალიერბისთვის საჭირო ადამიანურ რესურსს და ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,  - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

    შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილია ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, 5 საბაჟო გამშვები პუნქტის  უახლესი სტაციონარული რენტგენის სკანერით აღჭურვისთვის ითვალისწინებს 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას.

    ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე სარკინიგზო ინსპექტირების სისტემები ფოთის პორტსა და გარდაბანში) 46 სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური სკანერი ფუნქციონირებს. ამასთან, 5 წლიანი გრანტის ფარგლებში, იგეგმება კიდევ 9 ერთეული ახალი რენტგენო სკანერის გადმოცემა.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

     ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

  • გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან მიმართულებებს.

    მათ შორის ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციის როლზე საქართველო-რუსეთს შორის შუამავლობის კუთხით და შეფასდა შვეიცარიის მიერ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთის ფედერაციაში. 

    საუბარი შეეხო ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. კერძოდ, განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • "თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალზე წარმატებული იყო, მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა, ჩატარდა სამასზე მეტი ორმხრივი ბიზნესშეხვედრა"

    „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, იყო ძალზედ წარმატებული, რაც დასტურდება პირველ რიგში მონაწილეთა რაოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შეფასებისას განაცხადა.

    პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა დელეგატმა და ორი დღის განმავლობაში იყო დანიშნული სამასზე მეტი ორმხრივი ბიზნეს შეხვედრა და მოლაპარაკება. 

    „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის, როლის, როგორც დამაკავშირებლის, ორი დიდი ცივილიზაციის გაძლიერებას და ეკონომიკურ კონტექსტში, ეს არის პირველ რიგში ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და ყველაფერი რაც ეკონომიკის გაძლიერებას ეხება. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე მინდა კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ის ფასი და ის მნიშვნელობა, რაც აქვს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, ეროვნული ბანკის და სხვადასხვა ეკონომიკურ პოლიტიკაში ჩართული უწყებების პოზიტიურ თანამშრომლობას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური