პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თ. შაშიაშვილმა ღია ბარათი გაუგზავნა ბიძინა ივანიშვილს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 16:12

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა ღია წერილი გაუგზავნა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. "ნიუს დეი საქართველო" ამ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ბატონო ბიძინა,

ეს მიმართვა თქვენდამი პატივისცემის დადასტურებაა - უპირველესად, ფიქრია იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ჩვენ რეალურად აღმოვჩნდით!

მდგომარეობა კი იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ.რათქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ამ ექვსი წლის შედეგი. თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ სიყალბე, სიცრუე, ტაშისკვრა, ქება-დიდება, პარტიიდან პარტიაში მომთაბარეთა პარპაში, რომელთა გამოც ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ, უკვე აპოგეას აღწევს.

დიახ, მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. მინდა ვცდებოდე ამ შეფასებაში, მაგრამ ნაბიჯები, რომელსაც თქვენი თავმჯდომარეობით დგამს მმართველი პარტია, ამას ადატურებს. ამას ადატურებს ის თვითკმაყოფილებაც, რომლითაც ადრეც ავად იყო ყველა პოლიტიკური ძალა. ახლანდელი თვითკმაყოფილება ზომიერების ყველა ფარგლებს გაცდა. თქვენ არ შეიძლება  გქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე თუნდაც იმის გამო, რომ ხართ ადამიანთა ორი გუნდის გარემოცვაში: ერთია ოპოზიცია, რომელიც ჩასაფრებულია და ყველაფერს მუქ ფერებში წარმოადგენს, მეორეა - თქვენი პოლიტიკური გუნდი და თქვენი მაქებარ-მადიდებელი ინტელიგენცია. გიფრთხილდებიან, ეტყობა გიმალავენ იმ რეალობას, თქვენი მსახური სპეცსამსახურები და არც თქვენი ოჯახის წევრებიც, რაც მათ იციან არსებულ მდგომარეობაზე. მათ იმის მეასედიც არ  იციან, რაც რეალურად  ხდება.

ყველამ გაიგო თქვენი სუსტი მხარე - თქვენ ვერ იტანთ მართლისმთქმელებს. ამიტომ არავინ დაკარგავს სკამს თქვენთვის სიმართლის თქმის გამო. ისიც იციან, რომ სიმართლის მთქმელის ყიდვაც ხერხდება.  ვხედავ, თქვენს ირგვლივ ბევრი როგორ გელაქუცებათ ტელევიზიით საჯაროდ გამოსვლისას და იგივე ხალხი რას გვესაუბრება პირადი შეხვედრებისას.

ეს რეალობაა! სიყალბე ჭამს ქვეყანას და ქართულ სულს.

ამ მომართვაში  არ ვაპირებ, მოგწეროთ ის, თუ როგორია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის  ჩემეული ანალიზი. როგორც წყლის ერთ წვეთში შეიძლება მთელი ცხოვრების ანარეკლი მოთავსდეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზზე სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს ერთი ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის მიერ დღეს გამოგზავნილმა ამ პატარა წერილმა: „ეს ცხოვრება კი არა, წამებაა, ტყიბულის სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა, ბავშვებს ხმელა პური ენატრებათ. დახვრეტის მუხლის შემოღება მოგინდება, ამ სიღარიბის „ავტორთა“მიმართ!“

ამ წერილმა იმდენად შემაწუხა, ტყიბულში დავრეკე რამდენიმე პიროვნებასთან. მათ დამიდასტურეს, რომ ეს სინამდვილეა. წარმოიდგინეთ, რომ ტყიბულში, რომელიც ერთ-ერთი  მდიდარი რაიონი უნდა იყოს,  ასეთი მდგომარეობაა. ასეთივე  მდგომარეობაა იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დღეს ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს: ჭიათურა, ზესტაფონი, ბოლნისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, ბორჯომი, ბაღდათი, ჩოხატაური, თელავი და ა.შ. რომელთაც კარგი ბუნებრივი პირობები აქვთ. გარედან შესეულ სახელისუფლებო ძალების და მათ მიერ ხელდასმულ უცხოელ წამგლეჯთა მიერ ხალხი სიღატაკისკენ უფრო მიდის, ვიდრე ბედნიერი ცხოვრებისკენ. აქედან დავასკვნათ, რა მდგომარეობა იქნება შედარებით  მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე სხვა რეგიონებში.

ვთქვათ პირდაპირ, ამის შემოქმედი და ავტორი თვითოეული ჩვენთაგანია ყველა პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა თანამდებობის პირი, მიუხედავად იმისა, ვის როგორ ეკუთვნის ეს პასუხისმგებლობა და ვინ როგორ იზიარებს ჩემს ამ შეფასებას.

სწორედ ამ პასუხისმგებლობამ გადამაწყვეტინა მოგმართოთ ღია წერილით. მიმდინარე საპრეზიდენტო და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე წყდება ქვეყნის ბედი - ჩვენ ისევ სოროსული ძალებით გამაგრებული კლანების ხელში დავრჩებით საქართველოში, თუ გაიმარჯვებს ქართული სული, ქართული ძალა, ქართული აზროვნება.

პრინციპულზე პრინციპულია  კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება არ გაგრძელდეს და  ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

ვეთანხმები არაპოლიტიზირებულ მეცნიერთა და მოღვაწეთა წარმომადგენლებს, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება მხოლოდ ორი ძალის, (მე მათ პოლიტიკურსაც არ ვუწოდებდი): „ნაციონალური მოძრაობისა“ (თავისი დანაყოფებით) და „ქართული ოცნების“  (თუმცა მათ შემადგენლობაში არაერთი საინტერესო პიროვნებაა) წარმოჩენა. საინფორმაციო სივრცე ისეა „დამუშავებული“, რომ ხალხმა არც კი  იცის,  მათ გარდა თუ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში ვინმე სხვა.

უამრავი ჭორ-მართალი ტრიალებს ხალხში: „ევროპულ საქართველოსთან“ თქვენი ურთიერთობის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოსასმენადაც კი შესაძლო მძიმე გარიგებების, იმის შესახებაც, თუ რატომ უჭერთ ამ არჩევნებზე მხარს პიროვნებას, რომელსაც პარტიაში 70-80 პროცენტიანი მხარდაჭერაც კი არ აქვს.

მე არაფრის  ბრალდებების დაჯერება არ მსურს. რომელიმე მათგანის გამარჯვება თქვენთვის იქნება უმძიმესი. (ეს ნაკლებად მაწუხებს), ხოლო ქვეყნისთვის  იქნება უბედურება!

უზნეობად ვთვლიდი და ვთვლი იმას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთა ერთი ნაწილი თქვენი მხარდაჭერის მოპოვებისთვის იბრძოდა, ხოლო მეორე ნაწილი თქვენი ლანძღვა გინებით ცდილობდა თქვენზე განაწყენებული ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას.

მე მძიმე შემოთავაზებები გავიარე, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამერიკული და რუსული სამთაავრობო ჯგუფებისგან. 2003 წელს, თქვენს მიერ დაფინანსებული ე.წ. “ვარდების რევოლუციის“  წინა პერიოდში, მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერიაც კი გამომიგზავნა ქუთაისში - უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს და დიდ ფულს მთავაზობდნენ. მე  ხალხთან ყოფნა ვარჩიე! ახლაც ხალხის რჩეულის სახელის მოპოვებისთვის ვიბრძვი. მე თქვენი მხარდაჭერა არ მინდა!

ღიად ვაცხადებ: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არც თქვენი ერთგული ვიქნები და არც თქვენი მორჩილი,მაგრამ ვიქნები ქვეყნის ერთგული და ხალხის მორჩილი!

გულწრფელად მინდა გირჩიოთ: დაწვით ეს მოსასმენი აპარატები, რომელიც სააკაშვილს შეუძინეთ თავის დროზე და რომელსაც  ქვეყნისთვის მსხვერპლისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანია, როგორც ჩანს, დღესაც სრული დატვირთვით მუშაობს. მოაშორეთ უშიშროება არჩევნებს! ამ სისტემაში ბევრი კარგი ადამიანია დასაქმებული და ამ ცოდვას ნუ ჩაადენინებთ! გაათბეთ - გაალაღეთ ურთიერთობა ადამიანებს შორის ყოველგვარი თვალთვალისადა მოსმენის გარეშე!

თქვენს წინაშე დღეს მძიმე რეალობაა: ისეთივე, როგორიც ჰქონდათ თავის დროზე ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს, რომელთაც გამოუვიდათ საკუთარი თავის  ღალატი დასავლეთის სოროსული ძალებისადმი ერთგულების ფასად.

2001 წელს, როდესაც ბორჯომში ედუარდ შევარდნაძეს გადავეცი ჩემი წერილი-განცხადება გადადგომის თაობაზე, ასე დავამთავრე: „თქვენს წინაშე ორი არჩევანია, ან თქვენ რჩებით საქართველოს ისტორიაში დიდი განზომილების პიროვნებად, ან თქვენი მოღვაწეობის პერიოდი არარაობად იქცევა!“

რევოლუციამდე ორი დღით ადრე, თავისსავე მისაღებში, ჩემს კითხვაზე, რატომ არ პასუხობდა ბეიკერის ზარებს, მითხრა :“მომატყუეს, აღარ მინდა მათი მოსმენა, რასაც მთხოვენ,ის რომ გავაკეთო, მაინც არ ვუყვარვარ ხალხს და მარტო მე  კი არა, შევარდმნაძის გვარისას ერთს არ დატოვებენ მიწაშიო“ ბოლოს  დასძინა: „თემურ, მე რომ მათი მოთხოვნები შემესრულებინა, სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებოდი პრეზიდენტი. შენმართალი იყავი და დიდი მადლობა, იმისთვის, რომ ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდი!“

მე სააკაშვილის გადარჩენაც მინდოდა. მას დიდი ვალდებულებები ჰქონდა აღებული შევარდნაძესთან ერთად და ვერ შეძლებდა იმ ვალდებულებებიდან გამოსვლას და საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც დაღუპავდა. პირადად  ვუთხარი მას: „ბატონო მიხეილ, შენ ხომ მუდმივად სწერდი ჩემს პრეზიდენტობაზე, მუდმივად ლაპარაკობდი, რომ მე ვიქნებოდი შევარდნაძის შემდგომ პრეზიდენტი, ჩემი პრეზიდენტობა შენი გადარჩენაც იქნება და ქვეყნისაც-მეთქი“  არ გაიზიარა. 2004 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა კონკურენტმა, როცა მეორე ადგილზე გავედი, ასე მივულოცე: „ეს გამარჯვება შენთვის დამარცხების ტოლფასია,  ჩემი დამარცხება კი, ჩემთვის გამარჯვების ტოლფასია“-მეთქი. ხალხმა შეაფასოს!

ეხლა კი თქვენ მოგმართავთ ბატონო ბიძინა, თქვენ ხელიდან გაუშვით უნიკალური შანსი- შექმნილიყო ქართული კონსტიტუცია ნამდვილი ზოგადსაკაცობრიო  იდეალებით.

 თქვენ ამჯობინეთ ნაცების მსგავსად, პარტიული კონსტიტუციის შექმნა.

თქვენ, ნაცების მსგავსად, თავზე მოირგეთ მთელი კანონმდებლობა.

არჩევნების დროს, ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვყოფილვარ, მაგრამ ისეთი მდარე წინასაარჩევნო სიტუაცია, როგორიც ჩვენთანაა, არსად მინახავს.

ნუთუ გჯერათ, რომ ადამიანები, რომლებიც ამდენ ფულს არ იშურებენ ათასგვარ უზარმაზარ ბანერებსა და პლაკატებში,  გამარჯვების შემთხვევაში, წესრიგს მოიტანენ ქვეყანას?! დღეს ისინი და მათი მხარდამჭერნი ყიდულობენ ხმებს, ანუ  არჩევნებს აყალბებენ - ყალბის მქნელს კი ღმერთი დასჯის!

დღეს თქვენს წინაშე, არის ნათელი  და ბნელი პერსპექტივა:  ნათელი ნამდვილად მართალ, დემოკრატიულ არჩევნებთან არის დაკავშირებული; ბნელი - არჩევნების გაყალბებასთან და თქვენს მიერ იმის დადასტურებასთან: რაც მინდა იმას გავაკეთებო. ქართველი ერი ამ განწყობას არასდროს, არავის პატიობს! ასეთივე განწყობა გამოხატა თქვენდამი მიმართვაში ბატონმა ლევან ვასაძემ. მე ვიზიარებ პათოსს, რომელიც მას ჰქონდა მერწმუნეთ, არ არიან თქვენი მტრები ისინი, ვინც  სიმართლეს გეუბნებიან. თქვენი დასაქართველოს მტრები არიან ისინი, ვინც თქვენ ტაშს გიკრავენ. გაქებენ, გადიდებენ და გვერდზე ქილიკობენ. ასე წაშალა საკუთარი თავი ჩემთვის საყვარელმა კონორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, რომელმაც ჯერ ქება-დიდებით  აგავსოთ, მერე კი უწიგნური გამოგიყვანათ!

ბატონო ბიძინა, თქვენი გადარჩენა, ეხლა ხალხს შეუძლია. ხალხს შეუძლია თქვენი დახსნა თქვენი გარე ვალდებულებებისგან.

თუმცა, ხალხმა ეს რომ გააკეთოს, ამისთვის საჭიროა, ის მაინც იცოდეს, თუ ვინ იყრის კენჭს და რა პროგრამებით მოდიან.

სირცხვილია, ამ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება სივრცეში, სადაც მოქმედებს  დრაკონული კანონები კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტების შესახებ.

მძიმე, მაგრამ ლიტერატურული გამოთქმა მინდა გამოვიყენო: ცხვირაწეული გვიყურებენ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ბატონები გრიგოლ ვაშაძე,  დავით ბაქრაძე. ეს სენი  ბოლო ხანს ბატონ დავით უსუფაშვილსაც გადაედო,   მათ არაერთხელ შევთავაზე დებატები ამომრჩევლების წინაშე, ტელევიზიაში, ღია სივრცეში. ყოველთვის უარი მივიღე. პოლიტიკოსები, რომელთაც თანამემამულეებთან საუბრის ეშინიათ, უცხოელ პოლიტიკოსებს, გარე მტრებს დაუსხდებიან მაგიდასთან?!

მათ მთელი საინფორმაციო სივრცე უჭირავთ ხელში - საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ მე კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებში, მეტიც, ბოლო სამი დღეა ფეისბუქი დამიბლოკეს, და ხალხთან სრულფასოვანი ურთიერთობების საშუალებაც კი წამართვეს.

ბატონო ბიძინა,

 რომ ამბობთ, ფონდს ვქმნი, კეთილ საქმეთა შესასრულებლადო, დღეს უფრო კეთილი საქმე წარმოუდგენელია ვიდრე თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის და ამ გზით, საქართველოს მოსახლეობის  ნების სწორად გამოხატვის უზრუნველყოფა.

დახარჯეთ ეს თქვენი  მილიონები და თანაბრად შეუძინეთ სატელევიზიო ეთერი ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რადგან სწორედ თქვენი და თქვენი წინამორბედი ხელისუფლებების დროს შეიკრა გორდიას კვანძი არათანაბარი პოლიტიკური პირობებით.

ბატონო ბიძინა,

დროულად გახსენით ეს კვანძი, თორემ როგორც ისტორია გვიჩვენებს - მას დაუნდობლად გაჩეხვა მოუწევს!

მინდა იცოდეთ რომ დღევანდელი კანდიდატების დიდი ნაწილი შექმნა თქვენმა ხელისუფლებამ და სააკაშვილის რეჟიმმა.

მე კი, ჩემი თავი თავად შევქმენი.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი

11.10.2018 წ.

წაკითხულია 598 ჯერ

Related items

  • აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა

    აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

    ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც.

    კერძოდ, ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსული პროპაგანდის შეკავებისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონტექსტში.

    „კონგრესმა სანქციები უნდა დააწესოს რუსული პროპაგანდის მესვეურებზე და მათ წინააღმდეგ, ვინ ძირს უთხრის აშშ-ის პარტნიორებს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ასევე, დაავალოს სახელმწიფო დეპარტამენტს,  აწარმოოს ანგარიში კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ, ვინც რუსულ სამხედრო აგრესიას აფინანსებს.

    რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებზე. ისეთივე ახალი სანქციები უნდა დაწესდეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფმა ჩინეთთან დაკავშირებით წარმოადგინა რუსელი ტროლებისა და რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელთა მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

    დამატებით, არსებული სანქციები არასაკმარისად არის მიმართული პუტინის უცხოელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში.

    ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქია და მარიონეტი უკრაინაში, რომელიც მის მედია იმპერიას იყენებდა, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთის ძალისხმევას გაევრცელებინა ზიანის მომტანი დეზინფორმაცია ქვეყანაში.

    ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეადგინოს სია კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების, რომლებიც ეხმარებიან რუსულ სამხედრო აგრესიას მარიონეტებისა და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნება კონგრესისთვის, რათა განსაზღვროს მომავალი სანქციების საჭიროება და შეაკავებს ინდივიდებსა და იურიდიულ პირებს კრემლთან თანამშრომლობისგან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    აქვე ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მზაობა და თავდაცვითი შესაძლებლობები საქართველოს მხარდამჭერი აქტის ამოქმედებით.

    „საქართველო აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეა, რომელმაც გაგზავნა მისი შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში. რეალურად, როგორც „ჰერითაჯ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენელი ალექსის მრაჩეკი აღნიშნავს, 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხვი აშშ-ის შემდეგ მეორე იყო ერაყში და საქართველომ განიცადა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში, ვიდრე სხვა ქვეყანამ. საქართველო ნატო-ს არაწევრი უდიდესი კონტრიბუტორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. 2017 წელს აშშ-მ დაიწყო სამწლიანი ორმხრივი საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა.

    სამუშაო ჯგუფს სჯერა, რომ კონგრესი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მზაობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის დამტკიცებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად, სამხედრო დახმარების შეთავაზებითა და ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაუმჯობესებით. საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ არა სენატმა, ავალდებულებს ანგარიშის მომზადებას იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის, იმუშაოს საქართველოსთან რუსული დეზინფორმაციის დასამარცხებლად და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასევე მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დააწესოს სანქციები უცხო პერსონების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილე არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავებისთვის ნატო-სა და აშშ-ის მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

    „პრეზიდენტი ტრამპი მუშაობდა ნატო-ს გასაძლიერებლად ჩვენი მოკავშირეების მოწოდებით, რომ შეასრულონ მათი ვალდებულებები მშპ-ის ორი პროცენტის თავდაცვითი ხარჯების გაწევით. რუსული აგრესიის დამარცხებისას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია. ნატო-ს ალიანსი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, აშშ-სა და ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია მისი შექმნიდან მოყოლებული. სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა რიგი ზომები ნატო-ს მხარდასაჭერად, ჩვენი მოკავშირეების გასაძლიერებლად და ისეთი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-s-respublikelta-kvlevitma-komitetma-erovnuli-usafrtkhoebis-strategia%e2%80%8b-gamoaqveyna-romelshic-saqartvelozec-aris-saubari/

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აშშ-ის ელჩისგან წერილი მიიღო

    თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტმა ელჩისგან, კელლი ს. დეგნანისგან წერილი მიიღო, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    პატივცემულო რექტორო:

    დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. მე დიდად მოხარული ვარ ამერიკის საელჩოსა და იბსუ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ასახავს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების სიღრმესა და სიძლიერეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ ორივე ქვეყანას დიდი სირთულეები მოუტანა, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას და გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას.

    ჩემი გუნდისგან ვიცი, რომ ამერიკის საელჩო და IBSU მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და ბევრი სხვა. ისეთი აკადემიური ღონისძიებები, როგორიცაა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში და საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებში, ნათლად აჩვენებენ იმ ზეგავლენას, რაც იბსუს გააჩნია საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

    მე გამოვთქვამ სურვილსა და მზაობას გეწვიოთ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არსებულ და სამომავლო პოტენციურ სფეროებში საქართველოში საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

    პატივისცემით,
    კელი ს. დეგნანი
    ელჩი

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

    პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

    StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი გუშინ, გვიან ღამით გაიზარდა, რაც საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეც აისახა.

    მონაცემების განახლებამდე არსებული თანხა, დაახლოებით 24 მილიონი ლარი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა.

    100 მილიონი ლარის გადარიცხვა ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა დაადასტურა და აღნიშნა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“.

  • გაუგზავნე მხარდაჭერის წერილი ჩინელ ხალხს!

    დღეს, სრულიად ჩინეთი კორონავირუსს ებრძვის, ჩინელ ექიმებს, მედდებს, მუშებს და სხვებს უწევთ ურთულეს პირობებში მუშაობა, ისინი თავიანთ სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რათა სხვები გადაარჩინონ, ვირუსს შეებრძოლონ, საფრთხე ააცილონ ქვეყანას და მსოფლიოს.
    მოსახლეობის ნაწილი იმყოფება კარანტინში სახლებში გამოკეტილი, რომლებიც მოუთმენლად ელიან ცხოვრების ჩვეული რიტმის დადგომას.
    ბოლო პერიოდში ვირუსის გამო ჩინელი ხალხი გახდა ქსენოფობიისა და რასიზმის მსხვერპლი, მათ სჭირდებათ ჩვენი მხარში დგომა და გამხნევება.
    გაუგზავნე "ნიუსდეი საქართველოს" დახმარებით ჩინელ ხალხს შენი მხარდაჭერის წერილი. 

    წერილი შეგიძლიათ დაწეროთ ქართულ, ინგლისურ ან ჩინურ ენებზე.

  • თურქმენეთის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის პრეზიდენტისგან გამოგზავნილი ოფიციალური წერილი გადასცა

    2020 წლის 10 იანვარს, "ორბელიანის" საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნი დოვლეტ მურატოვის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მის აღმატებულება, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

    შეხვედრის დასაწყისში, თურქმენეთის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მოწვევის წერილი და ოფიციალური მიწვევა, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში „ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და მისი მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარება“, რომელიც ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს ეძღვნება, და რომელიც ჩატარდება აშხაბადში, 2020 წლის 11-12 დეკემბერს.

    საუბრის დროს მხარეებმა აღნიშნეს მუდმივი ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ხორციელდება თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და მიზნად ისახავს მშვიდობის, საერთაშორისო უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.

    შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური