„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის, გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 09:29

„ნიუ ჰოსპიტალსის“ „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 11 ოქტომბერს, მხედველობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის - გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ოფთალმოლოგები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და გიორგი ტარსაიძის ოჯახის წევრები.

გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძეს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გიორგი ტარსაიძე პირველი ქართველი ექიმი-ოფთალმოლოგი იყო, რომელიც სამედიცინო განათლების უცხოეთში მიიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1892 წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ ოფთალმოლოგიურ დაწესებულებას - „თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფოს“. მისი სახელობის იყო „თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, რომლის ბაზაზეც, მოგვიანებით „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ შექიმნა.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივით, მხედველობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ეყრება „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ჩამოყალიბებას და იგეგმება მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც მიმართული იქნება საქართველოში ოფთალმოლოგიური დაავადებების შემცირებისა და მოსახლეობის ინფორმირებისკენ დაავადებების მკურნალობის და პრევენციის შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება უფასო სკრინინგის აქციები, როგორც ახალგაზრდების ასევე ასაკოვანი მოსახლეობისათვის. გლაუკომით და კატარაქტით დაავადებული ადამიანებისთვის ფუნქციონირებას იწყებს პაციენტების სკოლა, რაც პაციენტებისთვის დაავადებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას და მკურნალობის დაგეგმვას ისახავს მიზნად.

საუკუნოვანი გამოცდილების მქონე „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

წაკითხულია 301 ჯერ

Related items

  • ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

    ფარმაცევტულმა კომპანია GM Pharma-მ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენზე გერმანიაში საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა წარადგინა.

    2019 წლის 5-7 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა უდიდესი საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.

    CPHI მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 500 კომპანია და 45 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის GM Pharma, როგორც ერთადერთი ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოდან ამ გამოფენაზე. 

    GM Pharma საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს  GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია.

    GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ულტრათანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით.

    GM Pharma უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორიც არის Lallemand Pharma (შვეიცარია), Welt Pharma (გერმანია), Laboratorios Basi (პორტუგალია), Hoffman La Roche (შვეიცარია), US Laboratories (აშშ) და სხვა.

    GM Pharma ეს არის,  ყოველწლიურად ნამკურნალევი  10 მილიონზე მეტი პაციენტი მსოფლიოს 10 - ზე მეტ ქვეყანაში.

     

  • ნიუ ჰოსპიტალსში თრომბოლიზისი წარმატებით ჩატარდა და ინსულტის შემდეგ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

    28 ივლისს, ფრანგი პაციენტი, ვინჩენცო ფ. იშემიური ინსულტით მოთავსდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინსულტის ცენტრში. პაციენტს აღენიშნებოდა სიმპტომები - გონების კარგვა, სისუსტე მარცხენა კიდურებში, სახის ასიმეტრია და დარღვეული მეტყველება, რაც მას „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებამდე 15 წუთით ადრე განუვითარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის #1117 ბრიგადამ პაციენტი დროულად გადმოიყვანა, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში.

    ინსულტის ცენტრში მოთავსებისთანავე, პაციენტს ჩაუტარდა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები და დაენიშნა სისტემური თრომბოლიზისი - ალტეპლაზას გადასხმა. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესდა გადასხმის პერიოდშივე - მოიხსნა კიდურების სისუსტე და აღდგა მეტყველება. თრომბოლიზისის პროცედურის დასრულების შემდეგ კი პაციენტი მოთავსდა ნევროლოგიური განყოფილების სტაციონარში, სადაც იმყოფებოდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგთა გამოცდილი გუნდის დაკვირვების ქვეშ, თემურ მარღანიას ხელმძღვანელობით.

    პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაეწერა ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე და თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით დადასტურდა სისხლნაკადის აღდგენა მარჯვენა შუა არტერიაში.

    სისტემური თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბის დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა. მნიშვნელოვანია პროცედურის ადრეულ ეტაპზე - ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარება, რათა მოხდეს ინსულტით გამოწვეული ზიანის მაქსიმალური აცილება. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი პირველი ჰოსპიტალია, რომელმაც საქართველოში თრომბოლიზისის მეთოდით იშემიური ინსულტის მკურნალობა დანერგა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და მუდმივად მიმართავს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

  • "ნიუ ჰოსპიტალსის" განცხადება

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    2019 წლის 18 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც დაპირისპირება მოხდა ექიმსა და პაციენტს შორის. ტექსტში ნახსენები იყო „ნიუ ჰოსპიტალსი“, თითქოს ეს შემთხვევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოხდა.

    „ნიუ ჰოსპიტალსის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ნიუ ჰოსპიტალსს“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ზემოაღნიშნულ, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხსენება მედიაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით წარმოადგენს შეცდომას.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილი ინფრასტრუქტურის,  ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან თბილისში, კრწანისის ქ. 12 ნომერში მდებარეობს და უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. უსაფრთხო და კომფორტული გარემოს,  გამოცდილი სამედიცინო პერსონალისა და  ტექნოლოგიების შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტების მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

  • ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

    მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

    ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

    კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

  • ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

    იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. გამოფენის ოფიციალური გახსნისთვის ანსამბლი ,,ბასიანი" რამდენიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას შეასრულებს.

    ,, ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი განუყოფელია ერთმანეთისაგან. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში - ,,საქართველო ღვინის სამშობლო" უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ანსამბლი ,,ბასიანი" იმღერებს: ,,კახურ მრავალჟამიერს",გურულ კრიმანჭულს - “ხასანბეგურა”, ,,შენ ხარ ვენახსა" და ,,ჩაკრულოს" - აცხადებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

    იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში„Terrada Warehouse“ იხილავს.

    ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.

    ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური