თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 15:59

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ კარლ ჰარცელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (European Union Monitoring Mission) განსაკუთრებული როლი ხაზგასმით აღნიშნა. 

მხარეებმა ყურადღება ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

წაკითხულია 53 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრის შეხვედრა შვედეთის ახალ ელჩთან

    თავდაცვის მინისტრმა  შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა.  ლევან იზორიამ მას საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის  თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა  ხაზგასმით აღნიშნა და შვედურ  მხარეს საქართველოს მიმართ აღმოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება  გაეთვალისწინებინა. 

    თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შვედეთის როლზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედი ექსპერტის ჩართულობაზეც  გაამახვილა.

    გაცნობითი  ხასიათის შეხვედრაზე  მხარეებმა სამხედრო-განათლების კუთხით  არსებულ და  სამომავლო თანამშრომლობის  პერსპექტივებსა და  სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებასა“  NATO-GEO და სწავლებაში „მტკიცე სული“ Agile Spirit ჩაერთვება.

    თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი  დაესწრნენ.

    ულრიკ  ტიდესტრომი საქართველოში შვედეთის  სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე  2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.

  • ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება

    მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ ლევან იზორიამ საქართველოში ახლად დანიშნულ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. ლევან იზორიას განცხადებით, გერმანიის ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო გერმანულ მხარესთან კონტრმობილურობის საკითხს, რომელიც მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრნენ.

    შეხვედრის თემებს ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუცია, საერთაშორისო სწავლებებში გერმანულ მხარესთან ერთად მონაწილეობა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენდა.

  • თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას დაესწრო

    „ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“,  - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მან ამერიკელ გენერლებთან ერთად გადასროლისწინა სწავლებების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები განიხილა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების  ითვალისწინებს.   

    თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო. საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას  ლევან იზორიას წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლების ხელმძღვანელობისგან ქართველი სამხედროების დონე დადებითად შეფასდა.  

    22-ე ბატალიონი გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთთვიან გადასროლისწინა მომზადებას გადის, საბოლოო შეფასების შემდეგ კი ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიასა და უკრაინაში

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ჰოჰენფელსში, გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRS) საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრება და ქართული კონტინგენტის მომზადების შესახებ ბრიფინგს პირადად მოისმენს. თავდაცვის მინისტრს გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაური ევროპასა და აფრიკის მიმართულებაზე, გენერალ-მაიორი რასელ სანბორნი და აშშ-ის მე-7 სასწავლო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი კრისტოფერ ლანევე უმასპინძლებენ.

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველო თავდაცვის მინისტრი კიევში გაემგზავრება, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრება.  კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დაგეგმილ აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მედროშეთა კოლოფიც მიიღებს მონაწილეობას. 

  • 10 წელი აგვისტოს ომიდან

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ოში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროები.

    მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის სხვა მაღალჩინოსნები. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველო...

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიი...

პოპულარული

« ოქტომბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური