შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა საზოგადოებას 9- თვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 15:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 9-თვის ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის პრეზენტაცია ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

ბოლო 9 თვეში, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც დადებითად აისახა მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ:

  • 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის შესაძლებლობას იძლევა. რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და მონიტორინგის მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პოლიციის 10 000-მა თანამშრომელმა დისტანციური სწავლების კურსი გაიარა;
  • ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, აგრეთვე, დისკრიმინაციული დანაშაულის საკითხებზე დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება გამომძიებელთა სპეციალიზაციისა და გადამზადების პროცესი;
  • ამ დროისთვის პარლამენტი განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ოჯახური დანაშაულისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს გამკაცრებას ითვალისწინებს;
  • ასევე, გამკაცრდა პოლიტიკა უწყების იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან მხილებული ან არასათანადო რეაგირებას ახდენენ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, დისციპლინური სახდელი დაეკისრა 8 პოლიციელს. ოჯახში ძალადობაში კი მხილებულ იქნა 16 პოლიციელი, რომელთა მიმართ (გამოძიების პარალელურად) გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა;
  • გაიზარდა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა, რაც განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლებით.
  • გაზრდილია გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აგრეთვე, გამოცემული შემაკავებელი ორდერების მაჩვენებელი: 2017 წელს გამოძიება დაიწყო 2828 საქმეზე, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 4 339 საქმეზე. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ, ხოლო 2018 წლის 9 თვეში - 3000-მდე პირის მიმართ. 2017 წელს გამოცემულ იქნა 4370, 2018 წელს კი - 5472 შემაკავებელი ორდერი;
  • ამასთან, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევები. 2017 წელს შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი იყო - 9%, 2018 წლის 9 თვეში - 6%, ხოლო 2018 წლის სექტემბერში (რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ) - 4%;
  • გაიზარდა გამოძიების მიმდინარეობისას დისკრიმინაციული ნიშნისა და სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც. 2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, 2018 წლის 9 თვეში კი სიძულვილის მოტივი გამოკვეთილ იქნა 100-მდე სისხლის სამართლის საქმეში;
  • გაუმჯობესდა ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გააქტიურებით;
  • დაიწყო და მიმდინარეობს პოლიციის დანაყოფებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული გარემოს მოწყობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.

 
 
წაკითხულია 184 ჯერ

Related items

  • "ნუ წაართმევ ბავშვობას"
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით იწყებს საინფორმაციო კამპანიას, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“.
     
    კამპანიის გახსნითი ღონისძიება სასტუმრო "რუმსში" გაიმართა და ის სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გახსნა. ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
     
    ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს ნაადრევი ქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნეს.
     
    2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება უმეტესად ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც.
     
    კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.
     
    საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგი გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.

     

     
  • უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.
    ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.
    გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.
  • პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომლებიც „მეტრომანის“ ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშულთან ეფექტიანი ბრძოლა. ამჯერად, სამინისტრომ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1986 წელს დაბადებული რ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ხ., 1988 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1992 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1960 წელს დაბადებული დ.ს.

    დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

    დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია "მეტრო სერვის +"-ს ქონებრივ ზიანს აყენებდა.

    აღსანიშნავია, რომ "მეტრო სერვის +" მოქალაქეებს სთავაზობს სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობისთვის განკუთვნილ "მეტრომანის" ბარათებს და ახდენს მათ მიერ გადახდილი თანხების შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადარიცხვას.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და "მეტრომანის" ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს - ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ.

    აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს დანაშაულებრივი ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. კერძოდ, ჯგუფის ორგანიზატორები - დ.ს. და რ.ა. დანაშაულის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ და ჯგუფის წევრებს შორის თანხებს ანაწილებდნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიენტებს იზიდავდნენ და მათგან თანხებს იღებდნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბარათებზე თანხის ვირტუალურად ასახვას ახდენდა.

    აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.

    შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

    ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, ღამის 00:00 საათიდან თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის კვეთამდე.

     რეაბილიტაციის მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის არსებული სქემა და გარკვეულ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, კერძოდ:
     
    ვარაზისხევიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ კორნელი კეკელიძის ქუჩაზე ნინო ჟვანიას ქუჩის მიმართულებით ან ფალიაშვილის ქუჩის გავლით მირცხულავას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით;
     
    ვაკის-პარკიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
     
    ჭავჭავაძის გამზირიდან ავტომანქანები ავლენ არაყიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ აბაშიძის ქუჩაზე მრგვალი ბაღის ან ვაკის პარკის მიმართულებით.
     
    მრგვალი ბაღიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები,პეტრიაშვილის ქუჩით ჩავლენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური