მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 09:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური კანცლერ მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული გერმანია დღევანდელ მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ინტენსიური. ამ საქმეში დიდია გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურება.

თქვენი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, პირადად მემასპინძლა თქვენთვის.

სიმბოლურია, რომ თქვენი ჩამობრძანება დაემთხვა ჩვენი ერების მეგობრობის  200 წლის იუბილეს, რომელსაც ფართოდ აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოში. ჩემთვის ასევე უდიდესი პატივია მომავალ კვირას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაში მონაწილეობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და გერმანულ საზოგადოებას თანამედროვე ქართული კულტურის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობს გერმანელი ხალხის მხრიდან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე თქვენი ურყევი პოზიცია.

მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტისას, მომეცა შესაძლებლობა, ერთად გვემსჯელა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალ ერთობლივ პროექტებზე. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პირადი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ჩვენს სამომავლო პარტნიორობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.

ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე და გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენი და გერმანელი ხალხის მიმართ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მილოცვაში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გაეგზავნა. 

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

წაკითხულია 351 ჯერ

Related items

  • "მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს ვირუსის გავრცელების კონტროლი"

    ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გზებზე მსჯელობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და საჭიროების შესაბამისად, ყველა დამატებითი მექანიზმი ამუშავდება.

    „ეს იქნება ფრენების შეზღუდვა თუ სხვა, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი", - განაცხადა პრემიერმა.

  • პრემიერ-მინისტრი 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მქონე ჩემპიონებს შეხვდა

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პრემიერმა ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.

    აღსანიშნავია, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, 2019 წელს, ექვსივე სპორტსმენმა ქვეყანას ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის მედალი მიუტანა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა მათგანს წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული მიანიჭა.
    გიორგი გახარიამ, ჩემპიონებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

  • "სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე", - გიორგი გახარია

    რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
     
    მთავრობის მეთაურის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით.
     
    „დღეს აღვნიშნავთ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, რაც ძალზედ სიმბოლურია. ასევე სიმბოლურია, რომ ამ ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც მე მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი დაახლოებით 4, 5 მილიონი დოლარია, ისევე როგორც, საქართველოს მხარემ მილიონი ლარი დახარჯა, იმისათვის, რომ ყველაფერი აღგვეჭურვა უმაღლეს დონეზე. ეს კეთდება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე. განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული, განსაკუთრებით სახელმწიფო, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ იწვნია, რას ნიშნავს ჯარისკაცები, რომლებიც პირდაპირ საომარ მოქმედებებში არიან ჩართულები და განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ჯარისკაცებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
     
    პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.
     
    „ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ისევე, როგორც კეთდება იმ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის, რომლებთან ერთადაც თქვენ დღეს მხარდამხარ იბრძვით სამშვიდობო მისიებში და რომლებთან ერთადაც ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
     
    „პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ჩვენს სტუმრებს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს, რომელმაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე და ეს ბატონი ირაკლის დამსახურებაა. თითოეულ თქვენგანს, პირველ რიგში, მსურს გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა. მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მეგობრების ქვეყნებში მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრები უბრალოდ არ გვჭირდებოდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    წეროვანში დღეს, რეგიონში უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

  • გიორგი გახარია როვნაგ აბდულაევს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

    საუბრისას ხაზი გაესვა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

    აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თერჯოლასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას, სადაც უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

    შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

  • პრემიერ-მინისტრის განცხადება 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

    პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.  

    პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

    რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: 

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული. 

    ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.
    შესაბამისად, ვავალებ: 


    •  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.


    • ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.


    • იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.


    საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. 

    მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური