საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 13:06

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 42 მსჯავრდებული, მათ შორის, 3 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანი. ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალბატონსა და 6 არასრულწლოვანს.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 19-23 სექტემბრის პერიოდში  866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. 
კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილა.
"გიორგი მამალაძის საქმე განიხილა შეწყალების საკითხთა კომისიამ. გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ ვინც ესწრება კომისიის სხდომას.
გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისად დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა”, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.

წაკითხულია 217 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

    მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

  • სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა.

    როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებაღაკვეთილი მსჯავრდებული. 

    პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალბატონია, რომლებიც პენიტენციურდაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

    „ასევე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალი. შეწყალებულთაგან 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მუხლისგან. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნება თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა“, – განაცხადა ჟვანიამ.

    წყარო: 1tv.ge 

  • ​საქართველოს პრეზიდენტმა იორდანიის სენატის პრეზიდენტს უმასპინძლა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს ფეისალ ალ-ფაიეზის შეხვდა.
    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - იორდანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: ეკონომიკური, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებას.

    დელეგაციებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა დადებითად შეაფასა ვიზიტის ფარგლებში, ფეისალალ-ფაიეზის საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში გამგზავრება და აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, აღნიშნული სოფლის მონახულების შემდეგ, პირადად დარწმუნდება, თუ რამდენად რთულია, დედაქალაქთან ახლოს და ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზის არსებობა.

    საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კულტურული კავშირების განვითარების პერსპექტივებსა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების კონსერვაციის მიმართულებით, იორდანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

    ასევე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური ტურიზმის განვითარების ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ ბოდბის მონასტერი მოინახულა, ტურიზმის ამ მიმართულების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას ესწრებოდნენ: იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზურაბ ალექსიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

  • საქართველოს პრეზიდენტი იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის გახსნას დაესწრო

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეაში მეოცე საუკუნის იტალიელი მხატვრის, ჯორჯო დე კირიკოს გამოფენის ,,ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის” გახსნას დაესწრო.

    სალომე ზურაბიშვილმა გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დე კირიკოს გამოფენა ნამდვილი საჩუქარია ქართული საზოგადოებისათვის.
    პრეზიდენტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ იტალია აკეთებს იმას, რისთვისაც მთელი ევროპა ემზადება, რომ 2019 წელი ევროპის კულტურული სეზონი გახდეს საქართველოში, რაც ყველაზე უფრო მეტი დაახლოება ევროპასთან.
    ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იმართება ევროპული დონის გამოფენები. ეს არის ის დონე, რომელსაც შეხვდებით პარიზში, რომსა და ევროპის დედაქალაქებში. ასეთი ნაბიჯებით ნელ-ნელა ვარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ ვართ კულტურული ევროპის წევრი, ვეკუთვნით მას და ჩვენი ცივილიზაციითა და ჩვენი წარსულით გვაქვს ის კულტურული დონე, რითაც შეგვიძლია არ ჩამოვრჩეთ ევროპას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
    საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, დე კირიტოს შემოქმედების მიზანია, რეალობასა და ოცნებას შორის გადოს ხიდი. ცხენები მამაკაცურ ძალოვნებაზე მიგვანიშნებენ, რომლებიც მითოლოგიაზე არიან გადაჯაჭვულნი, თოჯინები კი, ადამიანის მარტოხელობას ასახავენ.

  • ​საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი განიხილა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
     
    როგორც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან აქტიურია ყველა სფეროში, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ და სამეცნიერო საკითხებში.
     
    ,,ტრადიციულად ჩვენ გვქონდა მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და  დღესაც ვავითარებთ მას.
    ამ ეტაპზე ჩვენს ასამბლეაში ყალიბდება საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი აზარიანი იქნება, ასამბლეის ვიცესპიკერი.
    ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გავძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხებში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან, ისეთ საკითხში, რომელიც  საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება.
    მთანი ყარაბახის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდოებიანი  მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ეს მომდინარეობს ყველას ინტერესიდან", - აღნიშნა მირზოიანმა.
     
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარლამენტების ურთიერთთანამშრომლობა.
     
    ,,თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
    ეს კონფლიქტები, ალბათ, ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას.
     
    როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად.
     
    ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია.
    ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
     
    საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც კანონის შესაბამისად, ასევე, ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა.
     
    ,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
    ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში.
    ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.
    ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა.
     
    საამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი,  რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში.
     
    მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ.
     
    თუ არა, მაშინ ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ: ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მხოლოდ სიტყვიერი განაცხადებია.
     
    საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება.
     
    ასე რომ, ამ კუთხით, მე მგონია, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის არაფრის ახსნა გვჭირდება, რომ ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკა, რომ მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და ასევე, ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არაა, მაგრამ, რომლის გადმოტანა შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, ისიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური