ვერცხლის ჯილდო უეფასგან

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018 12:45

ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უეფამ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა.

მოყვარულთა ლიგა - სწორედ ამ პროექტმა მოიპოვა საუკეთესო მეორე ადგილი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან.

ვერცხლის ჯილდო, რომელიც საქართველოს წელს პირველად, სწორედ მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გადაეცემა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან UEFA-ს ერთერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს პირველად მიიღო ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო პროექტის კონცეფციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა არის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის სწორედ ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება. უეფას ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში,“- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ.

პროექტი „მოყვარულთა ლიგა“, რომელმაც აღიარება დაიმსახურა, საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი მოყვარულის ჩართვა და ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ამ დროისთვის მოყვარულთა ლიგა მთელი ქვეყნის, ყველა მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 400 გუნდი თამაშობს, რაც ნიშნავს რომ რეგულარულად 11*11-ზე ფორმატის ფეხბურთს 8000- ზე მეტი მოყვარული მოთამაშე ჰყავს.

აღნიშნული ჯილდო 2010 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ეროვნულ ასოციაციებსა თუ ფედერაციებს სხვადასხვა კატეგორიებში, მათ შორის - საუკეთესო ლიდერი, საუკეთესო კლუბი და საუკეთესო პროექტი.

ჯილდო მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცემათ საუკეთესოებს, რადგან უეფას მიაჩნია, რომ ფეხბურთის მასობრიობა არის გადამწყვეტი სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის.

საუკეთესო პროექტის ჯილდო მიზნად ისახავს გამოარჩიოს ინიციატივები, რომელიც წარმოადგენს ინოვაციას, აქვს სოციალური დატვირთვა და ემსახურება ფეხბურთში ადამიანების ჩართულობის ზრდა და შენარჩუნებას და მხარს უჭერენ კამპანია “UEFA RESPECT” პრინციპებს.

წაკითხულია 216 ჯერ

Related items

  • გიორგი კვირიკაშვილი UEFA-ს პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

    მხარეებმა საქართველოსა და UEFA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო 2017 წელს საქართველოში გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ევროპის ჩემპიონატს.

    შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და ითვალისწინებს - პროფესიული საფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნობრივ პროექტებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას დამატებით 10 მოედანი შეემატება, რომლის მშენებლობასაც, UEFA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩაეყარა საფუძველი.

    გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდერ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

    UEFA-ს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი.

  • თბილისში 7 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა იწყება

    29 სექტემბერს, დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

    სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად კაფსულა უეფას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სლოვენიელმა ალექსანდ ჩეფერინიმ ჩაუშვა.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ფეხბურთის ფედერაცის აკადემიის აღსაზრდელები, ახალგაზრდა ფეხბურთელები. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩეფერინმა პირველი ვიზიტი საქართველოში დაგეგმა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და მხარდაჭერაა. ახალი თბილისის ტერიტორიაზე სულ 7 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი მოეწყობა.

    „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში 2016-2017 წლებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი აშენდება. პროექტის საერთო ღირებულება  9. 410. 000 ევროა. მშენებლობის პროცესს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro" გაუძღვება. შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში 19 წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20 წლამდელთა) ჩემპიონატს რაგბიში. ახლად აშენებული მოედნები გამოყენებული იქნება ტურნირში მონაწილე გუნდების სავარჯიშოდ.     

  • უეფას პრეზიდენტის ვიზიტი სფფ-ში

    უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა, სადაც ის სფფ-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

    შეხვედრის მთავარი თემა ის პროექტები იყო, რაც ფეხბურთის ფედერაციაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში განხორციელდა. მხარეებმა ასევე ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებელი მიმართულებები განიხილეს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა 2017 წელს დაგეგმილი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი იყო.
    „ ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის, ისინი ბევრს შრომობენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედოს,“- განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.
    „უპირველესად მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტს იმისათვის, რომ სწორედ საქართველოა პირველი ქვეყანა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ბოლო პერიოდის მანძილზე ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მას, გავეცანით მის ხედვას, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ღიად გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ უეფას მხარდაჭერა გვაქვს,“- განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

  • თბილისს უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ეწვევა

    29 სექტემბერს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და გენერალური მდივანი, თეოდორ თეოდორიდისი ესტუმრებიან. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უეფას პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის სტუმრობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, სადაც სფფ-ის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ასევე დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

    შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც სლოვენიელმა ალექსანდერ ჩეფერინიმ გაიმარჯვა.
    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ათენში გამართულ არჩევნებზე პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი წარმოადგენდა და მან მხარი ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას დაუჭირა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარი პოზიცია არჩევნებზე ჩეფერინის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააფიქსირა.

  • უეფას სუპერთასი მადრიდის ''რეალმა'' მოიგო

    უეფას სუპერთასი მადრიდის ''რეალმა'' მოიგო.

    ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა სუპერთასის მატჩში უეფას ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ''სევილია'' 3:2 დაამრცხა.

    ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმში გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 21-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. ''სევილიამ'' წონასწორობა 41-ე წუთზე ფრანკო ვასკესის გოლით აღადგინა.

    72-ე წუთზე ევგენი კონოპლიანკამ ანდალუსიელები წინ გაიყვანა. უკრაინელმა ნახევარმცველმა პენალტი შეასრულა ზუსტად. ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ''რეალის'' კაპიტანმა სერხიო რამოსმა გაათანაბრა.


    მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. გამარჯვების გოლი მეორე დამატებული ტაიმის უკანასკნელ წუთზე ''რეალის'' კიდევ ერთმა მცველმა, კარვახალმა გაიტანა.

    აღსანიშნავია, რომ სევილიამ ზედიზედ მესამე სუპერთასის მატჩი წააგო. 2014 წელს ანდალუსუელები ფინალში ასევე ''რეალთან'', ხოლო 2015 წელს ''ბარსელონასთან'' დამარცხდნენ.

    ზინედინ ზიდანმა კი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სუპერთასის მოგებაც მოახერხა. ''რეალმა'' აღნიშნული ჯილდო მესამედ მოიგო. 

    მადრიდის რეალი 2:2 სევილია

    უეფას სუპერთასი

    9 აგვისტო. ნორვეგია, ტრონდჰეიმი. ლერკენდალის სტადიონი

    მადრიდის რეალი: კასილია, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, კოვაჩიჩი (როდრიგესი 73), კაზემირო, ისკო (მოდრიჩი 66), ვასკესი, ასენსიო, მორატა (ბენზემა 62)

    მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

    სევილია: რიკო, პარეხა, კარისო (რამი 51), კოლოჯიჩეკი, კიოტაკე, იბორა (კრანევიტერი 74), ნზონზი, ფრანკო ვასკესი, მარიანო, ვიტოლო, ვიეტო (კონოპლიანკა 67)

    მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

    გოლები: 1:0 ასენსიო (21), 1:1 ფრანკო ვასკესი (41), 1:2 კონოპლიანკა (72 პენ), 2:2 რამოსი (90+3)

    გაფრთხილება: ვიტოლო (39), კარვახალი (84), ასენსიო (86), კოლოჯიჩეკი (90, 93), როდრიგესი (93)

    გაძევება: კოლოჯიჩეკი (93)

    მთავარი მსაჯი: მილორად მაზიჩი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური