ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 14:34

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობასა შესანიშნავს უწოდებს და მეორე კომპაქტის წარმატებით განხორციელების პროცესს მიესალმება, - ამის შესახებ კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბროკ ბიერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბრისას ხაზი გაესვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ძლიერ პარტნიორობას საქართველოსთან, რომლის ფარგლებში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მხოლოდ მეორე კომპაქტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა საქართველოს 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა, რითაც სასწავლო გარემო 37 ათას მოსწავლეს გაუუმჯობესდა.

მთავრობის მეთაურმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი ინვესტიცია, რომელსაც ტრანსფორმაციული ძალა აქვს. აღინიშნა ათასწლეულის გამოწვევის  კორპორაციის მეორე კომპაქტის მიზნების სრული თანხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვასთან განათლების რეფორმასთან დაკავშირებით.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მომდევნო წელს კომპაქტის დასრულების საკითხი და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის პოტენციალის ზრდაზე ზრუნვა, რაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საშუალებითა და პროექტის დახურვის შემდეგ მდგრადობაზე მუშაობით გაგრძელდება. საქართველოს მთავრობასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ ცხადად გვაქვს გაცნობიერებული საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობა", - განაცხადა ბროკ ბიერმანმა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტები, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სექტორებში. კომპაქტის ფარგლებში, საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, დაიწყო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ქვეყანაში შემოვიდა აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამებზე ამჟამად ჯამში 550 სტუდენტი სწავლობს, პირველი კურსდამთავრებულები კი პროგრამას 2019 წელს ეყოლება.

წაკითხულია 285 ჯერ

Related items

  • საქართველოს მთავრობა ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს

    იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს.

    "ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარზე გვიწევდა და მის გადმოცემაზე მუშაობა ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადის საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა, ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არამხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა მრავალ ჭრილში, მათ შორის სამართლებრივ ჭრილში იმისთვის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენს მხარეზე" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

  • იან კელი - საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში

    საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

    იან კელის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს.

    „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ მომავალზე. ჩვენი პროგრამების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ეხება. თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს. საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, ახორციელებს საგანმანათლებლო, სავაჭრო და ჯანდაცვის პროექტებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამგვარ მიდგომას“, – განაცხადა იან კელიმ. 

  • ჩინეთის მთავრობა ქართველი მეცნიერების კვლევებს დააფინანსებს

    აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და როლის თაობაზეც დღეს, სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან გაიმართა.

    ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მზადაა, აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზება გაუწიოს მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას, პარტნიორ ფონდებთან ერთობლივად შეარჩიოს და დააფინანსოს აბრეშუმის გზის ქვეყნების საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეული კვლევითი ჯგუფები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი ასევე აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები.

    აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.

  • ნახევარ განაკვეთზე და ღამის საათებში მუშაობის წესები დამტკიცდა

    საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად,  დამტკიცდა ნახევარ განაკვეთზე და ღამის საათებში მუშაობის წესები. 

     "მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც შესაბამისად დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით; ბ) ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე; გ) მოხელე ქალის შემთხვევაში – მშობიარობამდე; დ) მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღებამდე", - აღნიშნულია დადგენილებაში. 

    ამასთან, დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.

    „მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს. ღამის საათებში მომუშავე მოხელეს ეძლევა ერთსაათიანი შესვენება, რომელიც ითვლება სამუშაო დროში. მოხელე, რომელის მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღე დასვენების ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაში ღამის საათებში მუშაობის დაწესების შესახებ უნდა იქნას განსაზღვრული ღამის საათებში მუშაობის განრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესით დადგენილ ვადებს“, - ნათქვამია დადგენილებაში.

    გარდა ამისა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია გადაყვანილ იქნას დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. 

    მოხელეს ღამის საათებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი, რომლის საერთო ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

  • მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა

    საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი  მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
     საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
    ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.  დღეს მოქმედი რედაქცია არეგულირებს მხოლოდ ოჯახურ ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

    ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორცილებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრება საგამონაკლისო შემთხვევა − აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი იქნებიან, სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე. 

    ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა.
    სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.
    აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

    სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას. ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა გენიტალიების დამახინჯება ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

    იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

    მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ ქალთა უფლებები საქართველოში  ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა  სტამბულის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.
     
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური