პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 09:47

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლზე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს შტაბბინაში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობას. პრემიერმა გაეროს მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ერთგულია და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

პრემიერ-მინისტრმა ანტონიო გუტიერეში საქართველოში მიიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზაციის მეგობარია და მზადყოფნა გამოთქვა, თბილისს პირველივე შესაძლებლობისთანავე ეწვიოს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

წაკითხულია 330 ჯერ

Related items

  • მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

    ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

    დადებითად შეფასდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის მზარდი მაჩვენებელი და აღინიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50 პროცენტით არის გაზრდილი და აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

    ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა China International Import Expo-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის, თავიანთი პროდუქცია  ჩინელ ინვესტორებს წარუდგინონ.

    შეხვედრაზე განიხილეს ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. 

    პრემიერ-მინისტრიის პრეს-სამსახური

  • ბაკურიანში ხუთი კილომეტრის სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება

    ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება, რომელთა საერთო სიგრძე 5 კმ. იქნება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ი განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა. 

    საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოვიდა. მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, ახალი საბაგიროების მშენებლობასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. 

    „სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რასაც დღეს მოეწერა ხელი, არის პირველი პროექტი იმ პროგრამიდან, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩასატარებლად. გეგმაში გვაქვს შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა - ეს არის ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონი, ყინულის მოედნები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია და სპორტის  ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ კობა წაქაძის სამშობლოში. ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

    მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტები შესრულდეს დროულად, ხარისხიანად და ყველა ერთად გავხდეთ ახალი სპორტული წარმატებების მომსწრენი. 

    „მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენ ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

    2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIS-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

    საქართველოსა და ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ის საქმიანი ურთიერთობა 1984 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ხოლო მსოფლიოში - 15 000-ზე მეტი მოქმედი ინსტალაცია. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, საქართველო წარმოადგენს სამთო და ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით რეგიონალურ ჰაბს და სწორედ ამიტომ გადაწყდა რეგიონული ოფისის საქართველოში ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად მოემსახურება „დოპელმაიერის“ ყველა ინსტალაციას მარაგი ნაწილებითა და სერვისით.

    ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, „Doppelmayr Garaventa Group“-ის რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე მონაწილეობდნენ.

  • მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს

    საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო.

    "ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. ქედს ვიხდი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს შეხვდა. 

    არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ლუიზა ვინტონს იმ დახმარებისთვის, რომელსაც UNDP საქართველოს პარლამენტს უწევს, მათ შორის ინსტიტუციური რეფორმის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ UNDP-მ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა პარლმენტის კვლევითი ცენტრის დაარსებაში.

    მხარეებმა ისაუბრეს ახალ პროექტზეც, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება და UNDP კვლავ გააგრძელებს საპარლამენტო რეფორმების მხარდაჭერას.

    პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე და იმ კანონმდებლობაზე ესაუბრა, რომელსაც პარლამენტის მიიღებს.

    შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო დეცენტრალიზაციის სტრატეგია და ამ სტრატეგიის მიღების აუცილებლობის საკითხი.

     

     

  • პრემიერ-მინისტრმა ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს - დავით თათვიძეს და კესარია მგელაძეს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს - 6 წლის დავით თათვიძეს და 9 წლის კესარია მგელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ტიტული რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს.

    მამუკა ბახტაძემ მოჭადრაკეებს წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი მიღწევებით მთელი საქართველო ამაყობს.

    „საქართველო არის ჩემპიონების და ყველაზე ნიჭიერი ადამიანების სამშობლო და კესარიას და დათოს მიღწევები სწორედ ამის მაგალითია. განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ სკოლებში უნდა აღვადგინოთ ის ტრადიცია, რომ ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ჭადრაკში. იმ საზოგადოებაში, სადაც ჭადრაკი პოპულარულია, ადამიანური კაპიტალიც და ნიჭიც ყველაზე მეტად ვითარდება", - განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის მეთაურმა ქუთაისისა და ბათუმის დიდ საჭადრაკო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და ქუთაისელი დავით თათვიძისა და ბათუმელი კესარია მგელაძის მშობლებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა.

    პრემიერ-მინისტრმა პატარა ჩემპიონებს წარმატებები უსურვა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ქალაქ ბრატისლავაში პირველ აგვისტოს დაიწყება. 

     

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური