გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 11:32

საქართველოს პრეზიდენტმა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა და ცერემონიაში მონაწილე ცნობილ სპორტსმენებსა და საპატიო სტუმრებს „ბლექ სი არენის“ სცენიდან მიმართა:
"მოგესალმებით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სპორტსმენებო, მწვრთნელებო, ჩვენი ქვეყნის სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!
საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას - საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია.
საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად უმასპინძლებს ამ ღირშესანიშნავ ტურნირს.
ჭადრაკი, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონია. საჭადრაკო ოლიმპიადის 6- გზის გამარჯვებული. საერთო ჯამში საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა! მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.
ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს: საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა...მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია.
მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ცერემონია გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. ბათუმის ოლიმპიადაში, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, პირველობისთვის 190 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოლებს.

წაკითხულია 863 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს

    დღეს ხელი მოვაწერე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

    თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული. 

    მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

    ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება. 

    მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს.

    რაც შეეხება მეორე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ.

  • საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლენიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, არ დაუშვას რუსეთის აგრესია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან

    ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, როგორც სენატორები აცხადებენ, მიმდინარე კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული ვლადიმერ პუტინის მიერ, რომელმაც უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა განალაგა.  სენატორების თქმით, ამით  პუტინი უარს ამბობს პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

    „აშშ და მისი მოკავშირეები არ შეეგუებიან  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას, ისევე როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას  ისე, რომ აღნიშნულს არ  მოჰყვეს მძიმე შედეგები“ - ნათქვამია განცხადებაში. 
    სენატორების მიხედვით, რუსეთის მიერ მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიები" რაც უკრაინისთვის ნატოს წევრობაზე უარის თქმასა და ალიანსის შემდგომი გაფართოების შეწყვეტას გულისხმობს, სინამდვილეში წარმოადგენს რუსეთის მცდელობას კვლავ შექმნას გავლენის სფეროები ევროპაში, და მათი მეშვეობით ზეწოლა მოახდინოს და დაჩაგროს ის ქვეყნები, კერძოდ,  უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან.
    „მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ნატო-ს წევრები იღებენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს საქართველოზეც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ შეასრულონ ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, და რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - წერია განცხადებაში.
    აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელზე შედგენილ ღია წერილს ხელს აწერენ როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.

  • მსოფლიოს ყველაზე წლოვანი ადამიანი 119 წლის გახდა

    დედამიწაზე ამჟამად მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იაპონელი ქალი ტანაკა კეინი, 119 წლის გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, გინესის რეკორდების წიგნის მიერ მინიჭებული "მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული ადამიანის" ტიტულის მფლობელი ტანაკა კეინი, გუშინ 119 წლის გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანაკა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ იაპონიის  ფუკუოკას პროვინციაში მოქმედ  მოხუცთა თავშესაფარში  ცხოვრობს, მიმიკებითა და სახის გამომეტყველებით დაუკავშირდა თავშესაფრის თანამშრომლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტანაკას, რომელიც რიცხვებისგან შემდგარ თავსატეხებსაც კი ხსნის, ჯერ კიდევ ძალიან უყვარს შოკოლადები და გაზიანი სასმელები.

    ტანაკამდე მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა ასევე იაპონელი ქალი ჩიიო მიაკო,  რომელიც 2018 წლის ივლისში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ადამიანის ტიტული ჯერ ჯერობით უჭირავს ფრანგ ქალ ჟანა ლუიზ კალმენტს, რომელიც 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • საქართველოს პრეზიდენტი - სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც პრეზიდენტის განცხადებით, სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს.

    ,,სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ეს პროცესი არ არის ადამიანების ერთმანეთთან შერიგების პროცესი, რაც მორალური კატეგორიაა.

    ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან საუბრის დაწყებას იმ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია, რის გამოც ვართ დაპირისპირებულნი და გადამტერებულნი. ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავჯდეთ ერთად და განვიხილოთ ის მთავარი საკითხები, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისა და  მისი მომავლისათვის,  ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და მართლმსაჯულების თემები.

    და იმისთვის, რომ ეს ძალა ვიპოვოთ საჭიროა ჩვენ შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება. დღეს ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია, ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი. 

    ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, იმისათვის რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები. იყო მცდელობა თუნდაც ევროკავშირის ხელით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ასეთი საწყისი შეთანხმება შემდგარიყო.  მე მგონი, შეიძლებოდა რომ ეს აღსრულებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ ვაპირებ ამის ჩემი ძალებით გამეორებას და ხელახლა დაწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამის ძალა და რესურსი არ გამაჩნია. 

    წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ჩვენ ყველამ,  ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დაჯდომა. ეს იმას ნიშნავს რომ -  ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს.

    ცხადია კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი  მაქვს ამას გავაგრძელებთ.  ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    პრეზიდენტის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური