ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 20:43

 

 

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

 დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

 როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსი ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს. „მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შემოუერთდა იმ სულისკვეთებას, რაც ამ მემორანდუმში არის გაწერილი. მთავარი გახლავთ ის, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები არის ერთგვაროვნად აღქმული. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ის მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზი, რაც არის სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, იყოს ცალსახად ასახული ამ მემორანდუმში. ეს მემორანდუმი დღეს უკვე პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რომლებიც თანამედროვე პერიოდში ტექნოლოგიების თვალსაზრისით შეიძლება ახლდეს კამპანიის პროცესს. ეს გახლავთ სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების ასახვა, რაც უკვე ამ მემორანდუმით არის გათვალისწინებული და ვფიქრობ, ეს ერთიანი თანხმობა ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს და ცხადია ყველა ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ პროცესი მთლიანობაში, მათ შორის კამპანიის წარმოების წესები, იყოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმაც. ქეთევან ჩაჩავას განცხადებით „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც 2010 წლიდან სამოქალაქო სექტორი და ძირითადი ჩართული მხარეები ხელს აწერენ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს ერთობლივ კონსენსუსს იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაციის განმარტება. მოგეხსენებათ კანონი ყველაფერს ვერ განმარტავს და აქედან გამომდინარე სწორედ ამ ტიპის პოლიტიკური ერთობა და პოლიტიკური მზაობა, რომ  პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას სახეზეა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ჩართული მხარე თავის მხრივ აღებულ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და  იმედი გვაქვს, ის წინ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით შემცირებული საჩივრების სახით გაგრძელდება.“

 მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი; როგორც ადამ სმიტმა განაცხადა, USAID-თვის დიდი პატივია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა ხელმომწერ მხარეებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პერიოდში თანაბარი გარემოს შექმნას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის დარეგულირებას, ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და წინსვლას, -  „ჩვენ მხოლოდ მოხარული ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ცესკოს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ახალი რეალობის შექმნას უწყობს ხელს, მინდა მივულოცო საქართველოს და ცესკოს და ჩვენ მზად ვართ თვალი მივადევნოთ და დავაკვირდეთ სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“. 

 მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და პარტიებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

 ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES)  თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

 

 

 

წაკითხულია 107 ჯერ

Related items

  • ზაალ ანჯაფარიძე - ცესკოს კრიტიკა აქტუალური აღარ არის

    ე.წ. ჩანაწერების სკანდალებს  და კომპომატების ომს,   საარჩევნო პროცესსა  და  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაზე რაიმე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

    მისი თქმით,  არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი და რჩება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს მიერ არჩევნებისთვის მზადება, კანდიდატთა საარჩევნო კამპანია და ჩანაწერებით ომი,   ორ პარალელურ, ერთმანეთისგან განყენებულ სიბრტყეში მიმდინარეობს.

    „მედიიდან თითქმის გაქრა დამკვირვებელი  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების  პრეტენზიები და ბრალდებები ცესკოს მიმართ, რითაც უხვად იყო დატვირთული გასული თვენახევარი. ცესკოს კრიტიკა აღარ არის აქტუალური.  მითუმეტეს, როცა  სერიოზული ხელჩასაჭიდიც არ არსებობს. თუმცა, ეს შეიძლება ქარიშხლის წინ არსებული სიჩუმე იყოს და დამკვირვებლები შესაფერის  მომენტს ელოდებიან. რას შეიძლება შეეხოს კრიტიკა? ბიულეტენის ბეჭდვას და დროულად მიწოდებას საარჩევნო უბნებზე, პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში ხმების მიცემას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

     მისივე თქმით, რადგან პოლიტიკური ტემპერატურა არჩევნების წინ საკმაოდ აწეულია და დესტრუქციული ქმედებების ალბათობაც შედარებით მაღალი, ცესკოს მხრიდან ნებისმიერი, თუნდა მცირე პროცედურული დარღვევა, მაშინვე გაბუქებული და  გამოყენებული იქნება ცნობილი ჯგუფების მიერ. 

  • პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

    დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

    ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი.

    „საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.  ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

    აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

    ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

    ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890  ამომრჩეველი.

  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

    თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

    „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

  • პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

    დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შემოსულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, - 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი.

    დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ზემოაღნიშნულთან ერთად კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესახებ; როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამოიწურა ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

    „ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ელექტრონული სერვისებით, 10 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლა და სიები გადაამოწმა 900 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ხოლო სიებში მონაცემებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს წერილობით მიმართა 988 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა სიის საბოლოო ვერსიის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიები  ამომრჩევლებს დაურიგებენ ამომრჩევლის ბარათს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

  • ზვიად აბაშიძე: ამ არჩევნებით საქართველო კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს

    გარკვეული ხარვეზების და მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად,  არჩევნები კონკურენტულ და ღია გარემოში მიმდინარეობს და საქართველო  დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს.- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ    განაცხადა.  მისი თქმით, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ISFED-ის  მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიც, სადაც წინასაარჩევნო დარღვევებზეა საუბარი. როგორც ზვიად აბაშიძემ განაცხადა,  ანგარიშში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ სახეზეა არჩევნების მასობრივი გაყალბების რაიმე ტენდენცია. 

    „ნიშანდობლივია ანგარიშში მოყვანილი ფაქტები- რომ წესების დამრღვევები საარჩევნო სუბიქტების ყველა მხარეა და პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც მმართველ გუნდზე, ისე ოპოზიციურ პარტიებზე. აღნიშნულია ასევე, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსთა მწვავე კრიტიკული გამოსვლები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ,  სამართლიან, კონკურენტულ გარემოს აზიანებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი განცხადებები ხშირად, ერთგვარი რეაქციაა მათ მიმართ გამოვლენილ  არაკორექტულ  კრიტიკაზე. ბუნებრივია, ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკოსებს გაცილებით მეტი თმენის ვალდებულება აქვთ, მაგრამ ქართული კულტურული კონტექსტი არ უნდა დავივიწყოთ, სადაც კრიტიკა, ხშირად ლანძღვა-გინებაში გადადის.  მწვავე პასუხები პირადი ღირსების საქმედ მიიჩნევა და არ წინდაწინ გამიზნულ რაიმე სტრატეგიად“.- განაცხადა ზვიად აბაშიძემ. 

ბიზნეს ნიუსი

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველო...

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიი...

პოპულარული

« ოქტომბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური