გიორგი გახარიამ და თამარ ჟვანიამ არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით მემორანდუმი გააფორმეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 14:15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

გიორგი გახარია: " მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და საერთოდ, სამინისტროს წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რათა შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ".

მემორანდუმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

თამარ ჟვანია:"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც გახლავთ არჩვენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება. ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ ეს ერთობლივი ინიციატივა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES -ისა და USAID-ის ხელშეწყობით და უკვე მესამე წელია ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით. უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუციური ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის საშუალება. ჩვენ სწორედ ამას უზრუნველყოფთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ვატარებთ სწავლების ერთობლივ პროგრამებს და უნდა აღვნიშნო, რომ შარშან, მაგალითად, სწორედ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგი იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომ არჩევნების დღეს, 2017 წლის არჩევნების შემდეგ, არც ერთი ძალადობრივი ფაქტი არ დაფიქსირებულა".

მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას, ასევე, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

წაკითხულია 151 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა
    2018 წლის 11-12 დეკემებერს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამუშაო ვიზიტით, ქ. სტრასბურგში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაბრიელა ბატტაინი დრაგონისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიჩეკ სავიცკისთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, გუიდო რაიმონდისთან, ვენეციის კომისიის მდივანთან ტომას მარკერტთან და ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.
     
    სამუშაო ვიზიტის მიზანი ევროპელი პარტნიორებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების - „სისტემური განახლების“ კონცეფციის გაცნობა იყო, რაც საპოლიციო დანაყოფებში მუშაობის თვისობრივად ახალი მეთოდების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უკავშირდება. შეხვედრების ფარგლებში, ასევე განიხილებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა, გატარებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და მისი საქმიანობა.
     
    მხარეებმა, ასევე, განიხილეს სხვა აქტუალური საკითხები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ, წლების მანძილზე, მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სათანადო ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს.

     

     
  • დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი - ჯეიმს აპატურაი

    დღეს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. პირველ შეხვედრას ნატოს მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს.

    ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მამუკა ბახტაძეს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე თავდაცვის მინისტრსაც შეხვდება. ჯეიმს აპატურაი მოლაპარაკებებს გამართავს ოპოზიციასთან - მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპატურაის განაცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაეცნოს და საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გეგმებზე ისაუბროს.

    „ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს პრეზიდენტთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებებს გავმართავთ ასევე ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება. ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიების ტონი ძალზედ მკაცრი იყო, მსოფლიო თანამეგობრობა ელოდება მხარეებს შორის შერიგებას,“- აცხადებს აპატურაი. დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

    „სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატო-ს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება. ჩვენ ძალიან კარგი 2018 წელი გვქონდა, ბევრი კონკრეტული სამუშაო იქნა დასრულებული, დღესდღეობით ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. მთავრობასთან და მომავალ ლიდერთან უნდა განვიხილოთ 2019 წლის გეგმები, ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და აგრეთვე მეტი საქართველო ნატოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

    ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნატოს-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით 2019 წლის გეგმა იქნება. აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

     

  • შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრ-ადმირალ აჰმედ ქენდირს შეხვდა.

    შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, უწყების პრიორიტეტები გააცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სანაპირო დაცვის და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

    ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალი, კონტრ-ადმირალი აჰმედ ქენდირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, თემურ კეკელიძეს და ერთობლივი კომისიის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

  • თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს.

    მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.
    შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება პირადად მიულოცა და სიტყვით მიმართა.
    „დღეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური, პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გახლავთ, ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კრიმინალური პოლიციის რეფორმა, კონკრეტულად კი - მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. დღეს თქვენ თბილისის ერთ-ერთ რაიონში იწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას. თქვენი პირველი ნაბიჯები იქნება იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და ჩვენ მოქალაქეებს შორის. თქვენი ყველაზე დიდი მიზანია, იზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე და უზრუნველყოთ პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული. სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია უნდა შეასრულოთ უაღრესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენ ქალაქში მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რომელშიც მოქალაქეებმა უნდა იშრომონ და იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე.
    მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ეს ის კომპონენტია, რომელზეც უნდა იყოს დამყარებული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება. უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი მათზე მზრუნველ მეგობრად აღგიქვამდეთ. ეს არის ღირსეული მსახურება და მინდა, გისურვოთ ამ თქვენ პირველ ნაბიჯებში წარმატება. მინდა, გისურვოთ ღირსეული მსახურება ამ ქალაქის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
    მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.
    ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან მუშაობა დაიწყეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.
    პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა მოსახლეობიდან მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.
    მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით მთელ საქართველოში დაინერგება.
  • პრემიერ-მინისტრმა ს. ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

    საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილის შტაბში იმყოფებოდა, სადაც დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მოპოვებული ნდობა მიულოცა, ხოლო ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „მინდა, ყველა ამომრჩეველს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. ამასთან ერთად, მე ისიც განვაცხადე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა, ჩვენს წინაშე არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ. მე ამავე დროს, მივულოცე ქალბატონ სალომეს ის ნდობა, რაც მან მოიპოვა ჩვენი მოსახლეობისგან და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გატარდეს მუდამ. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შედის საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამავე დროს, სწორედ ამ რიგის ამოცანა გახლავთ ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, ერთსულოვნება და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ამას აუცილებლად მივაღწევთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას ასეთი აქტიურობისთვის",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური