მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 17:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ვიზიტი შეაფასა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველად სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, - ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობაში და გლობალურ ეკონომიკაში. იაპონია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში".

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

„343 მილიონი დოლარის დაფინანსება მოხმარდება ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს. საინჟინრო თვალსაზრისით უღელტეხილის მონაკვეთი გახლავთ ყველაზე უფრო კომპლექსური და რთული. აქედან გამომდინარე, იაპონური ტექნოლოგიების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროექტი დასრულდეს ვადაში და მაღალი ხარისხით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

წაკითხულია 213 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება

    ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა დაყოფილი.

    ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა. შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს.

    იმავდროულად, 19:00 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

    რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე.
    შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სრულიად სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები.
    პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით.

    ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული.

    ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა და ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი.

    ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება - ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია.

    ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს.
    ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივ არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე.

    გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • სასწავლო ვიზიტი პოლონეთში და სტუდენტების წარმატება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი კახაბერ ჯაყელი და მენეჯმენტის კოორდინატორი მაკა ბუღულაშვილის დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად 17,18,19,20 მაისს მონაწილეობდნენ MBA კონგრესზე, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ორგანიზებით.

    აღსანიშნავია, რომ 20 მაისს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში გაიმართა მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადა, რომელიშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. ჩვენმა სტუდენტებმა აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი მოიპოვეს.

    IBSU-ს დელეგაცია, ასევე ეწვია ხელოვნური ინტელექტის განვითარების სამეცნიერო და სასწავლო კერას, გაეცნო პოლონეთის ინდუსტრიას და დაესწრო ბიზნეს თემატიკაზე ჩატარებულ სემინარებს. პროფესორები შეხვდნენ პოლონეთის ბიზნეს სექტორისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სტუდენტებმა კი შეიძინეს მრავალი მეგობარი კრაკოველ სტუდენტთა შორის.

  • პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

    თურქეთი არასოდეს შეცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    თურქეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც თბილისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სტუმრობს, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

    შეხვედრის დასაწყისში ჰულუსი აქარმა მამუკა ბახტაძეს 26 მაისი მიულოცა.

    საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღინიშნა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა.

    ხაზი გაესვა  თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას  საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და თურქეთის პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივას.

    პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    23 მაისს, საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

    ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ- მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

  • პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

    პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა.

    განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

    შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ვაჭრობასა და სექტორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომლის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. პოზიტიურად შეფასდა პოლონეთის ინვესტიციისა და ვაჭრობის სააგენტოს დაარსება საქართველოში.

    მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებული პოლონეთის ინსტიტუტი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სენატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური