ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 17:19

2018 წლის 5 სექტემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელზეც განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემატიკა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა. ქართულმა დელეგაციამ ალიანსს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის გამალებული შეიარაღების, სამხედრო წვრთნებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. კომისიის სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე ერთგულება. წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხრიდან გამოიხატა ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.

მხარეებმა შეხვედრაზე, აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოსთან მიმართებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

წაკითხულია 340 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი უარყოფს არჩევნების შედეგებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში

    23 მარტს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პასუხად.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, აღნიშნულია განცხადებაში. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“.
    ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს საკუთარ არ-აღიარების და ჩართულობის პოლიტიკას, და ამ თვალსაზრისით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში რჩება სრულად მობილიზებული.

  • საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას

    ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. ცნობილი ამერიკული გამოცემა The Washington Times-ი აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით - „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას - ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის".

    პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

    "ბოლო დღეებში უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტი გეოპოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატოს და აშშ-ის ინტერესების დაცვაში მტრულად განწყობილი ძალებისგან. ამავე დროს, შავი ზღვა, ძვირადღირებული პროდუქციით, მათ შორის დიდი ოდენობის ამერიკული ექსპორტით, იქცევა ვაჭრობის გზაჯვარედინად ევროპიდან აზიაში და აზიიდან ევროპაში უმოკლესი მარშრუტის თვალსაზრისით. შავი ზღვა ასევე მდებარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგორესურსების სატრანზიტო მილსადენების გეოგრაფიულ არეალში, რომლებიც მიედინება ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებისკენ", - აღნიშნავს პრემიერი.

    სტატიის თანახმად, რუსეთისთვის შავი ზღვა წარმოადგენს კარიბჭეს ისეთი სანუკვარი, მაგრამ დაშორებული ფრონტებისკენ, როგორიცაა სირია, ჩრდილოეთ აფრიკა და აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთის გარკვეული რეგიონები. თუმცა, შავი ზღვის საზღვრებს გარეთ გასასვლელად, ასევე მასში აშშ-ის და სხვათა შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რუსეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა სხვა შავიზღვისპირა ქვეყნებზე, რომლებიც მდებარეობენ ბოსფორის სიახლოვეს. ბოსფორის სრუტე, თურქეთის გავლით, ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას და მსოფლიო ოკეანის უფრო მსხვილ ნაწილებს სამხრეთით.

    ხსენებული ზეწოლა გამძაფრდა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის მიტაცების შემდეგ. მანამდე კი, 2008 წელს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაცია, საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული სანაპირო ტერიტორიის - აფხაზეთის ჩათვლით. რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების უკანონო ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მცდელობები, შეიტანოს დესტაბილიზაცია ბალკანეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი შავიზღვისპირა ქვეყნებში, ცალსახად დასტურდება დოკუმენტურად. რუსეთს არ სჭირდება ამ ნატოს წევრი სახელმწიფოების ოკუპაცია, რათა განახორციელოს თავისი სტრატეგიები შავ ზღვაზე.

    შავ ზღვას ესაზღვრება ნატოს სამი წევრი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ასევე ნატოს ასოცირებული წევრი - საქართველო. შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს გამოწვევას, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელია საქართველოს მხარდაჭერის გარეშე. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწევების, ასევე დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნებისადმი დადასტურებული ერთგულების წყალობით, საქართველო წარმოადგენს ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიების არსებითი მნიშვნელობის ქვაკუთხედს.

    ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, რისთვისაც ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ. აშშ-ის მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები, - მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი, - ასევე აღიარებენ საქართველოს უნიკალურ უნარს, შეასრულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შავ ზღვაზე. შავი ზღვის უსაფრთხოება, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში დღევანდელობის სხვა ახალ აქტუალურ საკითხებთან ერთად, წარმოადგენდა ჩვენი შეხვედრის მთავარ თემას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. ესპერმა აღნიშნა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი არსებითი როლი ამ ახლად წარმოქმნილ გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო უკვე ხარჯავს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვაზე და ჩვენ მხარში ვუდგავართ აშშ-სა და ნატოს ყოველთვის და ყველგან, სადაც მათ ეს ესაჭიროებათ.

    დავოსის ბოლო ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატოში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთხოების და ნატოს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატოს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს.

    რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება. მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას.

    მანამდე კი საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატოს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატოსა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას. ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ჩვენმა მეგობრებმა ნატოში თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით".

    https://www.washingtontimes.com/news/2020/feb/24/georgia-deserves-membership-in-nato/

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

    გამოსვლა დღეს 15 საათზე დაიწყება საფრანგეთის დროით.

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

    ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარადგენს.

    ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

    ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტითავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

  • საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი 2019 ჩატარდა

    პირველ დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი - მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდა.

    ინტელექტუალური შეჯიბრი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
    გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
    მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწიებით გახდა მე-11 კლასის მოსწავლე სერაფიმე მეტრეველი, რომელმაც 201 ქულა დააგროვა.

    მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

    მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში. გივი კაველიძემ 3 წუთში 23 ნომრის დასახელება შეძლო. 2-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა, ვაკო მარჩილაშვილმა კი მასტერკლასი ჩაატარა რუბიკის კუბის ბრმად (დამახსოვრებით) აწყობაში.

    აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატი 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული - ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.მეხსიერების ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა.

  • საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

    1 ნოემბერს თბილისში საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებს შორის საკონსულო კონსულტაციები პირველად გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ანამურატ ალტიევი.

    შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის. განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, ასევე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში.

    მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით.

    განხილული იქნა, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის,  საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის თანამშრომელთათვის, ასევე ქართული ბიზნესის წარმომადგენელთათვის თურქმენეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივების საკითხი.

    საკონსულო კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაფორმდა ოქმი. მხარეები შეთანხმდნენ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორ ქვეყანას შორის საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური