საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ იწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 20:08

1-11 სექტემბრის ჩათვლით საქართველო საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“-ს მერვედ უმასპინძლებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „Agile Spirit 2018“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე საერთაშორისო სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.

საინფორმაციო ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

მრავალეროვნული სწავლება ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით ჩატარდება. 
სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ესენია: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი.
Agile Spirit 2018“-ის მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება. ურთიერთთავსებადობის დახვეწა, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება, ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში.

„Agile Spirit 2018“ კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდება. სწავლებას მხარს დაუჭერს „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა.

წაკითხულია 278 ჯერ

Related items

  • საჰაერო ევაკუაციის სწავლება C130 თვითმფრინავით Agile Spirit 2019 ფარგლებში

    დღეიდან ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს საჰაერო ევაკუაციის განხორციელება სრულყოფილად შეუძლიათ. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების Agile Spirit 2019 ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საბრძოლო მედიკოსებმა, სამხედრო ექიმებმა და მედდებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს. 

    სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა.  სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლას და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.

    სცენარის მიხედვით, ქართველმა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა ხმელეთზე დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დაზარალებული სამხედროები სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს.  2-საათიანი ფრენის განმავლობაში კი, მათ დაზარალებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განახორციელეს.

  • მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო

    „მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

    II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

    მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

    სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

  • საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი „ასტანა ექსპო“

    მეორე ათწლეულში ყაზახეთი შედის თანამედროვე მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ეკონომიკების რიცხვში. დამოუკიდებლობის მოპოვების 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ დიდი და რთული გზა გაიარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის დონე 30 პროცენტით შემცირდა. თუმცა, ყაზახეთმა მაინც მოახერხა წინსვლა და სულ მალე აუტსაიდერებიდან  ეკონომიკური ზრდის მტკიცე მაგისტრალურ დონეზე გავიდა. დღეისათვის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ყაზახეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

    ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანაში რეგულარულად იმართება საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები და შეხვედრები. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენის მოწყობისათვის არის  სწორედ „ასტანა ექსპო“.

    მას დადებითი მულტიპლიკატური ეფექტი გააჩნია და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას დადებით სტიმულს სძენს. 1400 მცირე და საშუალო ზომის საწარმომ  შეკვეთები მიიღო საქონლისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე - 640 მილიარდი ტენგეს ოდენობით. გარდა ამისა, ათობით ათასი ადამიანი დასაქმდა და ღირსეული ხელფასი მიიღო საწარმოებში მუშაობის ხარჯზე.

    და დღესაც კი, პირველი გამოფენიდან ორი წლის შემდეგ, მისი მემკვიდრეობა - საერთაშორისო პავილიონები, საკონცერტო დარბაზები, პირველი კლასის ინფრასტრუქტურა, თავისი "ჭკვიანი გადაწყვეტილებებით", და მდიდარი ტერიტორია წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას უზრუნველყოს ბიზნესის, საგანმანათლებლო ტურიზმის, ასევე საოჯახო დასვენების განსაკუთრებული პირობები.

    როგორც საგამოფენო ცენტრის კომერციალიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა დაულეთ ერკიმბაევმა ჩვენთან საუბარში განაცხადა,  „ასტანა ექსპო“ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტი იყო. მასში თავმოყრილია საქმიანი, გასართობი, და საგამოფენო ხასიათის პროექტები ერთ, მთლიან სივრცეში, ერთიანი არქიტექტურული გადაწყვეტილებით. „ასტანა ექსპო“ ბევრი ადამიანისთვის გახდა ერთგვარი მოგზაურობა მინი-ქალაქში, სადაც საფირმო ნიშანი „ნურ ალემი“ ტურისტული, საქმიანი, და გასართობი მარშრუტის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. პარკირების ზონა განთავსებულია მოხერხებულ ადგილას. იქვე მახლობლად ასევე მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარებიც“, - აღნიშნა დ. ერკიმბაევმა. 

    საგამოფენო ცენტრი „ასტანა ექსპო“ ასევე წარმატებით ანხორციელებს სხვა პროექტებსაც, როგორიც არის - საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, მწვანე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრი, მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების საერთაშორისო ცენტრი „ასტანა ჰაბი“, და მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    საერთაშორისო საფინანსო ცენტრის „ასტანა“ შექმნის იდეა მდგომარეობს ერთგვარი ბიზნეს-ცენტრის ორგანიზებაში. უპირველეს ყოვლისა, ევრაზიული ქვეყნების მეგა-რეგიონებისთვის, რომლის ფინანსურ და სატრანსპორტო ნაკადის გზაჯვარედინზეც მდებარეობს თვითონ ყაზახეთი. აღნიშნული საფინანსო ცენტრი გამოიყენება ეგრეთწოდებული „ფინანსური დერეფნის“ საფინანსო წყაროების განსათავსებლად, რომელიც მოედინება „დიდი აბრეშუმის გზის“ სავალუტო დერეფნის გავლით.

    მწვანე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ყაზახეთში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების და თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტირება და ადგილზე ფეხის მყარად მოკიდება. 

    დღეისათვის აქ მიმდინარეობს ქარის მეურნეობისთვის ბატარიების წარმოების ყველაზე ოპტიმალური პროექტების გადაწყვეტა, ბიომასის ელექტროენერგიის გარდაქმნა, ენერგიის წარმოება მინი-ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის, მზის პანელების წარმოების გზით და სხვა თანამედროვე პროექტები.

    საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, ასევე წარმოადგენს უცხოური ტექნოლოგიების შემოტანის და დანერგვის თანამედროვე ბაზასაც. ცენტრი ასევე ჩაერთვება საზღვარგარეთიდან ხელმისაწვდომი და კარგად აპრობირებული ტექნოლოგიების შემოტანის პროცესშიც.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში საგამოფენო ცენტრის „ასტანა ექსპო“ სავიზიტო ბარათს „ნურ ალემს“ არ შეუწყვეტია მუშაობა. სამეცნიერო დანადგარების ნაწილი ყაზახეთის ნაციონალური კომპანიების პავილიონებისა და "მომავლის ენერგეტიკის" სექტორებიდან მასში გადავიდა და ამავე დროს იგი ტურისტული, გასართობი, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრიც გახადა.

    გასულ 2018 წელს, ცენტრს 400 ათასი ადამიანი ეწვია, რომელთაგან 40 ათასი მოსწავლე და სტუდენტი იყო ნურ-სულტანიდან. ახალგაზრდები სპეციალური პროექტის "Kids & Students Future Energy" - ის ფარგლებში ეუფლებიან ცოდნას.

    სპეციალურმა კონგრესის ცენტრმა, რომელიც ასევე „ასტანა ექსპოს“ ინფრასტრუქტურის ობიექტების ნაწილია,  მოკლე ხანში "სრული დატვირთვით" დაიწყო მუშაობა. გასული წლის განმავლობაში ცენტრში 180 სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო ასტანის ეკონომიკური ფორუმი და მსოფლიოს სამთო კონგრესი. სწორდ ეს არის ასეთი ობიექტების მუშაობის ძირითადი ფუნქცია, - ჩაატაროს კონფერენციები, ფორუმები, სიმპოზიუმები, კონგრესები და აქედან მიღებული შემოსავალებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობენ დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისინი მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ კონგრესის ცენტრის მიმდებარე სასტუმრო "Hilton Astana" - ში.

    თავის მხრივ გამოფენისა და კონფერენციების ორგანიზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინდირა კარაჯანოვამ დადებითად შეაფასა ასტანის ეკონომიკური ფორუმის წარმატებით ჩატარება. 

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ფორუმს 74 ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიებაში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 5600 ადამიანი შეადგინა. მათ შორის 460 სპიკერი იყო. ამ ღონისძიებას 381 ჟურნალისტი აშუქებდა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

    ფორუმის 12 წლის ისტორიაში პირველად, ყაზახეთისთვის სრულიად ახალი დისკუსია გაიმართა - მრგვალი მაგიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და გაერო-ს მონაწილეობით. დისკუსია ჩატარდა ფინანსთა მინისტრების, საერთაშორისო საფინანსო ფონდებისა და ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის.

    ასევე, ეროვნული კომპანიის „ასტანა ექსპო“ თანამშრომლებმა მომავალი წლისათვის თავიანთი გეგმები წარადგინეს: "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის ჩატარებაც მომავალ წელს იგეგმება გახლავთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს სხდომა", - აცხადებენ „ასტანა ექსპოს“ წარმომადგენლები.

    https://expo2017astana.com

  • ლელა ჩიქოვანმა ნატოში ლატვიის თავდაცვის წარმომადგენელს მადლობის სერტიფიკატი გადასცა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოსა და ევროკავშირში ლატვიის რესპუბლიკის  თავდაცვის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა აირის რიკვეილისს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ლატვიელ სტუმარს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობის სერტიფიკატი გადასცა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი გაზარდა
    2019 წლის 20 ივნისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ლიბერთი ბანკის რეიტინგი B1-დან Ba3-მდე გაზარდა. რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკში გატარებული რეფორმებით. გაუმჯობესებულია ფინანსური მაჩვენებლები და კაპიტალზე წვდომა. რეიტინგის პოზიტიურ ცვლილებაზე ასევე დადებითად იმოქმედა სასესხო პორტფელის დივერსიფიცირების აქტიურმა პროცესმა.
    Moody’s-ის მოლოდინით, ლიბერთი ბანკი გააგრძელებს საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას, რაც შესაბამისობაშია ბანკის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასთან - ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებულ, უნივერსალური ტიპის ბანკად.  კაპიტალის ბაზრებზე გამარტივებული წვდომა მიმზიდველ ფასში ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რაც შესაბამისად, ბანკის მომხმარებლებზეც დადებითად აისახება.
    „მოხარულები ვართ რომ, ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა Moody’s-ის ნდობა დაიმსახურა. ახალი საბანკო რეგულაციებით განპირობებული ნეგატიური ეფექტებისა და ჩვენს მიერ სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა, უმოკლეს პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მაღალტექნოლოგიური და უნივერსალური ტიპის ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით.“- განაცხადა ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური