"​საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის" - დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 18:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: „იმ გამწვავების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტუმრობს ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყნის კანცლერი, როგორიც გერმანიაა და ეს ვიზიტი  საყურადღებოა  დროის თვალსაზრისითაც“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ  „საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის“.  
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს შეეხება. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ზალკალიანის თქმით,  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის ის დონე, რომელიც გვაქვს გერმანიასთან, ასევე იყოს  ეკონომიკურ განზომილებაშიც“ - განაცხადა  ზალკალიანმა. 
მინისტრის ინფორმაციით, გერმანიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი,  რომელშიც გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. „ეს ფორუმი საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზებზე მსჯელობის კიდევ ერთი საშუალება იქნება”- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში  23-24 აგვისტოს შედგება. 

წაკითხულია 364 ჯერ

Related items

  • ამერიკული საზღვაო ხომალდის შემოსვლა ბათუმის პორტში ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას - დ. ზალკალიანი

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის საზღვაო ხომალდის „პორტერის"ქ.ბათუმის პორტში შემოსვლას ეხმაურება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტი იტყობინება.

    „მივესალმები აშშ-ს საზღვაო ხომალდის USS Porter-ის დაბრუნებას, ეს გემის მესამე შემოსვლაა ბათუმის პორტში, რაც ადასტურებს საქართველო-აშშ-ს დინამიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.“- წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

    ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი ბათუმის პორტში დღეს დილით შევიდა. ეს საქართველოში გემის მესამე ვიზიტია. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად Porter-ი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც

     

  • დავით ზალკალიანი საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა

    საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ კნირში, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე ბენჯამინ ლაკოკი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი ავრცელებს.

    შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო. აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით.

    საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.

  • რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად,საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის - დ. ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მცირე ქვეყნების ფორუმის (FOSS) ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ქარტიის ხელმოწერის  75-ე იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
     
    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე  დღევანდელ მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  როგორც ზალკალიანმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია,  მათი სიძლიერისა და სიდიდის მიუხედავად.
    მისი თქმით, სულ ახალახან გავრცელებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მრავალმხრივ თანამშრომლობასა და წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ალტერნატივა არ აქვს.
     
    მინისტრის თქმით, მრავალმხრივი თანამშრომლობა გაეროს ქარტიის მიმართ მტკიცე ერთგულებას ემყარება. ქარტიის პრინციპებისგან გადახვევა მსოფლიოს ქაოსსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს უქადის, თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ წინდახედულ სიფრთხილეს კი არა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის, საქართველოში არსებულ სასტიკ რეალობას ასახავს.
     
    როგორც ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,   რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  უკნონო ოკუპაცია სწორედ გაეროს ქარტიით განმტკიცებულ ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც კოვიდ-19-ის პანდემიამ და ვერც გაეროს გენერალური მდივნის  მოწოდებებმა ვერ შეაჩერა. ის კვლავ განაგრძობს უკანონო პროცესებს, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რაც უკიდურესად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა“.
     
    თუმცა, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ქმედებები ზემოაღნიშნულით არ შემოიფარგლება. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, ჰიბრიდული ომი და კიბერ-შეტევები  რუსეთის არსენალში არსებული ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანად იყენებს.
     
    რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, როგორც მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის. ამავდროულად,  რუსეთის აგრესიასთან გამკლავების ერთადერთ უალტერნატივო გზად  საქართველოს ხელისუფლება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულებას მიიჩნევს, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე მოიწოდა  საერთაშორისო თანამეგიბრობას  სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფას.

  • საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი კომუნიკაცია შედგა

    2020 წლის 5 ივნისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. სომეხმა კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მხრიდან სომხურ მხარესთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციისთვის.
     
    როგორც "ნიუსდეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის დეპარტამენტში განუცხადეს, საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს განახლებული ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების არსებული მდგომარეობისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებსაც მთავრობები მიმართავენ ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის.
     
    დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით კიდევ ერთხელ შესთავაზა სომხურ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს დახმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.
     
    ზოჰრაბ მნაცაკანიანმა, სომხეთის პრემიერ მინისტრის სახელით გამოხატა მადლიერება  დახმარების შეთავაზების თაობაზე და აღნიშნა, რომ ძალზედ აფასებს ქართველი ხალხის თანადგომასა და მხარდაჭერას ამ რთული გამოწვევის დროს.  მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე საჭიროებისამებრ გააგრძელებენ აქტიურად კომუნიკაციას, მათ შორის შესაბამისი დარგობრივი უწყებების აქტიური ჩართულობით.
     
    საუბრისას მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაციები უსაფრთხოების საკითხებზე და აღინიშნა, რომ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება.
     
    საუბარი შეეხო ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.
     
    აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის განსაკუთრებული მნიშვნელობა მასში ჩართული ქვეყნებისთვის და მინისტრებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია მოახლოებული მინისტერიალის შესახებ. მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ, ახლო მომავალში, შესაძლებელი გახდება მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება. ზოჰრაბ მნაცაკანიანმა დავით ზლკალიანი სომხეთში ვიზიტით მიიწვია.

  • გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს

    გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, კვირას, 7 ივნისს გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით Airbus A 400M  მოხდა ავადმყოფი ქართველი ჯარისკაცის მაზარ-ე შარიფიდან თბილისში გადმოყვანა. ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა. მისი დაავადება არ არის კავშირში კოვიდ-ინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა.

    შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური