თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითრების ბანკმა 50 მლნ აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 13:25

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს.

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, ქართული პროდუქცია თავისუფლად არის წარმოდგენილი ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა - 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების, ფულადი გადარიცხვებისა და ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% შეადგინა (იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 0.7% იყო).

„ვამაყობთ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკთან პირველი ტრანზაქცია განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს პირველი ტრანზაქცია  წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია. შესაბამისად, მომავალში ნაყოფიერი პარტნიორობის არაერთ წელიწადს ველით“, - განაცხადა თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ.

ჩინეთის განვითარების ბანკის შესახებ:

ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს მთავრობის დაფინანსებით დაარსდა და ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელმწიფო საბჭოს უშუალო ზედამხედველობით. ის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინანსური განვითარების ინსტიტუტსა და ჩინეთის უმსხვილეს ბანკს უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას. ბანკი ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, საწარმოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, მანქანა-დანადგარების წარმოების, ფინანსურ, სოფლის მეურნეობისა და სხვა წამყვან სფეროებში.

წაკითხულია 637 ჯერ

Related items

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაღალ დონეზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაღალ დონეზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
    ჩინეთის საერთაშორისო რადიოს ცნობით, ჰავაის კუნძულზე ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს ცენტრალური კომიტეტის წევრ, საგარეო საქმეთა ცენტრალური კომიტეტის კანცლარიის ხელმძღვანელ იან ცზეჩისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის.
    მხარეებმა ღრმა მოსაზრება გაცვალეს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, ასევე იმსჯელეს საერთაშორისო და რეგიონალური საკითხებზე. ორივე მხარემ სრულად განმარტა საკუთარი პოზიციები და დიალოგს კონსტრუქციული უწოდა.
    მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა მიერ მიღწეული შეთანხმებების ცხოვრებაში გასატარებლად, ასევე გააგრძელებენ ურთიერთკონტაქტებს მაღალ დონეზე და შეინარჩუნებენ ურთიერთთანამშრომლობის არსებულ დონეს.

  • ლიბერთი ბანკი, #ლიბერთიგულით პროგრამის ფარგლებში სესხების გადავადების მეორე ეტაპს იწყებს

    ლიბერთი ბანკიმომხმარებელზე ზრუნვისთვის და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საშეღავათო პერიოდს სასესხო ვალდებულებებზე სთავაზობს პანდემიის პერიოდში დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი ან დაკარგეს სამსახური. მეორე ეტაპის, ავტომატური საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლება:

    - ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას.

    ავტომატური საშეღავათო პერიოდი შეეხება ფიზიკური პირების (გარდა მეწარმე ფიზიკური პირებისა) მხოლოდ იმ სასესხო ვალდებულებებს, რომელიც იყო აქტიური 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით, უწევთ თუნდაც 1 გადახდის თარიღი 2020 წლის 1 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით და 14 მარტის მდგომარეობით არ გააჩნდათ არც ერთი სესხი, რომელიც იყო ვადაგადაცილებული 30 დღეზე მეტი ვადით;

    იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს ავტომატური საშეღავათო პერიოდის პირობით სარგებლობა, მას ექნება საშუალება დააფიქსიროს უარი 30 ივნისამდე შემდეგი არხებით: ბანკომატები, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დისტანციური მომსახურების ცენტრი, ლიბერთის ნებისმიერი სერვის ცენტრი და მომსახურე ბანკირი.

    ავტომატური საშეღავათო პერიოდი არ შეეხება: სალომბარდე სესხებს, ანაბრით უზრუნველყოფილ სესხებს, აწარმოე საქართველოში’ და შეღავათიანი აგროკრედიტის’ ფარგლებში გაცემულ სესხებს და ფიზიკურ პირებზე ბიზნეს მიზნობრიობით გაცემულ სესხებს, რომელთა მიმდინარე ვალდებულება აღემატება 100 000 ლარს (შესაძლებელია ამ უკანასკნელის ინდივიდუალურად განხილვა).

    ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, მომხმარებელზე ზრუნვისთვის და მათთვის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქების მიზნით, მეორე ეტაპის საშეღავათო პერიოდი ასევე შეეხება:

    - მომხმარებლებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი და ეს იდენტიფიცირებულია ბანკის მიერ;

    - მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სოციალური სესხებით და ოვერდრაფტებით (მათ შორის საპენსიო სესხები და ოვერდრაფტები), კერძოდ:

    სოციალური სესხები: 14 ივნისიდან მოხდება სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხის გადავადება და 14 ივნისიდან - 14 აგვისტომდე პერიოდში მსესხებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს. სესხის დაფარვის ვადა კი გაიზრდება ისე, რომ არ შეიცვალოს პანდემიამდე არსებული სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადი.

    სოციალური ოვერდრაფტები: 2020 წლის 14 ივნისი - 14 აგვისტოს განმავლობაში მომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს. რაც შეეხება 14 მარტი - 14 ივნისის პერიოდში გადავადების შედეგად დაგროვილ საპროცენტო გადასახადს -  დაიფარება მეორე ეტაპის საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ იმგვარად, რომ ყოველთვიური გადასახდელი თანხები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

    ასევე, ლიბერთი ბანკი შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას იმ ბიზნეს მსესხებლებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, ვისი შემოსავლებიც პანდემიის პერიოდში შემცირდა და მომდევნო თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორციელებას. ამ და სხვა შემთხვევებს, ლიბერთი ბანკი განიხილავს ინდივიდუალურად.

    მეორე ეტაპის დამატებითი საშეღავათო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 12 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით. ამ საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, სასესხო ვალდებულებების გადახდა დაიწყება 2020 წლის 1 სექტემბრიდან COVID-ამდე (ანუ 2020 წლის 14 მარტამდე) შედგენილი და მომხმარებელთან შეთანხმებული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ თარიღებში.

    დამატებითი ინფორმაცია და ხშირად დასმული კითხვები:  libertybank.ge

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING  

    (R)

  • „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით“- აცხადებს ჩინეთის ელჩი

    „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით", - აცხადებს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენი.

    დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წელი შესრულდა. ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი აბრეშუმის გზა ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრული კავშირის მოწმეა. ჩინეთი მე-12 საუკუნის ცნობილი ქართველი პოეტის შედევრში - „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები. 1992 წლის 9 ივნისს, ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა თბილისში „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს“ ხელი მოაწერეს. ამ მომენტიდან ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. 28 წლის მანძილზე, ორი ქვეყნის მთავრობების ყურადღებიანი ხელმძღვანელობისა და ორი ერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო.

    ჩინეთი და საქართველო მუდამ თანასწორუფლებიანი და ერთმანეთის მიმართ ნდობით გამსჭვალული, მეგობარი სახელმწიფოები იყვნენ. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ კი, მუდამ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ საზოგადოებრივ წყობილებასა და განვითარების გზას, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთად ვქმნით დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანი მოპყრობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითს.

    ჩინეთი და საქართველო კარგი პარტნიორები არიან, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. ჩვენი ქვეყნები ენერგიულად თანამშრომლობენ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობაში. ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ელექტროენერგიის, ინდუსტრიული ზონების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების მშენებლობაში. მათ საქართველოში არა ერთი მაღალხარისხოვანი პროექტი განახორციელეს რკინიგზის, საავტოობილო გზების, გვირაბების, ხიდების მშენებელობის მიმართულებით და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩინეთი მზად არის საქართველოს საჭიროებებს უპასუხოს. განხორციელდა უსასყიდლო დახმარების პროექტები, მაგალითად საბაჟო კონტროლის დანადგარების, ბოსტნეულის სათბურების, ფაროსანას საწინააღმდეგო აღჭურვილობის და სხვა პროექტები. ქართული მხარის ორგანიზებით სამჯერ წარმატებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, სადაც მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებმა მოიყარეს თავი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის განვითარებისთვის რჩევები და გეგმები შეიმუშავეს. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. მან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თუ სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამ მაჩვენებელმა დღეს უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინელი მომხმარებელი სულ უფრო მეტ ხარისხიან ქართულ ნაწარმს ეცნობა და იძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს ეპიდემიის გამო საქართველოს საგარეო ვაჭრობის კლების ფონზე, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა პირველი ოთხი თვის მონაცემებით 8.9%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა.

    ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ. ჩინეთი და საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ბრწყინვალე ცივილიზაციის მქონე უძველესი ქვეყნებია. ჩვენს ხალხებს ერთმანეთის ცივილიზაციისა და ისტორიის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ლიტერატურული და სამხატვრო დასები ხშირად ახორციელებენ ურთიერთვიზიტებს. თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად ღრმავდება. ჩინეთის მიერ დაარსებული ორი კონფუცის ინსტიტუტი საქართველოში ჩინური ენის ბრწყინვალე სპეციალისტებს ამზადებს. ყოველწლიურად ათობით ქართველ სტუდენტს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოს მთავრობა ჩინური ენის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შეტანას აპირებს, რაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ - ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50.9%-ით მეტია.

    წელს, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდა და გაიზარდა. ჩინეთმა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და თანაგრძნობა მოიპოვა. საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, ჩინეთმა საქართველოსთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად დაიწყო, ეპიდემიის პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება ქართულ მხარეს უანგაროდ გაუზიარა; ქართული მხარისთვის ექსპერტთა ვიდეო კონფერენცია სამჯერ მოაწყო; ნიღბები, რეაქტივების ნაკრებები, ხელთათმანები, დამცავი სამოსი და სხვა აუცილებელი სამედიცინო ნივთები საჩუქრად გადასცა. საქართველოში ჩინეთის მოქალაქის მხრიდან ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩინეთის მოქალაქეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოში ეპიდემიის წარმატებულ პრევენციასა და კონტროლში. ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ხელშეწყობით ვცდილობთ ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ჩინურ კომპანიებს, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში არიან ჩართულნი, გაძლიერებული დამცავი ღონისძიებების პირობებშიც კი, ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, ისინი რეალური მოქმედებებით ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. ჩვენ გვაქვს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ მხარდამხარ ბრძოლაში შედუღებული ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა, ეპიდემიის დასრულების შემდეგ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ნაყოფიერ შედეგს მოიტანს.

    „ორ ნაპირს შორის წყალუხვი სივრცე გაშლილა, აფრების ასაშვებად სწორედაც, რომ საუკეთესო დროა“. გასული წლის მაისში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო ყოველმხრივ ღია სავაჭრო პარტნიორები, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსარგებლიანი საინვესტიციო პარტნიორები და ურთიერთდაკავშირებული სატრანსპორტო პარტნიორები უნდა იყვნენ, რასაც საქართველოს მეთაურებმა მხარი დაუჭირეს. ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად სისრულეში მოიყვანოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება და თანასწორუფლებიანობის, ურთიერთსარგებლობისა და თანამშრომლობის საფუძველზე გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება; მზადაა მტკიცედ გამოიყენოს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" პროექტის ისტორიული შესაძლებლობები და „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპზე დაყრდნობით უფრო მეტად განამტკიცოს პოლიტიკური ურთიერთნდობა, სრულად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბოლომდე აითვისოს საქმიანი თანამშრომლობის პოტენციალი, გააფართოვოს თანამშრომლობის წყაროები, გააღრმავოს კულტურული ურთიერთობები, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, ყველაფერი იღონოს ორი ქვეყნის ხალხებისათვის უფრო მეტი კეთილდღეობისა და ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

  • ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

    ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს:

    დღეიდან, ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი.

    მობილური ინტერნეტის გარეშე მობაილ ბანკის გამოყენება მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას შეასრულოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად და სრულიად უფასოდ.

    ლიბერთის მობაილ ბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენება ნებისმიერი ოპერატორის აბონენტებს შეეძლებათ - სიახლე მოქმედებს მაგთიკომის, სილქნეტისა და ბილაინის ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

    „ჩვენი დისტანციური არხები სრულიად მომზადებული შეხვდა პანდემიას და მომხმარებელს მიეცა საშუალება კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად ესარგებლა ნებისმიერი საბანკო სერვისით. მობაილ ბანკის მომხმარებლების რაოდენობამ განსაკუთრებული ზრდა განიცადა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დისტანციური არხების განვითარების მნიშვნელობას. ჩვენი მიზანია ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება შეუფერხებლად და ნებისმიერ დროს შევთავაზოთ მისთვის საჭირო სერვისები. სიახლის დანერგვის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს გახდა.“ - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი

    ლიბერთის განახლებულ მობაილ ბანკში Covid19-ის პერიოდში არაერთი შეღავათი გახდა ხელმისაწვდომი - კომუნალურების გადახდა უკვე 3 თვეზე მეტია საკომისიოს გარეშე მიმდინარეობს, ასევე მოქმედებს სპეც.კურსი თანხის კონვერტაციისას.

    მობაილ ბანკი ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android-ის მომხმარებლისთვის: www.365.ge

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.geმედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING .

    (R)

  • საგარეო უწყების კომენტარი ღია ცის ხელშეკრულების საკითხზე

    წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზირებას. 2010 წლიდან დღემდე რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი.
    ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ღია ცის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის პოლიტიზირება. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს, ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნული ქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები ზემოხსენებულ 10 კილომეტრიან ზონებში, არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული პოზიცია მათი მხრიდან 2 წლის წინაც გაჟღერდა (2018 წლის 23 აპრილის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 აპრილის განმარტებით განცხადება), რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას. ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს (ხელშეკრულების მე-6 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2 და მე-7 პარაგრაფები) და  დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად. 
    ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა დაერწმუნებინათ რუსეთი უარი ეთქვა პოლიტიზირებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას. 
    ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების მანძილზე ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში.
    რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

    ამ განცხადებებით, რუსეთი ცდილობს ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს ხელშეკრულების, მის მიერვე დარღვევა. 

    რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური