დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018 11:36

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ძი იენჩისთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო პოლიტიკური და ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების დიდ მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს მონაწილეობას ა.წ. 30-31 აგვისტოს ჩინეთის ქ. ურუმჩიში დაგეგმილ ჩინეთ-ევრაზიის გამოფენაში და ა.წ. 5-10 ნოემბერს ჩინეთის ქ. შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ურყევი პოზიციის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარის ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი. 

ძი იენჩიმ დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

წაკითხულია 47 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    2018 წლის 17 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტომაშ პერნიცკისთან.

    დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში. მინისტრმა გამოხატა მადლიერება ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით გამოჰყო ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ასევე, ვიზიტორთა მზარდი რიცხვი, რასაც არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. დავით ზალკალიანმა კმაყოფილება გამოთქვა განათლების, სამედიცინო, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში ჩეხეთის მხარის მიერ აღმოჩენილ დახმარებების გამო.  

    ტომაშ პერნიცკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისთვის პერსონალურად ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ელჩის თანამდებობაზე გატარებული 4 წელი და ის მომავალში საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი იქნება.

    შეხვედრის ბოლოს მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მის მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში.

  • თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითრების ბანკმა 50 მლნ აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს.

    ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, ქართული პროდუქცია თავისუფლად არის წარმოდგენილი ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა - 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების, ფულადი გადარიცხვებისა და ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% შეადგინა (იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 0.7% იყო).

    „ვამაყობთ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკთან პირველი ტრანზაქცია განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს პირველი ტრანზაქცია  წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია. შესაბამისად, მომავალში ნაყოფიერი პარტნიორობის არაერთ წელიწადს ველით“, - განაცხადა თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ.

    ჩინეთის განვითარების ბანკის შესახებ:

    ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს მთავრობის დაფინანსებით დაარსდა და ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელმწიფო საბჭოს უშუალო ზედამხედველობით. ის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინანსური განვითარების ინსტიტუტსა და ჩინეთის უმსხვილეს ბანკს უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას. ბანკი ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, საწარმოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, მანქანა-დანადგარების წარმოების, ფინანსურ, სოფლის მეურნეობისა და სხვა წამყვან სფეროებში.

  • პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

    2 აგვისტოს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, "საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების ფარგლებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

    ქართულმა მხარემ ჩინეთის დელეგაციას გააცნო ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო სისტემის და საბაჟო პროცედურების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საავტომობილო გადაზიდვების განვითარების მნიშვნელობას. 

    ასევე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიების სხდომების ფარგლებში მოხდეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა, რომელსაც ექნება სისტემატიური ხასიათი.  აღნიშნული ფორმატის დაარსება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტრანსპორტირების წარმოების პროცესში გადამზიდავებისათვის შექმნილი ბარიერების დროულად აღმოფხვრას, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. ასევე კომპანიებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საპილოტე გადაზიდვების განხორციელებაში მონაწილეობის მიღების ინტერესი გამოხატეს.

    საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამასთან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის, კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. 

    ჩინეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, როგორებიცაა Sinotrans&SCS Holdings Co.Ltd, COSCO Shipping, Heilongjiang Dragon Transportation Group, Xinjiang Tianye Group Co. ltd. და სხვა. 

    შეხვედრაში ასევე მონაწილეობას ღებულობდა ჩინეთის საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი და ჩინეთის სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიების ნაწილს ჰქონდათ საქართველოსთან თანამშრომლობის გამოცდილება ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის განხორციელების მიმართულებით.

  • პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

    ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

    შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა - „მწვანე ეკონომიკა".

    პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

  • „რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“-დავით ზალკალიანი

    „სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ამიტომ ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და იმ ძირითად პრინციპს, რომელიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება“-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე.

    დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ საკითხის სიმწვავისა, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა ვითარების დეესკალაციის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით პროგრესი არ ყოფილა.

    „საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა იმისთვის,  რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია და ამას ჰქონოდა პოზიტიური ასახვა  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც, სამწუხაროდ პოლიტიკური მოწესრიგების კუთხით არ ყოფილა პროგრესი, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო ინიციატივების წინ წამოწევას, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას“-აღნიშნა ზალკალიანმა.

    მისი განცხადებით, საქართველო განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკას, რისი დასტურიც არის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზის იქით მცხოვრები თანამემამულეების ყოფის გაუმჯობესებისკენ, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ყველა იმ სიკეთეებსა და ბენეფიტებზე, რასაც საქართველო იღებს, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.   

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური