ცესკოს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 17:10

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელმა პირებმა, კომისიის წევრებმა და თანამშრომლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ცესკოს თავმჯდომარემ მედიასთან იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც ომის გმირებმა საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.

„10 წელი გავიდა ომიდან. ეს არის მთელი საქართველოს ტრაგედია. ჩვენ, ცენტრალური  საარჩევნო კომისია დღეს აქ ვართ, რომ პატივი მივაგოთ აგვისტოს ომის გმირებს. ის ღირებულებები, რომლისთვისაც ჩვენი მეომრები იბრძოდნენ ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა ქვეყნის გმირები იბრძოდნენ ძალიან დიდი ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს მათი თავდადება. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა მოქალაქემ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იბრძოლონ იმ ღირებულებებისთვის, რაც არის საქართველოს ერთიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

წაკითხულია 139 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო

    დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

    ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი.

    „საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.  ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

    აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

    ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

    ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890  ამომრჩეველი.

  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

    თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

    „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

  • პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

    დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შემოსულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, - 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი.

    დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ზემოაღნიშნულთან ერთად კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შესახებ; როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამოიწურა ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ვადაც. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა.

    „ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა სიის გადამოწმების ელექტრონული სერვისებით, 10 ოქტომბრის ჩათვლით ისარგებლა და სიები გადაამოწმა 900 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ხოლო სიებში მონაცემებთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს წერილობით მიმართა 988 ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა სიის საბოლოო ვერსიის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიები  ამომრჩევლებს დაურიგებენ ამომრჩევლის ბარათს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

  • საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები  ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან. 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია და შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი მიესალმნენ.

    დოკუმენზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს. ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას.  დოკუმენტზე ხელმომწერი პირები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ და არ გამოიყენებენ  ადმინისტრაციულ  რესურსებს.

    “დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა მედიისა და საზოგადოების წინაშე. ეს გახლავთ ეთიკის პრინციპებზე შეთანხმების დოკუმენტი. პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი და მათი წარმომადგენლები ჩართული იყვნენ ეთიკის პრინციპების შემუშავების პროცესში და ისინი აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტზე შემოერთების. დოკუმენტს უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და ველოდებით ყველა კანდიდატის ხელმოწერას, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მათი წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა ასევე არის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი. ის ეთიკის პრინციპები, რომლებიც გახლავთ საზოგადოების ინტერესების დაცვა ძალადობაზე უარის თქმა, მუქარისა და შანტაჟის გამოუყენებლობა, სიძულვილის ენის გამოუყენებლობა, ცხადია, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლების პატივისცემა, როდესაც კანდიდატები ამ ეთიკის პრინციპებით განახორციელებენ კამპანიას“, განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    „ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა შესაძლებლობა შეიცვალოს პოლიტიკური კულტურა, რომელიც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს და ორიენტირებული იქნება წინასაარჩევნოდ უფრო მეტად არსებითი საკითხების შესახებ დისკუსიასა და ობიექტურ დებატებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის ნაცვლად. პოლიტიკური კულტურის ცვლილება საჭიროა იმდენად, რამდენადაც არ არის საკმარისი გვქონდეს მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტები ან საარჩევნო კოდექსი. დემოკრატია საბოლოო ჯამში გულისხმობს სამართლიანი და თავისუფალი კონკურენციის პრინციპს ამა თუ იმ იდეისა თუ პოლიტიკური პროგრამის შესახებ; სწორედ ამიტომ, შვეიცარიისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას საქართველოში; მხოლოდ მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და პრაქტიკულად ყველა კანდიდატმა მოაწერა დოკუმენტს ხელი“, განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.

    შეთანხმების პროცესს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით გაუწია ფასილიტაცია. პრეზენტაციას, კანდიდატებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

  • ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს

    საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო

    ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის აგრძელებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. 28 სექტემბრიდან 3 637-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება. ბარათის მეშვეობით თითოეულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და საჭიროებისას გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემები.

    ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ცესკოს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ამომრჩევლებს შესთავაზა - „ახალგაზრდების საარჩევნო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ინიციატივა შესთავაზა ახალგაზრდა ამომრჩევლებს. 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა, ისინი, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან, ამომრჩევლის ბარათთან ერთად, ასევე მიიღებენ წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ. რაც შეეხება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათს, თუ 8 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ან საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს ცესკოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისის საშუალებით. თუ ამომრჩეველი აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს“ - განუცხადა მედიას ანა მიქელაძემ.

    რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს: საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები - „მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია  ქართულ და ასევე, შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე“ - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

    დღევანდელი დღის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 503 113 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 1-ლი აგვისტოდან 1-ელ ოქტომბრამდე 700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

    შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 

    2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

ბიზნეს ნიუსი

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველო...

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიი...

პოპულარული

« ოქტომბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური