პეკინში საქართველოსა და ჩინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 13:09

2 აგვისტოს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, "საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების ფარგლებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 

ქართულმა მხარემ ჩინეთის დელეგაციას გააცნო ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო სისტემის და საბაჟო პროცედურების შესახებ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საავტომობილო გადაზიდვების განვითარების მნიშვნელობას. 

ასევე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიების სხდომების ფარგლებში მოხდეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა, რომელსაც ექნება სისტემატიური ხასიათი.  აღნიშნული ფორმატის დაარსება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ტრანსპორტირების წარმოების პროცესში გადამზიდავებისათვის შექმნილი ბარიერების დროულად აღმოფხვრას, კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. ასევე კომპანიებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საპილოტე გადაზიდვების განხორციელებაში მონაწილეობის მიღების ინტერესი გამოხატეს.

საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამასთან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის, კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. 

ჩინეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, როგორებიცაა Sinotrans&SCS Holdings Co.Ltd, COSCO Shipping, Heilongjiang Dragon Transportation Group, Xinjiang Tianye Group Co. ltd. და სხვა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას ღებულობდა ჩინეთის საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი და ჩინეთის სავაჭრო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიების ნაწილს ჰქონდათ საქართველოსთან თანამშრომლობის გამოცდილება ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის განხორციელების მიმართულებით.

წაკითხულია 194 ჯერ

Related items

  • მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წმინდა საყდრის (ვატიკანი) საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

    შეხვედრისას აღინიშნა, რომ ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის, საუკუნოვანი პოლიტიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებზე.

    ითქვა, რომ საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციისა და ისტორიის მქონე ქრისტიანულ ქვეყანას, რომელიც განვითარების მიმართულებით არაერთ წარმატებულ რეფორმას ახორციელებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

    თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მუდმივი  თანადგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. შეხვედრისას, ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ განუხრელად დგას რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების გზაზე.

    აგრეთვე, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის მნიშვნელობას.

    წარმატებულად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული სიკეთეების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი თანამოქალაქეებისათვის გაზიარებას ითვალისწინებს.

    ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი და ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანია.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდა.

    პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

  • გია აბაშიძე: დემოკრატიის პირობებში სამთავრობო ან, არასამთავრობო სექტორის კრიტიკა ტაბუირებული არ არის

    ქვეყანაში არსებულ  წინასაარჩევნო ვითარებაზე,  ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ  მეორე შუალედურ ანგარიშსა და მასში  გამოთქმულ შენიშვნებზე,  ანალიტიკოსი გია აბაშიძე  საუბრობს.

    საიასა და ISFED-ის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციამ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“  უწყებათაშორისი კომისია დატოვა. ქალბატონმა ეკა გიგაურმა ეს იმით ახსნა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს. რამდენად გამართლებულია არასამთავრობოების ამგვარი ბოიკოტი წინასაარჩევნო რეჟიმში და  რატომ დაიძაბა ურთიერთობა  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და ხელისუფლებას შორის.

    მე ამას აღვიქვამ, როგორც პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად აწევის ერთგვარ მცდელობას. იმედს ვიტოვებ, რომ ვცდები. მესმის, რომ რამდენიმე სტაჟიანი და პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაცია გაღიზიანდა ბატონი კობახიძის ხისტი და სხვადასხვაგვარად აღქმული კონკრეტული განცხადებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამთავრობო ან,  არასამთავრობო სექტორის კრიტიკა ტაბუირებულია  დემოკრატიის პირობებში. ბოლო წლებში  ვხედავთ,  რომ კრიტიკა  აქამდე ხელშეუხებელ სფეროს, ეკლესიასაც შეეხო.  საზოგადოება დაინტერესდა, ზოგმა კი მწვავედ გააკრიტიკა ზოგიერთი სასულიერი იერარქის საქმიანობა და მათი პოლიტიკურად ანგაჟირებული გამონათქვამები. ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე რას ამბობს  იუსტიციის მინისტრი წულუკიანი ისეთს, რომ მეტის მოთმენა არ შეიძლება? მინისტრის საჯარო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ,   აქამდე ქალბატონი წულუკიანი ოპონენტებზე ყოველთვის მაამებლურად საუბრობდა და მხოლოდ ბოლო თვეებში გახდა მწვავე? იცით რას მაგონებს ეს ყველაფერი? წინა ხელისუფლება რომ უცხადებდა ბოიკოტს ერთ კონკრეტულ ტელეარხს.  ამჟამინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც  სცადეს მსგავსი, ოღონდ სხვა არხთან მიმართებაში და შემდეგ გააცნობიერეს, რომ ბუტიაობა და შერჩევითი ბოიკოტი აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რბილად რომ ვთქვათ, უაზრო და ღიმილის მომგვრელია. რასაკვირველია, უწყებათაშორისი კომისიის პროტესტის ნიშნად დატოვება ცუდია. ამისათვის მაღალჩინოსანთა საჯარო კრიტიკის მომიზეზება, და შემდეგ ამავე სახელმწიფო ინსტიტუტებზე  კვლევა-ანგარიშების წერა, ჩემთვის პირადად გაუგებარია. მაშინ,  საერთოდ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს,  მათ უწყებებს და ემიგრაციაში წავიდეთ. სერიოზული იქნება?  იმის თქმა მინდა, რომ სამოქალაქო სექტორი საჯარო მოხელეებს უნდა აკონტროლებდეს, აკრიტიკებდეს ყველა არსებული კანონიერი რესურსისა და ფორმატის მეშვეობით. საპასუხო რეაქციებიც ავიტანოთ  სამართლიანი და უსამართლოც. ეს ხომ  მუდმივი ბრძოლის რეჟიმია? ნუ შევუშინდებით მრძოლას დემოკრატიული განვითარებისათვის.  თუ, რასაკვირველია, სხვა მოტივაცია არა არის  დღის წესრიგში.

    გამოქვეყნდა ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში. რა   სახის სერიოზულ დარღვევებზეა საუბარი „სამართლიანი არჩევნების“ მეორე შუალედურ ანგარიშში?

    საინტერესოა, რომ წინა ანგარიშისაგან განსხვავებით, რეკომენდაციების მიმღებ ადრესატთა შორის  არ მოხვდა საარჩევნო ადმინისტრაცია.  თუმცა, ანგარიშში ნახსენებია საუბნო კომისიებში ხელახლა არჩეული ის პირები, რომლებმაც 2016-2017 წლების არჩევნებში დისციპლინური  პასუხისმგებლობა დაეკისრათ.  საინტერესოა, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება-მოხდის შემდეგ, ინდივიდს ეკრძალება საარჩევნო ადმინისტრაციაში მონაწილეობა? ალბათ არა, თორემ რეკომენდაციებს ამ კუთხით ცესკოს მისამართითაც  დაწერდნენ.  შუალედურ ანგარიშში,  ასევე საუბარია კონკრეტულ ხარვეზებზე აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისას, რომლებიც ეხება პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს, საარჩევნო სუბიექტების, რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, გაუგებარია წინასაარჩევნო შუალედურ ანგარიშში სამართალდამცველების მისამართით  რეკომენდაცია, დაუყოვნებლივ და მიუკერძოებლად  გამოძიებაზე იმ სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, რომელიც უკავშირედება პოლიტიკური პარტიების  დაფინანსების  არალეგალური სქემას. ISFED გულისხმობს ოქუაშვილის, „ომეგა ჯგუფის“ შესახებ ჩანაწერებსა და მათ ირგვლივ ატეხილ ვნებათაღელვას. გაუგებარია რატომ წინასაარჩევნო კონტექსტში? გამოძიება დაიწყო თითქმის ერთი თვის წინ, მიმდინარეობს მოწმეთა ინტენსიური გამოკითხვა, პროკურატურა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია, თავად ბატონი ოქუაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერები ამჟამინდელი არაა და რამდენიმე წლის წინანდელია.  იმედს, ვიტოვებ, რომ ჩემი კრიტიკული და სუბიექტური მოსაზრება ამ შუალედური ანგარიშის ზოგიერთი ნაწილზე კრიტიკადვე იქნება აღქმული და არა ორგანიზებული ე.წ. თავდასხმითი კამპანიის ნაწილად. ამასთან, გაცილებით საინტერესო იქნება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შუალედური დასკვნების მიგნებების გაცნობა. 

  • ჩინეთსა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ - ჩინეთის ელჩი ძი იენჩი

    ჩინეთის სახლხო რესპუბლიკის 69-ე წლისთავი აღნიშნეს სასტუმრო „ჰუალინგში“. სადღესასწაულო მიღებას რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ძი იენჩი მასპინძლობდა სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და დიპლომატიური წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

    სიტყვით გამოვიდა სადღესასწაულო მიღებაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ძი იენჩი : "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე.

    69 წლის განმავლობაში, ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობით, ჩინეთის მთავრობამ და ხალხმა გადალახა უამრავი წინააღმდეგობა და შეუპოვარი წინსვლის წყალობით შეძლო ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა ექცია მშვიდობიან, დემოკრატიულ, განვითარებულ, მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოდ, რომელიც წარმატებით მისდევს ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის გზას.

    წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან 40 წელი შესრულდა. ამ 40 წლის მანძილზე, ჩინეთმა კოლოსალური ტრანსფორმაცია განიცადა, კერძოდ, ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებელი 33.5-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს 12 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა; მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში ჩინეთის კონტრიბუცია ყოველწლიურად საშუალოდ 18.4%-ს შეადგენს, რითაც იგი მსოფლიოში პირველ ადგილზეა; საქონლის იმპორტ-ექსპორტი 197.9-ჯერ გაიზარდა, რითაც 29-ედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა; ჩინეთმა მსოფლიოში არსებული სახნავი მიწების 7%-ით მსოფლიო მოსახლეობის 22%-ის გამოკვება მოახერხა; ქვეყნის სარკინიგზო ხაზის სიგრძე 127 000 კილომეტრს შეადგენს, ჩქაროსნული რკინიგზისა კი 25 000 კილომეტრს, ხოლო მომავალ წელს პეკინში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობა დასრულდება. ამავდროულად, ჩინეთი კვანტური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, პილოტირებული კოსმონავტიკის, ნავიგაციის სისტემების, სუპერკომპიუტერების, მობილური გადახდებისა და სხვა ტექნოლოგიების მიმართულებით წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. 

    წელს 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულება სი ძინფინმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა გააჟღერა. ამ 5 წლის მანძილზე, ჩინეთი „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპის დაცვით სხვა ქვეყნებს აქტიურად უზიარებს განვითარების მიღწევებსა და გამოცდილებას. ამჟამად, 100-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია არის ჩართული „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობაში. 80-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ კი ჩინეთთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. ჩინეთსა და ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 5 ტრილიონი აშშ დოლარი, ხოლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა - 70 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთმა მთელ მსოფლიოში 82 სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ზონა ააშენა და რამდენიმე ასეული ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოება კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის“ და სხვა კონცეფციები უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში იქნა შეტანილი. ამ კონცეფციების საშუალებით ჩინეთი საკუთარ სიბრძნესა და ხედვას სთავაზობს მსოფლიოს ხალხებს.

    წელს ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურად განაგრძობს განვითარებას და წლის პირველ ნახევარში მშპ-ს მაჩვენებელი 6.8%, ხოლო საგარეო ვაჭრობა 7.9% გაიზარდა. დღეს მთელი ჩინეთი ერთსულოვნად მუშაობს, რათა 2021 წელს - ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავზე საბოლოოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე და დასრულდეს ზომიერი შეძლების მქონე საზოგადოების ფორმირების პროცესი. ამავდროულად, ჩინეთი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით წარმოჩნდება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ მზად ვართ სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ განვითარების შედეგები და ერთად შევქმნათ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი, თანასწორი, ინკლუზიური და ღია მოდელი.

    ჩინეთსა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. დიპლომატიური ურთიერთობების 26 წლის მანძილზე, ჩინეთი მუდამ პატივს ცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მუდამ იცავს მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპს, აქტიურად ავითარებს საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველო მუდამ ევრაზიის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია. დღეს ჩვენ ქვეყნებს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები აქვთ, სხვადასხვა სფეროსა და დონეზე თანამშრომლობა ნაყოფიერია, უფრო და უფრო მეტი ჩინური კომპანია ერთვება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში ჩვენ ქვეყენბს შორის თანამშრომლობის პროცესში, ჩინეთი უკვე საქართველოს მთავარი ინვესტორი, მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის რიგით მესამე ექსპორტიორია. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 30%-ზე მეტით გაიზარდა. წელს საქართველოში შემოსული ჩინელი ტურისტების რაოდენობა 9-ჯერ გაიზარდა. არც ისე დიდი ხნის წინ, ქ-ნი ვიცე-პრემიერი ჩინეთ-ევრაზიის ექსპოზე დასასწრებად ჩინეთში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობა და ქართული კომპანიები ნოემბერში ასევე ეწვევიან შანხაის პირველ საერთაშორისო იმპორტის ექსპოზე დასასწრებად. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო შედეგებს მოიტანს და ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრობა კიდევ უფრო გაიზრდება!

    მინდა შევსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69-ე წლისთავის, ჩინეთისა და საქართველოს კეთილდღეობის, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი წინსვლისა და თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობის სადღეგრძელო“.

    საზეიმო მიღებას ესწრებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა რომ, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია : „ჩვენ ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებს, ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 27 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამასთან ერთად საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა მისი აღმატებულება პრეზიდენტის, სი ძინფინის ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივას“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მედიასთან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა : „ „ჩვენს ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი ჩინეთში და ჩემთვის დიდი პატივი იყო შევხვედროდი ვიცეპრემიერს, მის აღმატებულებას, ვიზიტისას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო ის განსაკუთრებული სტუმართ-მასპინძლობა, განსაკუთრებული სითბო და განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელსაც მე ვგრძნობდი იქ ყოფნისას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს და მოხარული ვიქნებით, თუ ეს ურთიერთობები კიდევ და კიდევ განვითარდება“.

  • ილიას ჩილოღლუმ სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის /იბსუ/ რექტორმა - ილიას ჩილოღლუმ, დღეს, სტუდენტებთან, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა და მათ იბსუ-ს გარშემო მიმდინარე უახლესი პროცესები გააცნო.

    შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკელი სტუმრები, რომელთაც თავის მხრივ სტუდენტებთან მათი აქტიურობის მნიშვნელობასა და განათლების უფლების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

    შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა. ამ ხნის განმავლობაში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები უწყვეტად მიმდინარეობდა. იმ შემთხვევაში თუკი ავტორიზაციის საბჭო არ გააუქმებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

  • გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება

    გიორგი ქობულია თანხმლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან.

    „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე განვიხილეთ, არის საშუალო და მცირე საწარმოების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ვილაპარაკეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნაზე, რომელშიც ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გვეხმარება და დიდ დახმარებას გაგვიწევს მომავალშიც“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

    „ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მოგვცეს ის შედეგები, რომელიც გვჭირდება - მან უნდა დააფინანსოს ის სფეროები, ის კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურ შედეგს მოგვცემენ ეკონომიკის ზრდაში და ასევე მოგვცემენ  ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციის საშუალებას“- აღნიშნა მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველო...

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიი...

პოპულარული

« ოქტომბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური