10 წელი აგვისტოს ომიდან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 11:54

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ოში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროები.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის სხვა მაღალჩინოსნები. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

წაკითხულია 259 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერი დავოსში China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

    ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

    CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

    შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

    CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ქვეყნებში.

  • მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს

    საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

    მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.

    ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე.

    ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც  საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრეს TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

    შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

  • მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

    მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ბავშვი გადის მკურნალობას და მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    „უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში ექვს პატარა პაციენტს ვმკირნალობთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან და დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახში დაბრუნების შესახებ”, – განაცხადა მამუკა ბახტძაემ.

    კლინიკაში მისვლამდე პრემიერ-მინისტრი ავთანდილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

     

  • ქართველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

    „ელჩების კონფერენციის“ დასკვნითი დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

    სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და პრიორიტეტებზე.

    საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა არსებულ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსთან, ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ანალიტიკური საქმიანობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის წარმართვისას. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

    სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის გზაზე ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას.

    შეხვედრის ფარგლებში  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით არსებული სიახლეები და პრიორიტეტები. ასევე, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად შექმნის მნიშვნელობას.

    შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარმატებული საქმიანობისთვის.

  • "რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები" - პრემიერი-მინისტრი

    პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა. ბახტაძემ, ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი.

    „სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვადევნებ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა იქნა სწორედ ერთობლივი ძალებით დაძლეული. მე ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც პირდაპირ იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი" - აღნიშნა პრემიერმა.

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური