პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 12:02

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა - „მწვანე ეკონომიკა".

პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

წაკითხულია 574 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ფაიგ გულიევთან. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" შსს-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.

    მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე.

     

     

  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

    მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად სახეზეა პოზიტიური დინამიკა, თუმცა დღეში, დაახლოებით 1 500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალი მაჩვენებელია.
     
    „თითქმის უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა და ეს ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურად, მსოფლიოშიც გრძელდება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1 177 შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიებების შედეგად, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში დღეს დაახლოებით დღეში 1 500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და  არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

    პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შემუშავდეს კონკრეტული ღონისძიებები და შეიქმნას შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის გახსნა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს.

    "ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ. შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტა უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა. აქ 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში ეს გახლავთ - ტესტირების სქემის შეცვლა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ.

    მეორე და ასევე მნიშვნელოვანი - მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება, იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა, ვაქცინაცია,"- განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.

    „ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის, უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად. პირველი, ეს არის, მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე - მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. მეორე საკითხი არის ის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე - რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე სამინისტრო წარმოადგენს ამ გეგმას, რომელიც მთავრობის შემდეგ სხდომაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    ამასთან, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარება და დაწყებულია განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც  დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.

    პრემიერის განმარტებით, შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება.

    „ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

    მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ვერტმფრენებით ფრენა გაგრძელდება თუშეთის მიმართულებით. შესაბამისი ნებართვა მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ სხდომაზე მისცა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მივცეთ ნებართვა, გააგრძელოს თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენა. მოგეხსენებათ, რომ ამას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში. ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით თუშეთში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადაადგილების შესაბამისი შესაძლებლობა. ამას, უკვე მერამდენე წელია, მთავრობის დახმარებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და ეს პროგრამა გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაური დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოეხმაურა სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტებს. გიორგი გახარიას შეფასებით, რელიგიური მრავალფეროვნება ქვეყნის სიმდიდრეა და იქ, სადაც იქნება მცდელობა, ხელი შეეწყოს რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად.

    „რელიგიური მრავალფეროვნება ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე; ეს არის ის, როგორ ვაშენებდით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის, კონსტიტუციით მათთვის გარანტირებული უფლებების შესრულებისა. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა, ხელი შეეწყოს ან მოხდეს პროვოცირება რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შესაბამისი მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის წინადადებები წარმოადგინა
    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფაიგ გულიევთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ახლადდანიშნული ელჩის ინიციატივით შედგა და გაცნობით ხასიათს ატარებდა. ამის შესახებ მინისტრის ადმინისტრაცია იტყობინება.
    შეხვედრისას, საქართველოში საქმიანობის შემდგომი გეგმების კონტექსტში, ელჩმა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შესაბამისი მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით წინადადებები წარმოადგინა. თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, მათ შორის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და სტრატეგიის ძირითადი ამოცანები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას.
    შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
     
  • ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    2020 წლის 30 ნოემბერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა აქბარ ყასემი ალიაბადიმ (Akbar Ghasemi Aliabadi)  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა  მას მომავალ საქმიანობაში.

    შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოში ირანის ელჩმა  მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილი მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

     

  • აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ათასობით ქართველმა დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია გამართა

    "საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად, ათასობით ქართველმა დემონსტრანტმა მდუმარე საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ". აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

    სტატიაში წერია, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელსაც ვაშინგტონი ტრადიციულად უჭერს მხარს, მათ შორის, სამხედრო დახმარებით. მასში ასევე ვკითხულობთ, რომ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ათასობით ადამიანმა ქალაქის ცენტრში ცოცხალი ჯაჭვი შექმნა.

    "აქტივისტებს ხელში უჭირავთ საქართველოს ეროვნული დროშა და პლაკატები წარწერებით: აშშ - მადლობა ჩვენი თავისუფლებისთვის! რუსმა ოლიგარქმა არჩევნები გააყალბა! აქტივისტები მმართველი პარტიის ხელმძღვანელზე, ბიძინა ივანიშვილზე, მიუთითებენ, რომელმაც თავისი კარიერა რუსეთში, 1990-იან წლებში შექმნა", - წერია სტატიაში. 

    ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ და ამომრჩევლის ხმების მოპარვაში, დამკვირვებლების მიმართ მუქარაში და ხმების დათვლის დროს დარღვევებში ადანაშაულებს. რვა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ", პარლამენტს უკვე ბოიკოტი გამოუცხადა.

    ოპოზიციის წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. 

    შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური