„ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 11:57

„ძალა პარტნიორობაშია“  - ამ მთავარი გზავნილით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები - აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი, ჯორჯიის შტატის არმიის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი  ჯონ გრონსკი.

სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავენ და საერთაშორისო მრავალეროვნული წვრთნისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილებენ ყურადღებას - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდება. დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება - ბუნკერის გაწმენდაა. ოპერაციის დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის“ ვერტმფრენებით ჩამოქვეითდება. სამხედროების ერთი ნაწილი საცეცხლე მხარდაჭერას განახორციელებს, ხოლო მეორე - სამანევრო ოპერაციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.   

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე  სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც დაესწრებიან.   

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

წაკითხულია 439 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის, საუკეთესო უმცროსი ოფიცრის, საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში დაასახელეს. სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.
    ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

  • GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

    GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები)  იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

    ბოლო პერიოდში GM Pharma-ს  პროდუქციაზე მოთხოვნილების მნიშვნელოვანი მატების გამო, განსაკუთრებით საზღვარგარეთ კომპანიის ზრდის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების ფარმაცევტული წარმოების ევროპის სხვადასხვა კომპანიაში დაწყების აუცილებლობა დადგა.  ამიტომ  GM Pharma-ს და ესპანურ კომპანია Cinfa-ს შორის გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც Cinfa კონტრაქტულ წარმოებაში GM Pharma-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. აღნიშნული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად Cinfa-მ მის საკუთრებაში მყოფ ევროკავშირის  GMP-სერტიფიცირებულ ქარხანაში GM Pharma-სთვის დაიწყო პრეპარატის - მონსერა - წარმოება.

    მონსერა ესპანეთში წარმოებული  პროდუქტია, რომელიც წარმატებით გამოიყენება კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. ცნობილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებები ხასიათდება გართულებების (ინფარქტი, ინსულტი) და სიკვდილობის  მაღალი მაჩვენებლებით, ამიტომ აღნიშნული კატეგორიის პაციენტთა მკურნალობისთვის თანამდროვე და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

    GM Pharma-ს პრეპარატთა ჩამონათვალში არის თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტები, რომლებიც რეკომენდებულია უკანასკნელი წლების  საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.  სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი - მონსერა -  დაემატა  GM Pharma-ს პორტფელს. უახლოეს მომავალში აღნიშნული პრეპარატი GM Pharma-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ დაინერგება საექსპორტო ბაზრებსა და საქართველოში, სულ ექვს ქვეყანაში.  

    სინფა ჯგუფი წარმოადგენს მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის წლიურმა ბრუნვამ 2019 წელს ნახევარი მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს 5 ფარმაცევტული ქარხანა და ჰყავს 2000 თანამშრომელი.

    GM Pharma-ს სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), წარმოების მოცულობის ხუთჯერადი გაზრდა, ყოველ წელს ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის დამატება (ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის ჩათვლით) და 2025 წლამდე ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

  • პირველად საქართველოში, ლიბერთი ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად სრულიად ახალ საბანკო პროდუქტს აანონსებს

    26 მარტი 2020 - ლიბერთის ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირა სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: ავერსი, ნიკორა სუპერმარკეტი, ფარმადეპო და პსპ.
    შედეგად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას, შეძლებენ ნაღდი ფულის გატანასაც.
    ‘ქვეყანაში არსებული დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, სულ მოკლე დროში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ორი მიზნის გარშემო - ერთი, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. და მეორე, გავზარდოთ ბარათით გადახდის მოტივაცია.
    ეს არის ძალიან კარგი მაგალითი წამყვანი, თუნდაც კონკურენტი კომპანიების, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტს ამ იდეის გაზიარებისა და მყისიერი რეაგირებისთვის.’ - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ
    მომსახურების ახალი არხი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც ბანკი საკუთარ მომხმარებლებსა და ფართო საზოგადოებას საინფორმაციო არხების საშუალებით შეატყობინებს.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • „ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება“

    იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.

    „განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და უფრო მეტ სამხედრო ხომალდების ვიზიტებში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი, ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებს და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სტრატეგიული  მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი: შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე რამაზ პაპიძე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური