"2020 წელს საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 28 ივლისი 2018 14:32

2020 წელს, როდესაც ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში მსოფლიოს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

„სამწუხაროდ, საქართველოშიც ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ვირუსული ჰეპატიტი, ზოგადად, არის ისეთი ტიპის დაავადება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს. B ჰეპატიტთან ბრძოლაში ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია წარმატებას, მედიკამენტებიც არსებობდა, რომლებიც ამ დაავადებას ეფექტურად ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა ის დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა, ბევრი საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიცხვში მოხვდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და მასზე ზრუნვა იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. C ჰეპატიტით, სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც კაცობრიობას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ სწორედ ამ ყველაზე მძიმე გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, ისევე, როგორც რეგიონში საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკელ მეგობრებს და კომპანია „გილეადს", რომელთა დახმარების გარეშე ამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა წარმოუდგენელი იქნებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატების ძალიან მაღალ კომერციულ ღირებულებას და აღნიშნა, რომ მოქალაქეს მკურნალობა 80-90 ათასი დოლარი დაუჯდებოდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე მისცემდა თავს იმის უფლებას, ემკურნალა ამ ძალიან ძვირიანი პრეპარატებით. ჩვენ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ეს პრეპარატები ყველასთვის ხელმისაწვდომია. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგია, რომლის მთავარი ამოცანაა, მოხდეს ამ დაავადების სრული ელიმინაცია საქართველოში. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა უკვე გაიარა სკრინინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ C ჰეპატიტთან ბრძოლაში. დაახლოებით 50 000 ადამიანია ჩართული დღეს სამკურნალო პროცესში. სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ერთმანეთის მიმართ გულწრფელები რომ ვიყოთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, ამ დაავადებამ გარკვეული სტიგმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, C ჰეპატიტი არ არის სტიგმა. ჩვენ, მთელი საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და იდეალური იქნება, ასივე პროცენტმა გაიაროს ეს სკრინინგის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს დაავადებას.

2020 წელს, როდესაც ჩვენ ამ სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით. ეს იქნება უნიკალური წარმატება და იმედის მიმცემი სხვა ერებისთვის, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დაავადება, თუ არსებობს სწორი სტრატეგია, საზოგადოების სრული მობილიზაცია, მისი დამარცხება აუცილებლად შესაძლებელი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს, სერვისებით მოსარგებლე პაციენტებს, რომლებიც სახელმწიფოს ეხმარებიან, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს დაავადებასთან ბრძოლის აუცილებლობა და პრიორიტეტულობა, ასევე - განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ქართველ ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას.

„დარწმუნებული ვარ, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ეფექტური მუშაობით, საზოგადოების სრული მობილიზაციით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და 2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტი სრულიად ელიმინირებული იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 3-წლიანი შედეგებისა და მიღწევების პრეზენტაცია შედგა. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, ხოლო განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროექტის საერთაშორისო პარტნიორები დაესწრნენ.

წაკითხულია 413 ჯერ

Related items

  • "საქართველოსა და გერმანიას შორის მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობა უნიკალურია"

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „Rustaveli- DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის“ შესახებ შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით გაიმართა.
     
    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
     
    "ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების სფეროში უნიკალურია. ამ კუთხით ჩვენი მეცნიერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი საგრანტო პროგრამა.
     
    წელს პროგრამით დაფინანსებულ კვლევათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 25 პროექტი. ამ კვლევების მიმართულებები ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე  ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და დღეს ჩვენ ამ პროექტების ნაწილს დავათვალიერებთ.
     
    რამდენიმე დღის წინ ჩვენ ერთად გამოვედით ინიციატივით, შეიქმნას საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი.
     
    ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ კვლევათა შორის არაერთი ისეთი კვლევაა, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება საკოორდინაციო ცენტრის კონცეფციას. თემები, რომლებიც ეხება ქართველოლოგიას, კავკასიოლოგიას, ასირიოლოგიას და აშ.
     
    საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის ამ ფორმატით, ამ საგრანტო პროგრამის წარმატებული მუშაობით, დასტურდება, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში საიმისოდ, რომ სწორედ საქართველოდან გავრცელდეს მთელ მსოფლიოში კომპეტენტური ცოდნა საქართველოსა და რეგიონის შესახებ.
     
    მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება ამ წელს ორბელიანების სასახლეში ტარდება, რადგან ამ სასახლის გაცოცხლება სწორედ, 2 მიზანს ისახავს:
     
    საჭიროა, საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ საკუთარი ისტორია და წარსული. ორბელიანების სასახლეს მიეცეს ფუნქციური დატვირთვა, ისევე როგორც მე-19 საუკუნეში, როცა ამ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის იდეები მზადდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ დღესაც ეს სასახლე მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ინიციატივების კერა გახდეს, რაც ასე ძალიან სჭირდება საქართველოს.
     
    მინდა, ღონისძიების ორგანიზატორებსა და ყველა სტუმარს გადავუხადო მადლობა ორბელიანების სასახლეში მობრძანებისათვის!
     
    და მივულოცო მათ, ვინც მოიპოვა ამ პროგრამის ფარგლებში ეს გრანტები და წარმატებები ვუსურვო!”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
     
    ორბელიანების სასახლეში გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი.
     
    დღესვე სასახლეში მოეწყო 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული კვლევების 25 პროექტების პრეზენტაცია.
     
    სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას, ბიზნესს და მეცნიერებას შორის ურთიერთობის გააქტიურებას, ახალგაზრდა მეცნიერების  საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებას, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით, სამეცნიერო ქსელის შექმნასა და თემატური, ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
     

  • საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი 2019 ჩატარდა

    პირველ დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი - მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდა.

    ინტელექტუალური შეჯიბრი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
    გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
    მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწიებით გახდა მე-11 კლასის მოსწავლე სერაფიმე მეტრეველი, რომელმაც 201 ქულა დააგროვა.

    მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

    მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში. გივი კაველიძემ 3 წუთში 23 ნომრის დასახელება შეძლო. 2-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა, ვაკო მარჩილაშვილმა კი მასტერკლასი ჩაატარა რუბიკის კუბის ბრმად (დამახსოვრებით) აწყობაში.

    აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატი 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული - ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.მეხსიერების ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა.

  • საქართველო და იაპონია განათლების სფეროში მჭიდროდ ითანამშრომლებენ

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, იაპონიის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას (JICA) შეხვდა, სადაც მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განთლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი სწორედ განათლების სისტემას მოხმარდება.

    ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ამასთანავე, ზოგადი განათლების მიმართულებით უზარმაზარი როლი ენიჭება მასწავლებლის პროფესიას, მისი პრესტიჟის ამაღლებას და მათ პროფესიულ განვითარებას, რაც ასევე განათლების რეფორმის პრიორიტეტია.

    შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემის დახვეწის პროცესში ქართული მხარისთვის იაპონელი ექსპერტების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ქართული ენის შესწავლის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს იაპონიაში ქართული ცენტრების დაარსება შესთავაზა. იაპონური ენის სწავლებისათვის კი, განიხილეს ინიციატივა საქართველოში მოხალისე მასწავლებლების ჩამოსვლის თაობაზე.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ (JICA) რომელიც საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია, შეხვედრის დასასრულს მზაობა გამოთქვა აქტიურ თანამშრომლობაზე როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების გაცვლითი პროგრამების მიმართულებებით.

  • საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო კონსულტაციები გაიმართა

    1 ნოემბერს თბილისში საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებს შორის საკონსულო კონსულტაციები პირველად გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ანამურატ ალტიევი.

    შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის. განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, ასევე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში.

    მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურებთან დაკავშირებით.

    განხილული იქნა, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლებისთვის,  საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის თანამშრომელთათვის, ასევე ქართული ბიზნესის წარმომადგენელთათვის თურქმენეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივების საკითხი.

    საკონსულო კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაფორმდა ოქმი. მხარეები შეთანხმდნენ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორ ქვეყანას შორის საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების გამართვაზე. 

  • საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

    როგორც მინისტრებმა აღნიშნეს შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

    მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური