ლევან იზორია: „ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ივლისი 2018 11:00

„ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად ნატოს შტაბ-ბინაში ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება. „სიმბოლურია, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბატონმა პრემიერმა ნატოში განახორციელა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობის მთავარი კურსი იქნება ორიენტირებული სწორედ ნატოში ინტეგრაციაზე, იმ ღირებულებების განმტკიცებაზე, რასაც ნატოს წევრი ქვეყნები იზიარებენ და ეფუძნება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებების განმტკიცებასა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების რეფორმირების საკითხს“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მაღალ შეფასებებს, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაკეთდა. „გაჟღერდა, რომ საქართველოს აქვს დიდი პროგრესი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზაზე, ასევე თავდაცვის უწყების ფარგლებში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმები, რომლითაც საქართველო დღითიდღე უახლოვდება ნატოს სტანდარტებს. ითქვა, რომ ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს, განსაკუთრებით კი, საუბარია იმ პოზიციაზე, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება“, - აღნიშნა მან.

ლევან იზორიას განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორისა და ასპირანტი ქვეყნის თანამონაწილეობის საკითხზე ამ პროცესებში. მისი თქმით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში სხვადასხვა პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობა. „გამოითქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების სურვილი კონკრეტული მიმართულებებით, როგორიცაა კონტრმობილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ინიციატივები. აღინიშნა, რომ რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს წარმოდგენილი საქართველოში და ამის მკაფიო გამოხატულება იქნება მომავალ წელს, მარტში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, სადაც თანამონაწილეობის ხარისხი ნატოს მხრიდან იქნება დიდი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ იქნება კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

წაკითხულია 192 ჯერ

Related items

  • მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

    ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

    ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

    დადებითად შეფასდა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის მზარდი მაჩვენებელი და აღინიშნა, რომ ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50 პროცენტით არის გაზრდილი და აღნიშნული მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

    ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა China International Import Expo-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება ქართული კომპანიებისთვის, თავიანთი პროდუქცია  ჩინელ ინვესტორებს წარუდგინონ.

    შეხვედრაზე განიხილეს ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" და აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით. 

    პრემიერ-მინისტრიის პრეს-სამსახური

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება: „რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო - ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • ბაკურიანში ხუთი კილომეტრის სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება

    ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება, რომელთა საერთო სიგრძე 5 კმ. იქნება. მშენებლობას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ი განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გააფორმა. 

    საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოვიდა. მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, ახალი საბაგიროების მშენებლობასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. 

    „სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რასაც დღეს მოეწერა ხელი, არის პირველი პროექტი იმ პროგრამიდან, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩასატარებლად. გეგმაში გვაქვს შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა - ეს არის ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონი, ყინულის მოედნები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღვადგინოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია და სპორტის  ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ კობა წაქაძის სამშობლოში. ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს“ - განაცხადა ნათია თურნავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

    მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ პროექტები შესრულდეს დროულად, ხარისხიანად და ყველა ერთად გავხდეთ ახალი სპორტული წარმატებების მომსწრენი. 

    „მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ, არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენ ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

    2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIS-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე, განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

    საქართველოსა და ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „Doppelmayr Garaventa Group“-ის საქმიანი ურთიერთობა 1984 წელს დაიწყო და დღემდე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ხოლო მსოფლიოში - 15 000-ზე მეტი მოქმედი ინსტალაცია. კომპანიის წარმომადგენლების აზრით, საქართველო წარმოადგენს სამთო და ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით რეგიონალურ ჰაბს და სწორედ ამიტომ გადაწყდა რეგიონული ოფისის საქართველოში ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად მოემსახურება „დოპელმაიერის“ ყველა ინსტალაციას მარაგი ნაწილებითა და სერვისით.

    ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, „Doppelmayr Garaventa Group“-ის რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე მონაწილეობდნენ.

  • თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
    14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
     
    გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
     
    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
  • მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს

    საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო.

    "ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. ქედს ვიხდი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური