”ჩვენ პოლიციელების ხელფასი გავზარდეთ, სხვა დანაყოფებში ხელფასების ზრდა გაგრძელდება” - გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ივლისი 2018 19:50

გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე

„მოგესალმებით, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ და ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ იმ რეფორმების შესახებ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მეორედ ვართ ამ საპატიო ტრიბუნასთან. რეფორმებს, რომელიც დღეს მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს გახლავთ, ნამდვილად, საჭირო და აუცილებელი პროცესი, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას - ეს გახლავთ, პირველ რიგში კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და საზღვრის დაცვა. აქტუალობიდან გამომდინარე, მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, რა ეტაპზეა დღეს კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმები და კონკრეტული მიმართულებები ამ რეფორმების. მოგეხსენებათ, რომ ძირითადი არსი მდგომარეობს სპეციალიზაციის გაჩენაში საუბნო მიმართულებით, საგამოძიებო მიმართულებით და ოპერატიული სამუშაოს მიმართულებით. უკვე ჩვენმა მოქალაქეებმაც იციან, რომ საუბნო მიმართულებით ჩნდება ახალი პერსონაჟი, ახალი ინსტიტუტი კრიმინალურ პოლიციაში, რომელსაც ერქმევა მართლწესრიგის ოფიცერი.

უკვე განსაზღვრულია მისი უფლებამოსილებები, მოვალეობები, ამ მოვალეობების აღწერა. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ და გამოვაცხადეთ კონკურსი ამ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების შერჩევის. მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მიღებული გვაქვს 1700-ზე მეტი განაცხადი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, იმედი გამოვთქვათ, რომ ეს ახალი ინსტიტუტი იქნება სრულად აღწერილი და წარმოდგენილი იმ შესაბამისი სტანდარტებით, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა, მათ შორის პარლამენტშიც განსჯის საგანი, ეს გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება კრიმინალურ პოლიციაში და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ რომ 15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად მომთხოვნები, შეგვიძლია უფრო მეტად ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, 15–20 წლის განმავლობაში არა თუ რეფორმა ხელშესახები არაფერი არ გაკეთებულა. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება, მოგეხსენებათ რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ამ რეფორმების. რა გაკეთდა უკვე დღეის მდგომარეობით, ამ მიმართულებით, მინდა მოგახსენოთ - უკვე ჩაუტარდა ტესტირება სრულიად კორპუსს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსი მყავს მხედველობაში, ეს გახლავთ 1104 ადამიანი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე. უკვე ჩატარებულია მათი დაკავებულობის ხარისხის შეფასება, მათი საქმეების რაოდენობის შეფასება და ასევე სირთულე ამ საქმეების. შესაბამისად, ყველა ამ მოგროვებულ ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამომძიებელი - ეს 1104 ადამიანი გაივლის შემოდგომიდან - სექტემბრიდან გადამზადების კურსებს, რათა თვალნათლივ შევძლოთ შევაფასოთ როგორც მათი კვალიფიკაცია ასევე მათი პოტენციალი რა დონეზე შეგვიძლია გავზარდოთ ამ ხალხის კვალიფიკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები ძირითადი შინაარსი სამი მიმართულებით იყოფა: სტრუქტურული, შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. ეს ის მიმართულებაა, რომლის შედეგებს წარმოგიდგენთ წლის ბოლოს, განსაკუთრებით კრიმინალური პოლიციის ჭრილში.

კიდევ ერთი მომენტი რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო და რაზეც ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია ეს გახლავთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც გახლავთ სანაპირო დაცვა. სანაპირო დაცვა დღეს, განსაკუთრებით ნატოს ბოლო სამიტის კონტექსტში, იძენს განსაკუთრებულ დატვირთვას. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ ის მიმართულება სადაც ნატოს და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება გახდეს უფრო პრაქტიკული და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სანაპირო დაცვის მიმართულება მაქსიმუმს გააკეთებს, რამეთუ პრაქტიკულ ჭრილში გადავიყვანოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. რამეთუ გავზარდოთ როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი, ასევე გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლების კომპეტენციაც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არ გააჩნია სამხედრო საზღვაო ძალები და ამ მიმართულებით ნატოს პარტნიორად გვევლინება სანაპირო დაცვის სამსახური. ბევრი რამ არის გაკეთებული, ისეთი თანამშრომლობის ხარისხი როგორიც დღეს გვაქვს აქამდე არ ყოფილა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აქ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

მოგეხსენებათ რომ ნატო დღეის მდგომარეობით ახორციელებს ხმელთა შუა ზღვაში - „ზღვის მცველის„ ოპერაციას რომელშიც სანაპირო დაცვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს მონაწილეობის მიღებას. ამისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგმულია. ჩვენი მიზანია ამ აბორდაჟის ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლების ოთხწლიანი გეგმიდან ორი წელზე გადავიდეთ. ფოთის აბორდაჟის ჯგუფმა უკვე მიიღო პირველი სერტიფიცირება და 2019 წლის დასაწყისში იგივეს ველოდებით ბათუმის აბორდაჟის ჯგუფიდან. ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, განსაკუთრებით ინვესტიციების ნაწილში, განსაკუთრებით პერსონალის ამაღლების ნაწილში. ასევე მინდა მოგახსენოთ რომ განსაკუთრებულ როლს ასრულებს ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი როგორიც არის „ჯეიმოკი“ - ინფორმაციის გაცვლის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და რომელიც ახლა აწყობს კომუნიკაციას ნატოს სანაოსნო ცენტრთან, რათა უფრო ეფექტურად გავცვალოთ ინფორმაცია. წელს, წლის ბოლომდე ჩვენ გვეყოლება საქართველოს „აილენდის“ კლასის 2 გემი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო სრულფასოვნად მივიღოთ როგორც ნატოს წვრთნებში ხმელთაშუა ზღვაში მონაწილეობა, ასევე უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჩვენი სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კიდევ ერთი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების და ცვლილებების გახლავთ სამსახურში მიღების წესის ცვლილება. ეს ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქცია. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი - პირველი რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღარ იქნება უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის იქნება სრულად პროფესიული განათლების დაწესებულება. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯი და ვთქვით, რომ სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა იქნება ანაზღაურებადი სტაჟირება და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო კურსების გავლის დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავლილი ტესტირების შედეგად გამორჩეული ან ამორჩეული, მისი სტაჟირების პერიოდი და სწავლის პერიოდი, რომელიც იქნება აკადემიაში, იქნება ანაზღაურებადი. ის პირველი 3 თვის საბაზისო კურსების გავლის პერიოდში მიიღებს მისი საშტატო სარგოს 50%-ს. ხოლო 1 წლიანი, შემდგომ უკვე 9 თვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, მიიღებს სრულ სარგოს და ეს იქნება ის ინსტიტუციონალური პროცესი, რისი საშუალებითაც თითოეული ადამიანი შეძლებს მოხვდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამას ვაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ძალიან კარგად გვესმის, ვერანაირი სოციალური სტატუსის ზრდა, ხელფასის ზრდა, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება ვერ იქნება გარანტი იმის, რომ ადამიანური რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. ამას სჭირდება ინსტიტუციონალური განათლების და პროფესიული ზრდის მექანიზმები, რომელსაც ახლა ჩვენ ვქმნით. რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო კადრები, საუკეთესო ახალგაზრდები მოდიოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მათ იცოდნენ, რომ მათი სოციალური და პროფესიული ზრდის გარანტიები არის შექმნილი სახელმწიფოს და ინსტიტუტის მიერ. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მოვახერხეთ და 13 200 პოლიციელს გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი. და ასევე მინდა ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა სხვა დანაყოფებში.

ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო ინსტიტუტებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უკვე დაცული და დახურული არხები ინფორმაციის გაცვლის ევროპოლთან, რაც გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოგეხსენებათ, რომ ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ეს არის ძალზედ პრინციპული და მნიშვნელოვანი კონტექსტი. ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი. ჩენ ამ ინსტიტუტს ვაძლიერებთ და ვაფართოებთ და მოგეხსენებათ, რომ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში და ის შეკითხვები, რომლებიც ისმებოდა, ჩვენ ბოლო პერიოდში, თითოეულ ამ შეკითხვას კონკრეტულად გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარებისა და ჩვენ, პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ფაქტიურად ეს რისკები მოვხსენით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული მისი თანამშრომელი ყოველთვის იქნება მზად პარლამენტის წინაშე წარმოადგინოს ის გეგმები, ხედვები და გასცეს პასუხი თითოეულ იმ შეკითხვას, რომელიც დაებადებათ დეპუტატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სისტემა იყო კიდევ უფრო ეფექტური და მართლწესრიგის ხარისხი იყოს კიდევ უფრო მაღალი ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეფექტური და პოლიტიკურად თავისუფალი შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ ის ინსტიტუცია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეუქმნის საშუალებას გამოწვევების მაგივრად შესაძლებლობების ქვეყანაში იცხოვრონ. მადლობა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხულია 730 ჯერ

Related items

  • "მიუხედავად მიმდინარე დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიზნესგარემო იყოს სტაბილური და პოზიტიური"

    თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია, როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც  ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა  შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარადგინა და ხაზი გაუსვა, რომ ის იქნება ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

    „ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი და სწრაფი კავშირი, რაც მიხეილ დაუშვილს აუცილებლად ექნება და თითოეული პრობლემა, რომელიც მასთან მივა, რამდენიმე წუთის, ან საათის განმავლობაში მოხვდება ჩემთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

    პრემიერის შეფასებით,  სტაბილური გარემო ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    „მსურს დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა ადგილებში, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური განჭვრეტადი და რაც მთავარია, პოზიტიური. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საარჩევნო წელიწადი, წყნარად, მშვიდად, ინვესტიციების, ახალი სამუშაოს ადგილების შექმნის და კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით, პირველ რიგში, თქვენთვის იყოს პროგნოზირებადი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება ის გარკვეული ბიუროკრატიული გამოწვევები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესის წინაშე იდგა, დავები საბჭოს, ქონების მართვის, თუ სხვა მიმართულებებით.

    „უახლოესი წლების გამავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა.  ამას ექნება ქმედითი, სწრაფი, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, პრინციპებზე დაყრდნობილი მუშაობის ხასიათი. ბიზნესისა და  ეკონომიკისთვის პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო უნდა იყოს ძირითადი ამოცანა. მთავრობა და მე ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თქვენი აღქმები და ის გადაცემის ეფექტი, რომელიც გაქვთ თქვენ, აქ მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ  უნდა ვიყოთ პარტნიორები და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, გვყავდეს უფრო მეტი ძლიერი ქართული კომპანია და ერთად გავზარდოთ ქართული ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ბევრი სამუშაო გვექნება, წარმატებებსაც მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

  • "ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით"

    ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების  პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
     
    მთავრობის მეთაურის თქმით, იწყება მეორე ეტაპი, რომლისთვისაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.
     
    „პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და  წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის ელჩს შეხვდა

    ყაზახური მხარე საქართველოში ტურისტული მიმართულებების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ინტერესს გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრისას აღინიშნა. 

    პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ყაზახურ კომპანიებს ინვესტიციების განხორციელებაში.
    საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ ყაზახეთი საქართველოში ვიზიტორების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნებს შორისაა. 

    შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.

  • გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხილვა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მთავარი თემა.

    აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ასევე განხილული იყო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.

    ხაზი გაესვა დღემდე არსებული სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალ პროგრამასაც კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და იმ პროცესებს, რომელიც ევროპის საბჭოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პრემიერმა გენერალურ მდივანს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მტკიცე მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

  • გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი

    ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმებიან. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენ ალექს მუნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

    მთავრობის მეთაურმა კონგრესმენ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების პროცესში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლეს დონეს ადასტურებს.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს.

    ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში, არაერთი მიმართულებით მიაღწია.

    საუბრისას ასევე განხილული იყო საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური