სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კახეთში ავარიული დაშვება განახორციელა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 12:11

მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.

ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

წაკითხულია 28 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შესახებ

    მიმდინარე წლის 16 ივლისს, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

    გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

    სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ მარნეულში დროებით მცხოვრები ს.ზ. პროსტიტუციით იყო დაკავებული. მან თურქეთის მოქალაქე, ბიზნესმენ ა.ა.-სთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო, რათა შანტაჟის გზით, აღნიშნული პირისგან დიდი ოდენობით ფული მიეღო. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით, ს.ზ.-მ ბიზნესმენისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. პოლიციამ ს.ზ. ფულის გადაცემის მომენტში დააკავა.

    გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და მხვერპლის სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

  • შსს-ს განცხადება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შესახებ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის არსებობის შესახებ შეტყობინებების მიღებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

    2005 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს კანონით განსაზღვრული ნორმა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების პრევენციას. აღნიშნული მუხლი მოიცავს ისეთ დებულებებს, რომელთა დარღვევის აღმოჩენა პრაქტიკული თვალსაზრისით საპატრულო ეკიპაჟების მიერ შეუძლებელია (მაგ: გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, თვითნებურად გადაკეთებული ან შეცვლილი კონსტრუქცია და ა.შ.), რადგან ამ ტიპის გაუმართაობების აღმოჩენა შესაბამისი სპეციალისტების მიერ კვალიფიციურ ცოდნას და აღჭურვილობას საჭიროებს.

    შესაბამისად, აღნიშნული დარღვევები უნდა გამოვლინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შედეგად. სწორედ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება არის ერთ-ერთი ის უმთავრესი წინაპირობა, რამაც ქვეყანაში გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა უნდა უზრუნველყოს.

    საპატრულო პოლიციის მიერ კი დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

    შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ ნორმის ადმინისტრირების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან, მანამდე, არ არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელი მართლზომიერი საფუძველი.

    საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება.

    2019 წლის 1 იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებულია ამ მიმართულებით გაიზარდოს აღსრულების ეფექტიანობა. კერძოდ, სამინისტროში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც არ გაუვლიათ კანონით სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ჭკვიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მიერ იქნას აღმოჩენილი.

     
     

     

  • შსს-ში ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულ საკითხზე შინაგანს აქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა:

    „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

    ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანმიმდევრული მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში:

    გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

    რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც.

    2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

    სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

    დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება. რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.

    მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება.

    რაც შეეხება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.

    გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით:

    � მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;

    � გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;

    � მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;

    � შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

    გატარებული ღონისძიებების შედეგად:

    გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის, გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი;

    დასრულდა მუშაობა ძალადობის განმეორების რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რაც ძალადობის ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას იძლევა;

    გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის შემთხვევათა რაოდენობა;

    შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამჟამად პარლამენტში განიხილება;

    გადაიდგა ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად;

    დაიწყო ოჯახში ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

     

    გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე 2018 წლის 23 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები. 10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროვების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ. გრძელდება გამოძიება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა:

    "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

    პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

    იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

    თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

    გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

    მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

    დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

    გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება"

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამ...

პოპულარული

« ივლისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური