ლევან იზორია: „საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 11:18

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ეს ნატოში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნება. „უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც უპრეცედენტოა სამიტის ფარგლებში, ხაზს გაუსვამს იმ მიღწევებსა და იმ მოდერნიზების უპრეცედენტო დინამიკას, რომელიც განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში გვაქვს. განსხვავებით ნატოს წევრი ბევრი ქვეყნისგან, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მივმართავთ თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20%-ს შეიარაღებაში. ეს პროგრესი და ეს დინამიკა ძალიან პოზიტიურად იქნება აღიარებული“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მისი განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაკეთდება და ახალი კონკრეტული ფორმატები განისაზღვრება.

მან ყურადღება ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რასაც როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. „განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება და ფართოვდება. ამის დასტურია გერმანიის ინიციატივა, რომ იყოს ლიდერი ქვეყანა კონტრმობილურობის მიმართულებით. ამის დასტურია ასევე, გაერთიანებულ ძალთა წვრთნების სარდლობასთან ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების კოორდინაცია და მჭიდრო თანამშომლობა. 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნების ჩატარება იგეგმება. ასე რომ, ყველაფერი ეს იძლევა ყველანაირ პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ წლების განმავლობაში გლობალური თუ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი კონტრიბუციით დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორია. ლევან იზორიას აზრით, დღეს საქართველო მზად არის, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. „ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისაც სხვა ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად გულითა და მთელი მისწრაფებით სურს, რომ ეს პროცესი მივიდეს თავის კონდიციამდე, არამედ იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც არაერთხელ მომისმენია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ახლახან ვიმყოფებოდი ავღანეთში და იგივე მოვისმინე მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურისგან ჯონ ნიკოლსონისგან.

მან გასაოცარი უწოდა იმ წარმატებებს, რომელიც აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის დონით. ნდობის მაღალი ხარისხი, რაც ყველაზე ცხელ წერტილში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა მოიპოვეს არის მათი პროფესიონალიზმის, საქმისადმი თავდადებისა და ერთგულების აღიარება, აღიარება იმის, რომ იდგნენ ყველაზე საპასუხიმგებლო პოზიციებზე. მათი საქმიანობა საქართველოს ინტერესებისა და გლობალურ კონტექსტში თავისუფლების, ღირსეული არსებობის დაცვას, საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას უკავშირდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

წაკითხულია 58 ჯერ

Related items

  • ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე

    2018 წლის 5 სექტემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელზეც განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემატიკა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. 

    ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა. ქართულმა დელეგაციამ ალიანსს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის გამალებული შეიარაღების, სამხედრო წვრთნებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. კომისიის სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე ერთგულება. წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხრიდან გამოიხატა ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.

    მხარეებმა შეხვედრაზე, აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოსთან მიმართებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

  • თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას დაესწრო

    „ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“,  - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მან ამერიკელ გენერლებთან ერთად გადასროლისწინა სწავლებების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები განიხილა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების  ითვალისწინებს.   

    თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო. საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას  ლევან იზორიას წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლების ხელმძღვანელობისგან ქართველი სამხედროების დონე დადებითად შეფასდა.  

    22-ე ბატალიონი გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთთვიან გადასროლისწინა მომზადებას გადის, საბოლოო შეფასების შემდეგ კი ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიასა და უკრაინაში

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ჰოჰენფელსში, გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRS) საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელ სწავლებას დაესწრება და ქართული კონტინგენტის მომზადების შესახებ ბრიფინგს პირადად მოისმენს. თავდაცვის მინისტრს გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაური ევროპასა და აფრიკის მიმართულებაზე, გენერალ-მაიორი რასელ სანბორნი და აშშ-ის მე-7 სასწავლო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი კრისტოფერ ლანევე უმასპინძლებენ.

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველო თავდაცვის მინისტრი კიევში გაემგზავრება, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრება.  კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დაგეგმილ აღლუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მედროშეთა კოლოფიც მიიღებს მონაწილეობას. 

  • 10 წელი აგვისტოს ომიდან

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. ოში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროები.

    მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის სხვა მაღალჩინოსნები. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეკრებილ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ.

  • „ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო

    „ძალა პარტნიორობაშია“  - ამ მთავარი გზავნილით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები - აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი, ჯორჯიის შტატის არმიის ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენდელ სიმონსი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი  ჯონ გრონსკი.

    სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავენ და საერთაშორისო მრავალეროვნული წვრთნისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილებენ ყურადღებას - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაური, გენერალი ჯოზეფ ლინგელი.

    „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდება. დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება - ბუნკერის გაწმენდაა. ოპერაციის დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის“ ვერტმფრენებით ჩამოქვეითდება. სამხედროების ერთი ნაწილი საცეცხლე მხარდაჭერას განახორციელებს, ხოლო მეორე - სამანევრო ოპერაციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.   

    გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე  სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც დაესწრებიან.   

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

    „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური