შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 14:15

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება"

წაკითხულია 104 ჯერ

Related items

  • შსს-მ ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ბათუმში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    მ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

    გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • შსს-ს მომზადებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას დღეს წარედგინა.

     ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ:
     
    • იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
    • ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
    • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული;
    • მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
    • მარიხუანას მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
    • იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
    • სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.
     
    კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
     
    რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების სულისკვეთებას. ასევე, გათვალისწინებულ იქნა საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების (კანადა, ისრაელი, ჩეხეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) პრაქტიკა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის დასაშვებია. შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემასა და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ. ასევე, მკაცრი ფინანსური სანქციები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის. გარდა ამისა, მოყვანა-წარმოების პროცესში კონკურენციის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ლიცენზიის სხვადასხვა სახეებს, რაც გამორიცხავს მთლიანი საწარმოო ჯაჭვის რომელიმე კომპანიის მიერ მონოპოლიზაციას. მკაცრად იქნება განსაზღვრული პოტენციური ლიცენზიანტი იურიდიული პირის მიერ დასაკმაყოფილებელი უსაფრთხოების და სხვა პირობები. აღსანიშნავია, რომ კანაფის სამედიცინო მიზნით მოყვანა-წარმოების რეგულირება ექსპორტზე გასატანად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეგულაციებს, კერძოდ, გაეროს კონვენციას.
     
    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის პოლიტიკასთან, რაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან მკაცრ ბრძოლას გულისხმობს.
  • შსს წლის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 1200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეიდან ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები აამოქმედა. აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.

    აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. ამას გარდა, საქართველოს მასშტაბით, კიდევ 33 ლოკაციაზეა მოწყობილი სიჩქარის მზომი სექციები და სხვადასხვა რეგიონში სულ გადაფარულია 182 კმ საავტომობილო გზა.

    აგვისტოს თვეში ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე, ასევე, ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით კონტროლდება სიჩქარის გადაჭარბების და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.

    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე კი დამონტაჟებულია და ეფექტიანად ფუნქციონირებს 14 სექცია და 14 ვიდეოკამერა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

    აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

    ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

    იხილეთ: http://info.police.ge/uploads/5b7bd0fd97ef4.pdf

  • შსს-ს თანამშრომლებმა დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან - 1960 წელს დაბადებულ ლ.შ.-სთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.

    დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას გულისხმობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური