თავდაცვის სამინისტროში ისრაელის დელეგაციას უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 13:09

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციის წევრებს, ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსის, ბრიგადის გენერალ ერან შანის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა უმასპინძლეს.

ვიზიტის მიზანს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვა, კონკრეტულად რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის მიმართულებით ისრაელის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეროვნულ გვარდიაში ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეზერვისა და მობილიზაციის სისტემას გააცნობენ, რომელიც საპილოტე რეჟიმში აგვისტოდან ამოქმედდება.

ისრაელის დელეგაციის წევრები გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდებიან და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ესტუმრებიან.

წაკითხულია 232 ჯერ

Related items

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.  თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.  

    ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

    ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. 

    რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და  მათ  აქტიური რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

    საბუთები მიიღება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

  • საქართველოში ისრაელის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

    ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 31 მაისს სასტუმრო „ბილტმორში" მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.

    “ებრაელ და ქართველ ერებს 26–საუკუნოვანი მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც დღესდღეობით ორი სუვერენული სახელმწიფოს შესანიშნავ, უკვე ოცწლიან ურთიერთობაშია გადაზრდილი, – განაცხადა ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა იცხაკ გერბერგმა, – ამ მეგობრობის მიზეზი ორ ქვეყანას შორის არსებული მსგავსებაა. მძიმე ისტორიის  მიუხედავად, საქართველომ და ისრაელმა ფენიქსის მსგავსად მოახერხეს ფერფლიდან აღდგომა და დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ.  რაც შეეხება ისრაელს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ისტორია ბიბლიიდან იღებს სათავეს და, სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის ტრაგედიაც ახსოვს. ისრაელს დღემდე უწევს ყოველდღიურ საფრთხეებთან გამკლავება და ამავდროულად, თანამედროვე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოდ რჩება.

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საზეიმო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობას გაუსვა ხაზი. „მინდა, რომ დავლოცო დღევანდელ დღეს ისრაელის ყველა მეგობარი, ისრაელის მაცხოვრებლები. ისრაელის დამოუკიდებლობა არის საქართველოს დამოუკიდებლობა, ისრაელის თავისუფლება არის საქართველოს თავისუფლება. თქვეს რეგიონში მშვიდობა და ჩვენს რეგიონში მშვიდობა არის მსოფლიოს მშვიდობა, ამიტომ მინდა, დაგლოცოთ ყველანი, ღმერთი გფარავდეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    საზეიმო მიღებაზე ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზებზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღებამდე გაიარა.საზეიმო გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.

    ებრაელი ხალხისთვის ქართველი მომღერლების კონცერტიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა : ნინო ჩხეიძემ, მერაბ სეფაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, თემურ წიკლაურმა, ლელა წურწუმიამ, მორის ჯანაშვილმა და თემურ ყვითელაშვილმა მიიღეს. 

     

  • საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს

    სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“  ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის  ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა მიმართეს.

    სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა. „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ,  ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.  

    სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

    სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის  (ODC) წარმომადგენლები და  სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.

    მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

  • საქართველოს თავდაცვის ძალები 28 წლის გახდა

    დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. 

    ღონისძიების ოფიციალური ნაწილი IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის ქვედანაყოფი იყო წარმოდგენილი. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. 

    დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას  გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ; გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდებები მიენიჭათ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადილგეებს - ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძეს. ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდებებები მიიღეს გენერალური შტაბის  J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, აღმოსავლეთ სარდალმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა,  პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ. ასევე, თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თავდაცვის პოლკოვნიკ აბესალომ მანჯავიძეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მათ სამხედრო წოდების სამხრეები გადასცეს. 

    საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კი, დაჯილდოვდნენ მედლებით - ,,გენერალი კვინიტაძე“,  ,,სამშობლოსათვის თავდადებული” და ,,გიორგი ანწუხელიძე”. 

    ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრებს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ. 

    თავდაცვის ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები, ასევე, გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

    დღესვე თავდაცვის ძალების დღე დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებშიც - II და  III ქვეით ბრიგადებში სენაკსა და ქუთაისში ღია კარის დღით აღინიშნა.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური